საზოგადოება

ჩემი საახალწლო სურვილი პანდემიის დასრულებაა — ექიმის ისტორია კოვიდგანყოფილებიდან

31 დეკემბერი, 2021 • 1751
ჩემი საახალწლო სურვილი პანდემიის დასრულებაა — ექიმის ისტორია კოვიდგანყოფილებიდან

სამედიცინო მუშაკთა დიდი ნაწილის მსგავსად, პანდემიის კრიზისმა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმის, მარიკა ტუღუშის ყოველდღიურობაც შეცვალა. 

„არ მახსოვს, უძილოც რომ ვყოფილიყავი, ერთი ზარი გამომეტოვებინოს“ — ამბობს იმ ადამიანებზე საუბრისას, რომლებიც კრიზისის დასაწყისში, როცა ვირუსზე გაცილებით ნაკლები ვიცოდით, დახმარებას სთხოვდნენ. 

ექიმი ინფექციონისტი, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს კოვიდ განყოფილებაში საქმინობს,”ნეტგაზეთს” პანდემიასთან დამქანცველ ბრძოლასა და ამ კუთხით მეტად რთულ 2021-ზე ესაუბრა.

ასევე მიმართა ადამიანებს, რომლებიც, მძიმე მოცემულობის მიუხედავად, ვაქცინაციაზე უარს ამბობენ და თან სხვების დარწმუნებასაც ცდილობენ, რომ კოვიდი მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს. 

უხილავ მტერთან ბრძოლაში

ინფექციურ საავადმყოფოში 1993 წლიდან ვსაქმიანობ. ინფექციონისტი ვარ, მაგრამ ჩემი ძირითადი საქმიანობა მაინც ჰეპატოლოგობა იყო. ეს საქმე არ შემიწყვეტია და ახლაც ვაგრძელებ ც ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, თუმცა როცა პანდემიამ დაგვარტყა, აბსოლუტურად სხვა განზომილებაში, სხვა სფეროში აღმოვჩნდი.

პანდემიის პირველივე დღიდან თითქოს ყველაფერი შეიცვალა ირგვლივ. ყველაფერი გადაფასდა. მნიშვნელობა დაკარგა ყველანაირმა მატერიალურმა. შიში არ იყო, ნამდვილად არა. სიმშვიდეს კლინიკაში უფრო ვგრძნობდი, ვიდრე სახლში.

პირველები ვეკვეთეთ ამ უხილავ მტერს. თავიდანვე ისეთი შემართებით დავიწყეთ ეს საქმიანობა, რომ მთელი კოლექტივი შევიკარით ერთ მუშტად. მაშინვე გვქონდა ის შეგრძნება, რომ ჩვენ ვართ ჯარისკაცები ფრონტის წინა ხაზზე. არსად ვჩანვართ და არც გვინდა გამოჩენა.

მაგრამ, იცით, რაშია საქმე? ერთმა ჩემმა მეგობარმა დამიწერა და მართლაც ასეა: ყველა ჯარისკაცს ზურგს უმაგრებს იმაზე ფიქრი, რომ მასზე სახლში დარჩენილები ლოცულობენ. ამას ყველგან ვგრძნობდით. პირველივე დღეებში ვგრძნობდი თანადგომას, სიყვარულს, გამხნევებას ახლობლებისგან, მეგობრებისგან, აბსოლუტურად უცნობებისგან…

სუპერმარკეტია ჩემი სახლის ქვემოთ, რომელშიც ყოველდღე შევდივარ. როცა სახლში ვბრუნდებოდი ლამის 24-საათიანი მუშაობის შემდეგ, საღამოობით, დაღლილ-დაქანცული, ვერ წარმოიდგინეთ, როგორ მხვდებოდნენ ამ მარკეტის თანამშრომლები. როგორი თანაგრძნობითა და სიყვარულით, როგორ მიღებდნენ, როგორ მედგნენ გვერდში…

თუნდაც ის ერთი ფორთოხალი, რომელიც სუპერმარკეტის გამყიდველმა მომაწოდა და მითხრა, ეს ჩემგან იყოსო, ეს იყო თითქმის ყველაფრის წონა. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გაიღეს.

