ახალი ამბები

“ჩემი ოჯახის წევრის საფლავი, სავარაუდოდ, გასაძარცვად გადათხარეს”

28 დეკემბერი, 2020 • 4248
“ჩემი ოჯახის წევრის საფლავი, სავარაუდოდ, გასაძარცვად გადათხარეს”

მოქალაქე კახა არცივაძე ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრის საფლავი საბურთალოს სასაფლაოზე უცხო პირებმა გადათხარეს.

შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა. კახა არცივაძე იხსენებს, რომ ამ დღეს მამამისის საფლავზე ავიდა. ახლოსვე იყო ბებიამისის საფლავიც, რომელიც უცნობ პირებს, სავარაუდოდ, გასაქურდად გადაეთხარათ.

თავდაპირველად არცივაძემ შემთხვევის შესახებ თავის ფეისბუკზე დაწერა და თქვა, რომ მისი ინფორმაციით, უცხო პირები თბილისის სასაფლაოებზე საფლავებს თხრიან და ძარცვავენ.

„მომხდარის შემდეგ დავიწყე ჩემი ამბის გარკვევა. აღმოვაჩინე, რომ [საფლავის] მომვლელი იყო ავად. დავურეკე, აღმოჩნდა, რომ კოვიდით იყო ინფიცირებული, 3 კვირა არ დავდიოდიო. ინფორმაცია მაქვს, რომ რაღაც მოხდა, თუმცა დეტალები არ ვიციო.

მეორე მომვლელსაც დავურეკე, რომელიც ასევე ამ სასაფლაოზე მუშაობს. მან მითხრა, რომ ზუსტად არ იცოდა, რა მოხდა, თუმცა მიწა მივაყრევინეო… მიწა ნამდვილად მიყრილი იყო, მაგრამ მთელი საფლავი გადათხრილი იყო, ყირაზე იყო ყველაფერი“, – გვიყვება არცივაძე.

კახა არცივაძე იხსენებს, რომ სასაფლაოს თანამშრომელთა გამოკითხვის შემდეგ,  მომხდართან დაკავშირებით მათგან შეიტყო რამდენიმე ვერსია, მათ შორის ერთი ისიც, რომ საფლავების გაქურდვის შემთხვევები მანამდეც მომხდარა.

„რაიმე ოქრო ან სამკაული, ან ოქროს კბილი ხომ არ ჰქონდაო.. არ ვიცი-მეთქი, 35 წლის წინ დავკრძალეთ, შეიძლება რაიმე ბეჭედი ეკეთა, თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი… მოდიან მეტალოდექტორით, ეძებენ საფლავებს და შემდეგ თხრიანო, მიპასუხეს.

მეორე მესაფლავემაც იგივე გაიმეორა. მე რომ მივედი საასაფლაოზე, მხოლოდ ჩვენი არ იყო.. თუმცა ჩვენი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში დაგხვდა“, – ამბობს ის.

მომხდარის შემდეგ არცივაძე სასაფლაოს ადმინისტრაციაში მივიდა, რომელიც კორონავირუსის გამო დახურული დახვდა, თუმცა იქვე მყოფ მუშებს ესაუბრა. მისი მონათხრობის თანახმად, მუშებმა დაუდასტურეს, რომ მსგავსი რაღაც სასაფლაოზე ხდება ხოლმე, თუმცა ფაქტზე წასწრებისას დამნაშავეები პოლიციის მოსვლამდე გარბიან.

„მე ფაქტზე არავინ დამიჭერია, მაგრამ რეალობას ჰგავს. მე თვითონ მაქვს სამსახურში მეტალოდეტექტორი, რკინის დასაფიქსირებლად გვჭირდებოდა, მაგრამ ასეთ მოწყობილობებს აქვთ იმის ფუნქციაც, რომ სხვა მეტალები იპოვოს. გამორიცხული არ არის“, – ამატებს არცივაძე.

ჩვენს კითხვაზე, გამოიძახა თუ არა პოლიცია, არცივაძე გვპასუხობს – „იმ მომენტში ვერ მივხვდი.. ეს ინფორმაცია რომ მქონოდა, ნამდვილად მივმართავდი, უბრალოდ, იმ მომენტში.. თან დავალაგებინე და მოვაწესრიგებინე ეს საფლავი,“.

„ხდება, თუმცა იშვიათად“

ამ თემაზე ნეტგაზეთთან „ჰერმესის“ დირექტორმა, ნოდარ რაზმაძემაც ისაუბრა. ის ამბობს, რომ მისი დაკვირვებით, საფლავების დაზიანების ან/და ძარცვის ფაქტები ხდება, თუმცა, იშვიათად.

კომპანია „ჰერმესი“ თბილისის მასშტაბით საქალაქო სასაფლაოებს კურირებს. თბილისის სასაფლაოთა დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა და ისინი შპს-ებადაა გაფორმებული. ასეა საბურთალოს სასაფლაოს შემთხვევაშიც.

„იშვიათად, თუმცა ხდება ხოლმე. ღამე, როდესაც გვიანია, ბნელა, მიყრუებულ ადგილას ვანდალური ქმედება რომ ვინმე ჩაიდინოს, ამისგან დაზღვეული არ ვართ. ხდება ხოლმე, თუმცა, იშვიათად“, – ამბობს რაზმაძე.

ის განმარტავს, რომ თუ კერძო ტერიტორიაზე მოხდა მსგავსი ფაქტი, ამაზე მუნიციპალიტეტში კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა, თუ ქალაქის კუთვნილ ტერიტორიაზე ხდება მსგავსი რამ, ადმინისტრაცია პოლიციას ურეკავს.

რაზმაძე ასევე გვიხსნის, რომ სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, გამოძიება სხვადასხვა მუხლით დაიწყოს, თუმცა საფლავი, როგორც წესი, ჭირისუფლის კერძო საკუთრებად ითვლება.

სისხლის სამართლის კოდექსის დღევანდელი რედაქცია საფლავების წაბილწვისთვისა და საფლავიდან ნივთის უკანონო ამოღებისთვის სპეციალურ მუხლსაც ითვალისწინებს, კერძოდ:

მუხლი 258. მიცვალებულისადმი უპატივცემულობა

1. ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანება, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

2. საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, –

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;

გ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

„მსმენია, ყოფილა შემთხვევები, ხდება ასეთი რაღაცები, მოუპარავთ, მაგალითად, ჯვრები. მაგრამ ჩვენთან საჩივრით მოსულიყო ვინმე, პრეტენზია გამოეთქვა – ძალიან ნაკლებად… არ მახსენდება,“.

ჩვენს კითხვაზე, ჰყავს თუ არა სასაფლაოებს დაცვა, ნოდარ რაზმაძე ამბობს, რომ ზოგიერთი სასაფლაო, მაგალითად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო, აღჭურვილია ვიდეოკამერებით, თუმცა სხვა სასაფლაოების შემთხვევაში, თუნდაც ცოცხალი პატრულირების ორგანიზება  გაცილებით მეტ რესურსს წაიღებს – „თუნდაც საბურთალოს სასაფლაო შემოღობილია, მაგრამ ათობით პატარა შესასვლელი აქვს“.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა შპს „საბურთალოს საქალაქო სასაფლაოს” ადმინისტრაციასაც, სადაც გვითხრეს, რომ საფლავების გაქურდვის ან ვანდალიზმის ფაქტები უახლოეს წარსულში არ ახსენდებათ.

შენიშვნა: გარეკანი ფოტო აღებულია „ჰერმესის“ ფეისბუკ გვერდიდან და მას არ აქვს კავშირი სტატიაში აღწერილ ამბავთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი