ახალი ამბები

“ფაიზერის” მოლოდინში არ ვიცრებოდი. შემდეგ კოვიდი მეორედ დამიდასტურდა – ზეპირი ისტორია

20 ივლისი, 2021 • 4052
“ფაიზერის” მოლოდინში არ ვიცრებოდი. შემდეგ კოვიდი მეორედ დამიდასტურდა – ზეპირი ისტორია

სალომე სიდამონიძემ COVID-19 პირველად გასული წლის ოქტომბერში  გადაიტანა. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტმა რეგულაციების დაცვა განაგრძო, თუმცა ცხელების ცენტრში დასაქმების შემდეგ, კონკრეტული ვაქცინის მოლოდინში, ვირუსით ხელახლა დაინფიცირდა.

ახლა თავს უკეთ გრძნობს და “ნეტგაზეთს” თავის გამოცდილებას უზიარებს. ამავე დროს, საზოგადოებას განუმარტავს, რატომ არ ღირს მაინცდამაინც ერთი კონკრეტული კომპანიის მიერ წარმოებული ვაქცინის ლოდინი, როცა აცრის შესაძლებლობა უკვე არსებობს და დროც არ იცდის.

როდესაც კოვიდი გამოჩნდა

დეკემბრის ბოლოს, როცა კოვიდი გამოჩნდა, კაიროში ვიყავი, არაბული ენის კურსებზე. საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, რომ ვირუსის გამო მომიწევდა ეგვიპტის დატოვება და საქართველოში დროზე ადრე ჩამოსვლა.

თუმცა, მოვლენათა შემდგომი განვითარების ფონზე, დავუშვი ჩემს თავში ის, რომ შეიძლებოდა, დღე-დღეზე იძულებული გავმხდარიყავით, დავბრუნებულიყავით თბილისში: უარესობისკენ იცვლებოდა სიტუაცია, ვაქცინა არ არსებობდა, ვირუსი კი პროგრესირებდა. საბოლოოდ, ასეც მოხდა: კაირო დავტოვეთ და 2 კვირით კარანტინში, კოვიდ სასტუმროში მოგვიწია გაჩერება.

თავიდან, პირველ ეტაპზე, რატომღაც მეგონა, რომ მე არ შემხვდებოდა ეს ვირუსი. არ ვიცი, რატომ ვფიქრობდი ასე. რეგულაციებს სულ ვიცავდი: პირბადეს ვატარებდი, ხელებს რეგულარულად ვიბანდი, სანიტაიზერიც სულ თან მქონდა, მაგრამ რატომღაც ვფიქრობდი, რომ მე მაინც არ შემხვდებოდა. რეალურად, აგერ, მეორედ დავინფიცირდი უკვე.

როგორ დავინფიცირდი პირველად

პირველად დავინფიცირდი 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს.  თავიდან ვირუსი დედაჩემს დაეწყო. გაციების მსგავსი სიმპტომები ჰქონდა. ასეთივე სიმპტომები დაეწყო ჩემს ძმასაც რამდენიმე დღეში. მათ შემთხვევაში გაციებას დავაბრალეთ, რადგან იმ პერიოდისთვის უშუალოდ კოვიდისთვის დამახასიათებელი ნიშანი არცერთს ჰქონდა. დედას არც სუნი დაუკარგავს და არც გემო, ჩემმა ძმამ კი მხოლოდ 1 კვირის შემდეგ დაკარგა ყნოსვა. ამაზეც გვეგონა, რომ შეიძლება, არა კოვიდის, არამედ გაციების ბრალი ყოფილიყო. თუმცა ტესტზე მაინც წავიდნენ.

როცა დაუდასტურდათ, მივხვდი, რომ მეც მექნებოდა, თუმცა მკვეთრი სიმპტომები არ აღმენიშნებოდა და ჩემთვისაც რომ არ გაეკეთებინათ PCR ტესტი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, კოვიდი მქონოდა: მანამდე 1-2 დღე მქონდა თავის ტკივილი, რაც გამიყუჩდა წამლის დალევის შემდეგ. ეს იყო და ეს. გაციებასაც არ ჰგავდა, კოვიდს ხომ — საერთოდ. მაგრამ ვინაიდან ჩემებს დაუდასტურდათ, მეც გავიტესტე და აღმოჩნდა, რომ მეც დაინფიცირებული ვიყავი.

როცა ეს გავიგე, უფრო მეტად დავიწყე საკუთარ თავზე დაკვირვება. ამის შემდეგ, 2 დღე მქონდა გემო და სუნი დაქვეითებული, ოღონდ ბოლომდე არცერთი დამიკარგავს. მესამე დღიდან აღდგენა დამეწყო. არც სიცხე მქონია, არც სახსრების, არც ყელის ტკივილი. ჩემი ოჯახის წევრებს ჰქონდათ სიცხე, ოღონდ 37.4, 2-3 დღის განმავლობაში. ყელის ტკივილი და ხველა არცერთს ჰქონდა. მერე მამაჩემსაც დაუდასტურდა, თუმცა ის საერთოდ უსიმპტომო იყო.

ამის შემდეგ ჩვეულებრივად გავაგრძელე ცხოვრება. კი, გარეთ რომ გამოვედი, მაინც ვფრთხილობდი, კიდევ არ შემხვდეს-მეთქი, მაგრამ როცა პარალელურად ყველა იმას გეუბნება, რომ “მორჩა, თავისუფალი ხარ, შეიძლება, საერთოდ აღარ შეგეყაროს”, რაღაცნაირად დავუჯერე, რომ მორჩა, კარგად ვარ.

რეგულაციებს მაინც ვიცავდი: პირბადე 1 წუთითაც არ გადამიდია გვერდზე, თუმცა აქეთ-იქით დავდიოდი, მეგობრებს ვხვდებოდი და შედარებით თავისუფლად ვცხოვრობდი, რადგან ვფიქრობდი, რომ გარკვეული პერიოდით მაინც უსაფრთხოდ ვიყავი.

მუშაობა ცხელების ცენტრში

გასული წლის დეკემბერში, სწავლის პარალელურად, დავიწყე გერმანულ ჰოსპიტალში მუშაობა. იქაც ყველა მეუბნებოდა, რახან მოხდილი გაქვს, საშიში არ ხარო.

ჰოსპიტალში ამბულატორიის რეგისტრატორი ვიყავი და კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან, სიმართლე გითხრათ, დიდი შეხება არ მქონდა, ვინაიდან ეს პაციენტები ემერჯენსის მხრიდან შემოდიოდნენ. იყო რამდენიმე შემთხვევა, რომ კოვიდპაციენტი მოვიდა თავისი სურვილით ანალიზებისა და ამბულატორიული მომსახურების მისაღებად, მაგრამ, როგორც გითხარით, ძალიან იშვიათად ხდებოდა ეს.

მეორე მხრივ, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რა თქმა უნდა. ცხელების ცენტრია იქ, სადაც ვმუშაობ. შეიძლება, კოვიდინფიცირებულები უშუალოდ მე არ მეხებიან, მაგრამ იმავე შენობაში არიან და იქვე საქმიანობენ ის თანამშრომლებიც, ვისაც მათთან აქვს შეხება. თან კოვიდი ისეთი რამეა, რომ დაცული არავინაა, მით უმეტეს, მაშინ, როცა საავადმყოფოში მუშაობ. ეს კარგად მქონდა გააზრებული. რაღაც პერიოდი ჩემი თანამშრომლები მეხუმრებოდნენ კიდეც, პირბადის გარეშე არ გვყავხარ ნანახი და რომ შეგვხვდე სადმე, ვერ გიცნობთო. იმდენად აქტიურად მეკეთა, თითქმის საერთოდ არ ვიხსნიდი. ხელებსაც ძალიან ხშირად ვიბანდი და თუ ვერ ვახერხებდი, სანიტაიზერით ვიმუშავებდი ხოლმე.