არ დამავიწყდება ჩემი ახლობლების, მეგობრების, ნაცნობების განუწყვეტელი ზარები, თანადგომა, მოკითხვა… და ეს არამარტო საქართველოდან. ისინი არიან მიმოფანტულნი. საზღვარგარეთიდან, ევროპიდან, ამერიკიდან იყო ზარები: “მარიკა, შენთან ვართ”.

“თურმე, საჭირო ვარ”

ხომ შეიცვალა ყველაფერი: ურთიერთობებს ვეღარ ვახერხებდი ჩემს ახლობლებთან და ნათესავებთან, განსაკუთრებით მოხუცებს ვერიდებოდი. მენატრებოდნენ, სულ ყველა მენატრებოდა, მაგრამ მაშინ უფრო აღმოვაჩინე, რომ თურმე ძალიან ბევრს ვჭირდები. ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა ადამიანებს სჭირდები და შენ მათ გვერდით ხარ.

არ დამავიწყდება, განსაკუთრებით, პირველი ხანები, როცა ნაცნობი, მეგობარი, მეგობრის ნაცნობი, ნაცნობის ნაცნობი, აბსოლუტურად უცნობიც კი, მირეკავდნენ, დახმარებას მთხოვდნენ, რჩევებს მეკითხებოდნენ…

არ მახსოვს, უძილოც რომ ვყოფილიყავი, ერთი ზარი გამომეტოვებინოს, ვინმესთვის უარი მეთქვას კომუნიკაციაზე. დაღლილი, დაქანცული ვბრუნდებოდი საავადმყოფოდან, მაგრამ არავინ უპასუხოდ არ დამიტოვებია. ძალიან ბედნიერი ვარ ამითაც, რომ მაშველ რგოლად გამოვადექი ჩემს ახლობლებს, მეგობრებს.

ამ ყველაფერმა სხვანაირი აზრი შესძინა ჩემს ცხოვრებას. თურმე, საჭირო ვარ. თურმე, ყველაზე დიდი საქმე, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია, ეს ყოფილა ჩემთვის.

არ დამავიწყდება პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელებული გავუშვი საავადმყოფოდან. შემდეგ უკვე ათეულობით და ასეულობით იყო. მათ ვეღარ მოვთვლი, ვეღარც გავიხსენებ, მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერება და საჩუქარი არის გამოჯანმრთელებული ადამიანის თვალები.

მატერიალური მხარე რომ იყოს მთავარი, ალბათ ვერც გავჩერდებოდით ამდენ ხანს ამ დაძაბულ რეჟიმში, საშინელ, სტრესულ სიტუაციაში, რომელიც დღემდე მოგვყვება.

“თქვენი სურათი ინტერნეტში ვნახე და რა კარგი ყოფილხართო”

არ დაიჯეროთ, რომ ამასთან შეგუება შეიძლება. არ დაიჯეროთ და არავინ იფიქროს, რომ ჩვენ ისევე არ განვიცდით პაციენტის მდგომარეობას, როგორც თვითონ მისი ახლობლები.

როცა უმძიმესი პაციენტი გამოდის მდგომარეობიდან, ესეც დიდი სტიმულია ჩვენთვის. ასევე მაძლევს სტიმულს სიტყვები “ძალიან დიდი მადლობა, რა კარგი ხართ, რა მადლიერი ვარ…”

რომ შევდივართ პალატებში სკაფანდრებში ჩაცმულნი, რომლებშიც საერთოდ არ ვჩანვართ, ვინ ვართ, რა ვართ, როგორები ვართ… პაციენტები მეუბნებიან, ისე მაინტერესებს, როგორი ხართ, თქვენი სურათი ინტერნეტში ვნახე და რა კარგი ყოფილხართო.

მარიკა ტუღუში უნიფორმით და მის გარეშე 

ფაქტობრივად, ლანდებივით დავდივართ, რობოტებს უფრო ვგავართ. ესეც ერთგვარ ბარიერს ქმნის პაციენტსა და ექიმს შორის ურთიერთობაში. მაგრამ ჩვენთან უფრო სხვანაირი მდგომარეობაა: ყოველი პაციენტი განუმეორებელი და ერთადერთია ჩვენთვის, მისთვის ბოლომდე ვიხარჯებით. ეს დაუწერელი კანონია.

ერთმა ჩემმა ფეისბუკ მეგობარმა აღნიშნა, ამ პანდემიის დასრულების შემდეგ, თქვენ, ექიმებს, კარგი ფსიქოლოგების დახმარება დაგჭირდებათო. ნამდვილად ასეა, თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ვგრძნობთ. ალბათ ეს დაძაბულობა რომ გაივლის, დავუბრუნდებით ცხოვრების იმ ჩვეულ რიტმს და მართლაც, კარგი რეაბილიტაცია ჩვენც დაგვჭირდება.

რა მაწუხებდა/მახარებდა 2021-ში

მე ვერ ვიტყვი, რომ 2021-ს დიდი იმედის თვალით ვუყურებდი, რადგან უფრო რეალურად ვხედავდი [არსებულ] საფრთხეს. დასაწყისში, 2020-ში, ჩვენ ფაქტობრივად პანდემიაც არ გვქონია. არ იყო ის რაოდენობა, რაც შემდგომ, 2021-ში დაიწყო.

პირველი ტალღის დროს რაღაც შეუცნობელს შევეჯახეთ და ამიტომ იყო მეტი შიში. შემდგომ ამ დაავადების მართვა ვისწავლეთ და უფრო მეტად გავერკვიეთ, მაგრამ 2021-მა და თუნდაც 2020-ის ბოლო თვეებმა მოგვიტანა რაღაც საშინელი ზრდა დაავადებულებისა, მოიცვა მთელი ქვეყანა.

ძალიან დამღლელი და ძალიან მძიმე იყო ზაფხულის პერიოდი, ემოციურადაც და ფიზიკურადაც. დელტა შტამის გავრცელების შემდეგ პაციენტების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. მახსოვს, აქედან რომ მივდიოდი საღამოობით სახლში, მეტირებოდა. მეტირებოდა ემოციებისგან, უმწეობის შეგრძნებისგან.

გასახარებელი, რა ვიცი… რა თქმა უნდა, გასახარებელი ის იყო ჩემთვის პირადად, რომ ავიცერი თავიდანვე. მერე, მართალია, შემხვდა ვირუსი, მაგრამ იმდენად მსუბუქად, რომ ვერც ვიგრძენი. არც შიში მქონია და არც ფიზიკურად ვყოფილვარ ცუდად.

ერთადერთი, რაც ამ პანდემიას დაამარცხებს, არის სწორი ვაქცინაცია, დისტანცია და ზუსტად ის პირბადე, რომელიც, დღეს რომ ვხედავ, დაიგნორებულია. რატომ, არ ვიცი.

ძალიან აგრესიულები არიან ადამიანები, როცა პირბადის ტარებას მოვუწოდებ. პირადად გამომიცდია საშინელი აგრესია, როცა მითქვამს, რომ „იქნებ, გაიკეთოთ პირბადე“. მგონი, ერთადერთი გამოსავალი კანონის გამკაცრებაა. მეტი არაფერი გვიშველის.

„კაცს არც ახსოვდა, რას აკეთებდა“

ვირუსი პაციენტის მენტალურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. აგრესიაც ყოფილა ზოგიერთი მათგანისგან. მიუხედავად იმისა, რომ არაფერი აკლდათ, არანაირი ყურადღება, ზოგჯერ იყო აგრესია, რადგან მენტალური სფერო ღიზიანდება ამ დროს.

ერთი პაციენტი გვყავდა, ეს როგორ დამავიწყდება. ძალიან კარგი, მოხუცი კაცი.  უმძიმესი პაციენტი იყო, ყველანაირი გართულება ჰქონდა, თუმცა ვერ გადაგვყავდა რეანიმაციაში, რადგან ადგილიც არ იყო. ფაქტობრივად, ინტენსიური ღონისძიებები ჩვენთან ჩაუტარდა.

ყველანაირად ზრდილობიანი და ნორმალური ადამიანი. მაგრამ მახსოვს, პალატაში რომ შევედი, ჯოხი მომიღერა. თითქოს გამომაგდო ამ ფორმით, არც უთქვამს რამე.

შვილს ვკითხე ამაზე. ძალიან ზრდილობიანი, წყნარი და მშვიდი კაციაო, მითხრა. ყველაფერი გააკეთა, რომ იმ საშინელი მდგომარეობიდან მამა გამოგვეყვანა.

მერე, შესაბამისი მკურნალობის შემდგომ, მივხვდით, რომ ეს ყველაფერი გამოიწვია კორონამ. კაცს არც ახსოვდა, რას აკეთებდა.

და ეს როგორი გადასატანია ჩვენთვის? ექიმისთვის, ექთნისთვის, რომელსაც პაციენტი თავისთან არ უშვებს?  ეს აგრესიაც ხომ ემოციურად მოქმედებს ადამიანზე?

იმიტომ მახსოვს ეს ზაფხული კოშმარივით. ალბათ სიცხემ, ყველაფერმა ერთად, უფრო გაამძაფრა ეს ფონი. მართლაც კოშმარივით მახსოვს ეს პერიოდი: ივლისი-აგვისტო.

მაშინ მოხდა ისე, რომ ჩემგან წასული რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ჩემთან არა, რეანიმაციაში გარდაიცვალა, თუმცა მკურნალობა ჩემგან იყო დაწყებული. ამ შემთხვევაშიც საშინელი იყო ემოციური ფონი. კოშმარი იყო ჩემთვის ის ღამეები. სახლში მივდიოდი და ვტიროდი. ვეღარ ვუძლებდი ამხელა დაძაბულობას.

ღმერთმა ნუ ქნას, ის ყველაფერი განმეორდეს.

როცა პაციენტი ემოციურად დამოკიდებული ხდება ექიმზე

ვერც კი ვაკონკრეტებ, იმდენად ბევრნი არიან ასეთი პაციენტები. განსაკუთრებით — მოხუცები. გუშინ გავწერეთ დედა-შვილი. დედა ასაკოვანი იყო. მადლობა, გადამარჩინეთ, თქვენ რომ არ ყოფილიყავით, კლინიკაში რომ არ მოვხვედრილიყავით, რა მოხდებოდაო, [გვეუბნებოდა].

სახლში გაწერილი პაციენტიც რომ გირეკავს, მაინც შენი იმედი აქვს, შენთან უნდა ურთიერთობა… აღარ გვეკუთვნის ჩვენ [ეს ნაწილი], მაგრამ ვის მოვუსპობ ამ გზას, რომ ისევ მე მეკონტაქტოს, როცა ჩემი რწმენა აქვს და ჩემთან უნდა ისევ [კონსულტაციების] გავლა?

არიან ისეთებიც — უფრო მსუბუქი პაციენტები — რომლებიც მადლობას იხდიან და მიდიან. ყველა რომ ასე იყოს დამოკიდებული, ვეღარ გავწვდებით.

საერთოდ, ექიმის პროფესიონალიზმი იმაშია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ემოცია ჩართო ამ ყველაფერში, თუმცა ვერ ახერხებ. სულ გეფიქრება, ნეტავ რა მოუვა [პაციენტს], როგორ იქნება… ანალიზის პასუხები რომ მოდის, შიშით ვხსნი, რომ რაიმე არ იყოს ცუდისკენ შეცვლილი, რაღაც არ მოხდეს.

ეს დაძაბულობა დღემდე მაქვს, ვერ გამოვედი აქედან. ვერ ვახერხებ, რომ მოვიხსნა სტრესი.