ეს სამუშაო სტრესული ნაკლებად იყო. უფრო სტრესული გახდა რამდენიმე თვის წინ, როცა საგანგაშოდ მოიმატა ინფიცირებულთა რაოდენობამ. იმდენ პაციენტს იღებდნენ, ყველა ამბობდა, არცერთ განყოფილებაში არ არის ადგილიო. იმავე პერიოდში გავიგე, რომ ჩემს რამდენიმე თანამშრომელს ხელმეორედ დაუდასტურდა ვირუსი, ასევე, ადმინისტრაციაშიც 6-7 ადამიანი დაინფიცირდა. მაშინ უფრო შემეშინდა, რომ კი, გადატანილი მაქვს, მაგრამ ხომ შეიძლება, მეც დამემართოს… მაშინ გავაანალიზე კარგად, რომ არავინ არაფრისგან არის დაცული. მივხვდი, რომ არც მე ვიყავი გამონაკლისი და სავსებით მოსალოდნელი იყო, მეც დავინფიცირებულიყავი მეორედ.

როგორ დავინფიცირდი მეორედ

ჰოსპიტალში ყოველ კვირაში ვიტესტებოდით. როცა ბევრს დაუდასტურდა, უფრო აქტიურად დავიწყეთ დატესტვა. თანამშრომელზეც იყო დამოკიდებული: თუ შენიშნავდა, რომ რაღაც [საეჭვო სიმპტომები] ჰქონდა, იქ უარს არავინ ეტყოდა. პირიქით, ყოველთვის ხელს უწყობდნენ, რომ დატესტილიყვნენ და ყველანი უსაფრთხოდ ვყოფილიყავით.

ივნისის ბოლოს ვირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთ სამედიცინო მუშაკს, რომელთანაც პირდაპირი შეხება ჰქონდათ ჩემ გვერდით მსხდომ თანამშრომლებს. მისი დაინფიცირებიდან რამდენიმე დღეში დაიტესტნენ ჩემი ეს თანამშრომლები და თავდაპირველად სწრაფმა ტესტმა მათ უარყოფითი პასუხი უჩვენა, მოგვიანებით კი ისინიც კოვიდინფიცირებულები აღმოჩნდნენ, თუმცა სანამ ამას გაიგებდნენ, პარასკევს ღამით სიმპტომები მეც დამეწყო.

შაბათს დილით უკვე ხველებაც დამეწყო, ასევე, ზოგადი სისუსტე, და ვიყავი, გაციების დროს როგორც ხარ, დაახლოებით ასე. სამუშაო დღე მქონდა. როგორც კი მივედი ჰოსპიტალში, PCR ტესტი გავიკეთე, მაგრამ იმ პერიოდში პორტალზე იყო კიბერთავდასხმა. ამიტომ ჩემი ტესტი მხოლოდ მეორე დღეს, კვირას გაგზავნეს შესამოწმებლად. ორშაბათს მოვიდა პასუხი, რომ ტესტი “ჩააბრუნეს”. როგორც ამიხსნეს და თუ სწორად გავიგე, ეს ნიშნავს შემდეგს: დაახლოებით 4 ნაცხს უშვებენ ერთად, ალბათ, აპარატში. თუ ამ ოთხიდან რომელიმე აღმოჩნდა დადებითი, ამ შემთხვევაში ამ 4 ნაცხიდან ყველას სათოთაოდ იკვლევენ, რათა ზუსტად დაადგინონ, რომლის შემთხვევაში ამოვიდა დადებითი პასუხი.

შაბათს გაკეთებული PCR-ს პასუხი ორშაბათსაც არ ვიცოდი. კვირას დამირეკა ჩემმა თანამშრომელმა, რომელთანაც აქტიური შეხება მქონდა და მითხრა, სწრაფმა ტესტმა დამიდასტურა კოვიდიო. რახან სამსახური ახლოს მაქვს, ჩემს უფროსს დავურეკე და ვუთხარი, ჩავალ, სწრაფ ტესტს მეც გავიკეთებ-მეთქი. ჩავედი იმ წამსვე და სწრაფმა უარყოფითი პასუხი მიჩვენა, რის შემდეგაც ორშაბათს ჩვეულებრივად გავედი სამსახურში. მახველებდა და რაღაცნაირად ვიყავი, მაგრამ მაინც გავედი. ორშაბათსაც გავიკეთე სწრაფი ტესტი და კიდევ უარყოფითი მიჩვენა.