ვაქცინაციის ნელი ტემპი: გაცრუებული იმედები

ჩვენთან ვაქცინაცია, ასე ვთქვათ, უბედოდ შემოვიდა. ჯერ, ცოტა არ იყოს, დაიგვიანა, შემოსვლის შემდეგ კი შევეჯახეთ ცუდ შემთხვევას, მედდის გარდაცვალების ფაქტს.

იქ რაც მოხდა, მხოლოდ ვაქცინის ბრალი არ არის, ეს დეტალიც დასაზუსტებელია. მე იმან დამაიმედა, რომ ზუსტად იმ დღეს მობრძანდა ჩვენთან ქალბატონი პრეზიდენტი და აიცრა.

იმედი მომეცა, თუმცა იმდენად ნელა წავიდა პირველივე დღიდანვე ტემპი, მაშინ მივხვდი, რომ ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ ამ ყველაფრის მიზეზები.

მერე დამაიმედა ზაფხულმა, როცა ფაიზერის პირველი დოზები შემოვიდა და რეგისტრაციაზე იყო საშინელი ამბავი. ეს ძალიან მიხაროდა. დავარეგისტრირე ნაცნობები, უცნობები, ახლობლები… ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით.

მაგრამ მერე იმდენად დავარდა ტემპი და იმდენად წამოვიდა ეს ანტივაქსერული განწყობა, რომ იმედი გამიცრუვდა, მართალი გითხრათ. დღეში 20 000-მდე ადამიანი იცრებოდა, ვუყურებდი რიცხვებს, მიხაროდა… მერე კი — გაჩერდა. მე ჩემი მხრივ ცდას არ ვაკლებ.

მარიმა ტუღუში სამუშაო უნიფორმით 

თვითონ სახელმწიფოს მხრიდანაც იყო არასწორი ნაბიჯები ვაქცინაციის პროცესში. მაგალითად, 8 ლარის დამატება ოჯახის ექიმებისთვის, რათა ვაქცინაციას გაუწიონ აგიტაცია, დამამცირებელია და თან უნდობლობას თესავს.

რა თქმა უნდა, მეტი იყო სამუშაო ინფორმაციულობის დონის ასამაღლებლად. ტელევიზიით, თუნდაც ინტერნეტით, უფრო მეტი სამუშაო იყო. არამარტო ეს, არამედ რეგიონებში გასვლა, არაქართულენოვან მოსახლეობასთან საუბარი… ყველაფერ ამას სხვანაირად უნდოდა [მუშაობა].

მედიაც სხვანაირად უნდა მიუდგეს, სხვა გადაცემები უნდა გაკეთდეს, თუ უნდათ, რომ ქვეყანა გვქონდეს.

ამასთან, ეკლესიის როლიც უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს ამ ამბავში. სწორად უნდა დააყენონ საკითხი, არა მსოფლიო შეთქმულებისა და ანტივაქსერობის კუთხით.

ჩვენს საზოგადოებას რომ ვუყურებ, ძალიან სჯერათ სასულიერო პირების. მე ვიცი, რომ იქ ძალიან ნორმალური, საღად მოაზროვნე მღვდლები არიან. ისინი უნდა გაძლიერდნენ და უფრო მეტად ჩაერთონ ამ მიმართულებით. და რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ნება, მისი პროგრამა. როგორ შეიძლება, 30%-მდე გვყავდეს აცრილი ქვეყანაში? ეს მართლა დაღუპვაა.

“ახლა თუ შეიძლება აცრა, ამ წუთშიო”

პირდაპირ ვეკითხები ხოლმე [კოვიდ-პაციენტებს], ხართ აცრილი? როცა მპასუხობენ, რომ არა, ვეკითხები, რატომ? ათას მიზეზზე საუბრობენ: ვერ მოვასწარი, ადგილამდე ვერ მივედი, შვილმა არ წამიყვანა… მერე გავიგე, რომ თურმე ასე კი არ არის, მას არ უნდოდა [წასვლა]. ის კი არა, როცა იწვა პაციენტი და უკვე მკურნალობდა, [მეკითხებოდა], ახლა თუ შეიძლება აცრა, ამ წუთშიო?

დაღუპულების ყველაზე დიდი პროცენტი არის აუცრელი. შეიძლება, აცრილიც იყოს, თუმცა ძალიან მცირე. ამბობენ, აცრილსაც რომ დაემართა, აცრილიც ხომ გარდაიცვალა? ათასიდან თუ ერთი აცრილი გარდაიცვალა, დანარჩენი ხომ აუცრელი იყო? ამას რატომ არ ფიქრობენ?

ჩვენი უფრო მეტი მეცნიერი უნდა გამოვიდეს, უფრო მეტჯერ, უფრო ხშირად, ტელევიზიით, ფეისბუკით, უფრო მეტი ინფორმაციაა საჭირო. მაგრამ მთელი უბედურება იცით რაშია? ძალიან ბევრი ექიმი ვიცი, ვინც სცოდავს ამ საქმეში.

ერთხელ მახსოვს პოსტი დავდე, ანტივაქსერ ექიმებს მივმართე. კაბინეტებში რომ სხედხართ და რაღაც დირექტივებს იძლევით, მობრძანდით და ჩაგვენაცვლეთ კოვიდ ექიმებს-მეთქი.

ჩვენც დავიღალეთ. კოვიდ ექიმებად ხომ არ დავბადებულვართ? ეს ხომ არ იყო ჩვენი პროფესია? ჩაგვენაცვლეთ, მოვახდინოთ ცოტა ხნით როტაცია და ვინც შემოვა განყოფილებაში და შეეჩეხება პაციენტს, ის უკვე სხვანაირად ილაპარაკებს.

ომში ვართ. ომია, რომელშიც უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ და არა — კოვიდმა.

რას ვეტყვი ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ აცრაზე

ერთხელ ტაქსიმ მომიყვანა საავადმყოფომდე, ჩემს განყოფილებამდე. გზაში მეუბნება, მე არ მჯერა კორონას არსებობისო. ვუთხარი, წამობრძანდით და შეგიყვანთ განყოფილებაში, სადაც არ შეიძლება შესვლა, მაგრამ ჩაგაცმევთ და შეგიყვანთ-მეთქი.

ძალიან ცუდი საუბარი წავიდა შემდგომ ჩვენს შორის. მე, ექიმს, რომელსაც ბევრი უმძიმესი ავადმყოფი ამ წუთშიც მიწევს კორონით, მეუბნები, რომ არ მჯერა, რომ არსებობს და იგონებთო.

ვისაც არ სჯერა კოვიდის გართულებების, დავპატიჟებ განყოფილებაში. შემობრძანდნენ, ნახონ ჟანგბადზე დამოკიდებული პაციენტების თვალები, რომელთაც სუნთქვა უჭირთ და ჟანგბადის კონცენტრატის გარეშე ვერ სუნთქავენ.

ნახონ ისინი და მერე ვისაუბროთ ვაქცინის ე.წ. გვერდით მოვლენებზე. კი, რაღაც გართულებები ჰქონია ვაქცინასაც, მაგრამ ყველაფერი ალაგებადია.

აი, კოვიდი რომ გართულდება და რეანიმაციაში მყოფს ვეღარ მოხსნიან აპარატიდან, აი, ის არის გართულება, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

„აუცილებლად უნდოდა აცრა, მაგრამ პირველ რიგში – შვილის“

მოხუცი ქალბატონი მოვიდა ჩემთან, ექთანი, გურიიდან. მაშინ იყო ისე, რომ “ფაიზერის” პირველ პარტიაზე დარეგისტრირება მხოლოდ მედმუშაკებისა და მოხუცებისთვის შეიძლებოდა.

მოვიდა და მეუბნება, ჩემი შვილი 40 წლის არის, გვერდითი [დაავადებები] აქვსო. ვუთხარი, ასაკობრივი შეზღუდვის გამო მას ვერ ჩავსვამთ და თქვენ აიცერით მეთქი. ბათუმში დავარეგისტრირე და ძალიან დიდი მიღწევა იყო ეს, რადგან თბილისში აღარ იყო უკვე ვაქცინა.