ვიფიქრე, არ მაქვს და უბრალოდ გავცივდი-მეთქი, თუმცა მაინც მეპარებოდა ეჭვი. ეს ეჭვი გამართლდა: სამშაბათს დილით, სამსახურში რომ მივედი, უფროსმა მითხრა, რომ შაბათს გაკეთებული PCR ტესტით დამიდასტურდა ვირუსი.

ამის შემდეგ დავრეკე 112-ში და ვუთხარი, რომ კოვიდ სასტუმროში მინდოდა გადასვლა. სხვათა შორის, საკმაოდ სწრაფი რეაგირება მოახდინეს და დაახლოებით 1 საათში გადამიყვანეს კოვიდ სასტუმროში.

“ამ ჯერზე უფრო დიდხანს გაგრძელდა”

დაახლოებით 2 დღე ვიყავი სუსტად, ფეხების ტკივილი მქონდა, ზოგადი სისუსტე… სიცხე რამდენჯერაც გავიზომე, მხოლოდ ორჯერ მქონდა 37, მაგრამ მგონია, რომ ეს 37-იც ოთახის სიცხე იყო უფრო, რადგან რომ ავდექი და გავიარ-გამოვიარე, 36.5-ზე ჩამოვიდა. ასე რომ, ვერ ვიტყვი, რომ სიცხე მქონდა. მქონდა ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ხველა და ყელის ტკივილი. ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივ გაციებას, რადგან სუნი და გემო არ დამიკარგავს: პირიქით, გაძლიერებულად მქონდა. გაციების დროსაც მიმძაფრდება ხოლმე ეს შეგრძნებები.

ამ ჯერზე ვირუსი უფრო დიდხანს გაგრძელდა. ახლაც კი სისუსტე მაქვს. პირველ ჯერზე მხოლოდ 2 დღე მქონდა სახსრების და თავის ტკივილი. ეს უფრო დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რომ გაცივდები ზაფხულში, ამას ჰგავდა. ახლა კარგად ვარ, სტაბილურად, მაგრამ სისუსტე მაინც მაქვს. შუადღეზე მინდება, რომ დავიძინო, დავისვენო. ასევე, ფეხით ბევრი სიარულის სურვილი არ მაქვს, მაშინ, როცა ფეხით სიარულზე მეტად არაფერი მიყვარს. თავბრუსხვევაც მქონდა. პირველ ჯერზე ასეთი რამე საერთოდ არ მქონია.

რატომ არ ავიცერი მანამდე?

ეს არის ფაქტი, რომელსაც, ალბათ, არასდროს ვაპატიებ ჩემს თავს. 26-ში ვიყავი დარეგისტრირებული სინოვაკის ვაქცინაზე. როცა ადგილები გამოჩნდა, იმ წამსვე დავრეგისტრირდი მეც და ჩემი ოჯახის წევრებიც დავარეგისტრირე. მაგრამ შემდეგ მოვექეცი გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ. არ გინდა სინოვაკი, ფაიზერი შემოვა ახლა და ბარემ დაელოდეო, მეუბნებოდნენ. მეც ვიფიქრე, რახან გადატანილი მაქვს და პირველი კოვიდის მერე გაკეთებული ანტისხეულების ტესტის მიხედვით, საკმაოდ მქონდა გამომუშავებული ეს ანტისხეულები, უფრო დაცული ვარ-მეთქი. ცოტა თამამად ვიყავი და ვიფიქრე, დაველოდები ფაიზერს-მეთქი.

ასეთი სისულელე ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ახლა ყველას ვეუბნები: რისი საშუალებაც არის — არ აქვს მნიშვნელობა, სინოვაკია, სინოფარმია, ფაიზერი თუ ასტრაზენეკა — სიცოცხლის გარანტიაა. გაიკეთეთ ვაქცინა. არავინ იცის, ეს ვირუსი ვის ორგანიზმზე როგორ იმოქმედებს. ფაიზერიც დაგიცავს, სინოფარმიც და სინოვაკიც იმისგან, რომ არ გაგირთულდეს და არ მოკვდე. ჩემი აზრით, ჯანმრთელობა უპირველესია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დავრწმუნდი ამაში. ჩემ გარშემო იმდენი ვინმეს მდგომარეობა დამძიმდა… არავინ უნდა ელოდოს რომელიმე კონკრეტულ ვაქცინას.

მასალების გადაბეჭდვის წესი