კიო, მეუბნება, მაგრამ, ჩემს შვილს რომ გადავასწარი, ღმერთი არ დამსჯის მაგაზეო? თვითონ უნდოდა აცრა, მაგრამ შვილის ერიდებოდა, რადგან მას უფრო სჭირდებოდა იმ მომენტში. ვუთხარი, თქვენს შვილს პირიქით გაუხარდება, რომ თქვენ არ დაგემართებათ კოვიდი-მეთქი. ესეც რამხელა ადამიანური მომენტია, რომ შვილზე იფიქრა პირველ რიგში.

მერე ალბათ წავიდა და აიცრა, მაგრამ მესიამოვნა ეს მომენტი, რომ აუცილებლად უნდოდა აცრა, მაგრამ პირველ რიგში – შვილის. ეს იყო მისთვის მთავარი.

რას ვგრძნობ, როცა შეურაცხმყოფელ კომენტარებს ვკითხულობ

ძალიან მოქმედებს. მოქმედებდა [ადრე], უფრო მეტად. მახსოვს, ჩემი ფეისბუკ-პოსტი [ერთ-ერთმა ვებგვერდმა] გამოაქვეყნა. კომენტარებში იყო წყევლა, კრულვა, მიწაში ჩადება… მასალას ედო ჩემი 7 წლის წინანდელი სურათი, რომელშიც ვიღიმი და [ერთ-ერთი მომხმარებელი] წერდა, “ახლა იცინი, არა? გაღიმებული რომ ხარ, ესე იგი უგულო ხარ…”

ჯერ ძალიან გავმწარდი და მერე გამეცინა ამ ყველაფერზე. მივხვდი, რომ ეს ადამიანები, ალბათ, ხარობენ იმით, რომ სხვა გალანძღონ. ამით იკვებებიან. ტროლებისა და ბოტების არსებობაც გამახსენდა.

შემდეგ დავდე ის სურათი, სადაც [სამუშაო] ფორმაში ვარ, გადაღლილი, გაუბედურებული სახით და დავაწერე, ა ბატონო, ახლა ასეთი ვარ, თუ მოგწონვართ-მეთქი. მერე ძალიან ბევრმა გააზიარა ჩემგან ის [ფეისბუკ-პოსტი], ბევრი მეგობარი და კარგის მთქმელი გამიჩნდა.

არ დამავიწყდება ერთი კომენტარი: როგორ არ გრცხვენიათ, როცა ეს ექიმები დაღლილები, გაოფლილები, გაუბედურებულები გამოდიან პალატებიდან, შემდეგ [შემოვლენ ფეისბუკზე] და თქვენს ლანძღვა-გინებას კითხულობენო.

ექიმებისადმი სოლიდარობა ისეთივეა, როგორიც პანდემიის დასაწყისში?

ვერა. აღარ ვგრძნობ. აბსოლუტურად აღარ. ალბათ ხალხი შეეგუა და ჩვენც შევეგუეთ, [რომ] ამაში ვცხოვრობთ. ჩვენი ცხოვრების ნაწილი, რეალობა გახდა ეს პანდემია.

არ შეიძლება, ადამიანი მუდმივ შიშში ცხოვრობდეს. ეს ემოციური დაძაბულობა, რაც იყო, დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა და ეს ასეც უნდა იყოს. ძალიან კარგია, რომ საზოგადოებამ გადალახა ეს სტრესი.

ის პირველადი, რაც დაიწყო, რომ მხსნელებად, რაღაც მესიად მოვევლინეთ, შემდგომ გაქრა, ეს ასეც უნდა იყოს. უნდა გაქრეს. თუმცა, აგრესია აუტანელია. ამას ვერ შევეგუები ვერანაირად.

მარიკა ტუღუში  

ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ვაკეთებთ დაუმადლებლად და წესიერად. ეს არის მთავარი. დარწმუნებული ვარ, ყველა კოვიდ ექიმი, ექთანი, რეანიმატოლოგი თუ სანიტარი, ყველა ვემსახურებით ჩვენს საქმეს პატიოსნად. ეს დაინახონ, [ადამიანებმა] თორემ გაფეტიშება საჭირო არც არის.

ერთადერთი, რაც მინდა და ყველას გვინდა, დამთავრდეს პანდემია და გადავიქცეთ იმ ექიმებად, რაც ადრე ვიყავით. ეს არის ჩემი უდიდესი სურვილი ამ წელიწადში. ყველას ამას ვუსურვებ, რომ დამთავრდეს ეს ყველაფერი.

ასევე, მინდა, ადამიანებმა იცოდნენ, რომ ჩვენ არანაირად არავისზე მატერიალურად მაღლა არ ვდგავართ. ესეც მუსირებს, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენი მატერიალური ანაზღაურება არის საშუალო და საშუალოზე უფრო დაბალი.

მატერიალური კუთხით ჩემი პროფესია პანდემიის დროს უფრო დაფასდა?

დუმილი. არ მინდა, ამაზე ვილაპარაკო.

სამსახურის შემდეგ

თავისუფალი დროის ცნება თითქმის აღარ არსებობს. თუმცა, უკვე მეორე წელი დაიწყო და რაღაცები აღდგა. არ შეიძლება, ადამიანი იზოლირებული უყოს, ეს ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიურად.

იყო პერიოდი, როცა აბსოლუტური იზოლაცია მქონდა, ყველანაირ კონტაქტს ვერიდებოდი, მაგრამ ესეც აუტანელია. მერე უკვე, როცა ვირუსი გადავიტანე და ჩემგან გავრცელების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობდა, ცოტათი უფრო გავთამამდი.

მაგრამ ყველაზე გულდასაწყვეტი მაინც იცით, რა იყო? როცა ახლობლები მეკითხებოდნენ — “უი, შენ საშიში არ ხარ?” კი მაგრამ, როცა ვმუშაობ და პირველ ხაზზე ვდგავარ, მაშინ არ ვარ საშიში? მტკივნეული იყო ეს მომენტი.

უნდა ითქვას, რომ აქედან, საავადმყოფოდან, პაციენტისგან არასდროს გადაგვდებია ვირუსი. იმდენად დაცულები ვართ და ვიცავთ რეგულაციებს, რომ უიშვიათესია პაციენტებისგან გადადება. [თუ გადაგვედო], ეს ხდებოდა უფრო საყოფაცხოვრებო გზით: მაღაზიიდან, ნაცნობისგან, მატარებლიდან…

როგორ წარმომიდგენია ჩემი ახალი წელი?

00:00 საათზე ალბათ ავწევ ჭიქას და დავიძინებ. ძალიან დაღლილი ვიქნები, რადგან 31 დეკემბერს ბოლომდე ვმუშაობ.

სადმე გასვლის სურვილიც არ მექნება იმიტომ, რომ ძალიან დაღლილი ვარ. არა უშავს, მოვა კიდევ დრო და შემდეგ შევხვდები მეგობრები ერთად.

არ ვიცი, ჩემი საახალწლო სურვილი თუ დალოცვა იქნება, რომ ძალიან მალე მოეღოს ბოლოს ამ უბედურებას. უბედურებას იმიტომ, რომ სიკვდილსაც კი შეგვაჩვია. სიკვდილიც კი თითქოს გააუფასურა ჩვენს ირგვლივ.

მეორე მხრივ, ამ ვითარებამ კიდევ ბევრი რაღაც გვასწავლა და დაგვანახა. ადამიანები უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, უნდა გვიყვარდეს. არ უნდა ვიყოთ ისეთი აგრესიულები, როგორი აგრესიაც დღეს ჰაერში ტრიალებს. თორემ ძალიან წუთიერია ყველაფერი.

მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც მამხნევებდა და ჩემს გვერდით იდგა. პირველ რიგში, ჩემს მეგობრების, ნათესაობის, ოჯახის წევრების… ყველა ჩემს გვერდით იდგა და მეც მათთვის ვიყავი მაშველი რგოლი. ეს ახლაც ასეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი