საზოგადოება

როგორ გაჩნდა “ბოლშევიკური პანთეონი” ხუდადოვის ტყეში

22 იანვარი, 2022 • 3715
როგორ გაჩნდა “ბოლშევიკური პანთეონი” ხუდადოვის ტყეში

“გუშინ, 13მაისს, თბილისში დაკრძალეს ტრაღიკულად დაღუპული ძველი ბოლშევიკი ქალი – ამხ. მარო ბოჭორიძე…

…პროცესია რუსთაველის პროსპექტით, ვერის დაღმართით და ჟორესის ქუჩით გაემართა ძმათა სასაფლაოსკენ – ხუდადოვის ტყეში, სადაც განსვენებულის ნეშტი მიაბარეს მიწას”, — გაზეთი “კომუნისტი”, 14 მაისი, 1930.

მიტოვებული, ნარჩენებითა და ხე-მცენარეებით დაფარული ტერიტორიის შემხედვარე, დღეს უკვე რთულად წარმოსადგენია, რომ ოდესღაც იქ საბჭოთა ხელისუფლება პატივით კრძალავდა თავის თანამებრძოლებს.

არაერთი სახელი და გვარი — რომელთა ნაწილიც დღეს უკვე აღარაფერს გვეუბნება — კვლავ ხილულია, ზოგ შემთხვევაში კი იმის გარჩევაც ჭირს, ვინ დამარხეს თითქმის საუკუნის წინ კონკრეტული ქვის ქვეშ.

ხუდადოვის ტყეში ე.წ. ბოლშევიკური პანთეონი თავისით არ აღმოცენებულა. ამ ადგილს, ისევე როგორც მიმდებარე ქუჩებსა და დასახლებებს მეტად საინტერესო ისტორია აქვთ, რომელიც საქართველოს გასაბჭოებამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

ბრაზითა და შეტაკებებით სავსე 1905

რუსეთის იმპერიის სხვადასხვა მხარეში 1905 წელს დაწყებული მასობრივი პროტესტისა და არეულობის ტალღა დღევანდელ საქართველოსაც სწრაფად მოედო. რიგმა პოლიტიკურმა პარტიებმა და მეფის ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედმა სხვა ჯგუფებმა ღიად დაიწყეს ბრძოლა ცვლილებებისთვის.

XX საუკუნის დასაწყისი ის პერიოდია, როცა იმპერიაში სოციალური და პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. რეპრესიებსა და მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს დაემატა რუსეთის მარცხიც იაპონიასთან ომში, რამაც საზოგადოების მღელვარება გააძლიერა და ამ ფონზე, რევოლუციურ ჯგუფებს მოქმედების დაწყება გაუადვილა.

“მილიციონერებს დაჭრილნი მიჰყავთ”. გაზეთი “ცნობის ფურცელი: სურათებიანი დამატება” (04.01.1906) © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საპროტესტო გამოსვლები, გაფიცვები თუ იმპერიის საჯარისო ნაწილებთან შეტაკებები ლამის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. ეს პროცესები არც კავკასიის დედაქალაქად წოდებული თბილისისთვის იყო უცხო, ქალაქში რევოლუციური ჯგუფების აქტიური მუშაობისა და მათი მნიშვნელოვანი გავლენის ფონზე.

“შემოდგომაზე ამ პროცესებმა განგრძობადი სახე მიიღო და შემდეგ უკვე, როცა დასავლეთ საქართველოს რიგ მხარეებში ფაქტობრივად ძალაუფლების ხელში აღება მოახერხეს რევოლუციონერებმა, რეჟიმმა დროებით უკან დაიხია”, — გვეუბნება ირაკლი ხვადაგიანი, “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი.

დროებითი უკან დახევა 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტში გამოიხატა. დოკუმენტის თანახმად, იმპერატორი მოქალაქეებს ძირითადი სამოქალაქო უფლებებით უზრუნველყოფდა, აუქმებდა ცენზურას, დასაშვებად აცხადებდა შეკრება-დემონსტრაციებსა და კავშირებს.

“ჯარი და მილიციონერები დარაჯად ვორონცოვის მეექვსე ქუჩაზე”. გაზეთი “ცნობის ფურცელი: სურათებიანი დამატება”(04.01.1906) © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

“საღამოთი მთელ ქალაქს ელვასავით მოედო ხმა მანიფესტის გამოცხადების შესახებ. მეორე დღეს, 18 ოქტომბერს, დილის 9 საათიდან, დიდ-ძალი ხალხი მიაწყდა ფოსტა-ტელეგრაფის კანტორას… ქუჩებში გაისმა აღტაცების ხმები” — წერდა გაზეთი “ცნობის ფურცელი”.

მანიფესტმა პროტესტი ვერ ჩაახშო და არც მეფის ხელისუფლებას უთქვამს უარი ძალმომრეობაზე:

“უბრალოდ, რეჟიმმა ამით დრო მოიგო გადმოისროლა შეიარაღებული ძალები და დაიწყო 1905 წლის დეკემბერში ძალისმიერი ჩახშობა ყველა ამ გამოსვლისა, მათ შორის, თბილისში”, — აღნიშნავს ირაკლი ხვადაგიანი.

ნაძალადევი, როგორც წინააღმდეგობის კერა

XX საუკუნის ბოლო დეკადებში თბილისი მნიშვნელოვნად შეიცვალა. გაჩნდა გარეუბნები, რომელთაგან არაერთში, ძირითადად, მუშები სახლდებოდნენ. სწორედ ამ უბნებში შეინიშნებოდა სოციალისტური და რევოლუციური იდეების განსაკუთრებული კონცენტრაცია.

“სოვლაბის” მკვლევრის სიტყვებით, აქ, ძირითადად, ქართული ელემენტი დომინირებდა: ახლად ჩასახულ კვარტლებში სახლდებოდნენ ყოფილი გლეხები, რომელთაც შემოსავლის ახალი წყაროს საძიებლად დედაქალაქს მოაშურეს.

ერთ-ერთი ასეთი უბანი იყო ნაძალადევი: დასახლება რკინიგზის სახელოსნოს გარშემო, რომელიც მუშებმა 1870-იანი წლებიდან ისე მოაშენეს, რომ ხელისუფლებისათვის ნებართვა არ უთხოვიათ. ქალაქის მთავრობა უკანონო განაშენიანებას უშედეგოდ ებრძოდა.

“უნავთობა თბილისში”. გაზეთი “ცნობის ფურცელი: სურათებიანი დამატება”(12.01.1906). იმ პერიოდის პრესა იუწყებოდა, რომ გაფიცვების ფონზე თბილისში რიგი პროდუქტების ნაკლებობა შეინიშნებოდა. © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

“პარალელურად, 1880-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში, როცა პირველი სოციალ-დემოკრატიული უჯრედები ჩნდებიან, ამის ერთ-ერთი კერა ხდება სწორედ რკინიგზის სახელოსნოები და რკინიგზის მუშების მასა.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს უბანი დაარსებიდანვე ბუნებრივად ოპოზიციაში იყო ქალაქისა და იმპერიის ადმინისტრაციასთან, [ნაძალადევი] იქცა მთელი ამ მოძრაობის აკვნად.

ხუმრობით ნაძალადევს კავკასიის შვეიცარიასაც ეძახდნენ და ამბობდნენ, ის იყო ერთადერთი წერტილი რუსეთის იმპერიის უზარმაზარ სივრცეში, სადაც სიტყვისა და კრების თავისუფლება არსებობდა, რადგან პოლიცია, საბოლოო ჯამში, ვერ აკონტროლებდა ამ სტიქიურ, რევოლუციურ დასახლებას”, — გვეუბნება ხვადაგიანი

ირაკლი ხვადაგიანი 

ქართული პრესა არაერთ ცნობას მოიცავს ნაძალადევში გამართული დემონსტრაციებისა და მუშათა სხვა აქტივობების შესახებ. აი, რას წერს “ცნობის ფურცელი” 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ:

“19 ოქტომბერს ნაძალადევში მოიყარა თავი 30, 000 კაცამდე. ასევე დიდ-ძალი ხალხი შეიკრიბა გოლოვინის პროსპექტზე. ამ მიტინგმა გადასწყვიტა წასვლა ნაძალადევისაკენ.

ნაძალადევიდან ხალხი წეს-რიგით გამოემართა გოლოვინის პროსპექტისკენ. წითელ დროშებს თვლა არ გქონდა. გზა-გზა სიტყვებს ამბობდნენ და მარსილიეზას და სხვა სიმღერებს მღეროდნენ. პატრულებს “ურა”-ს ძახილით ეგებებოდა ხალხი.

გოლოვინის პროსპექტიდან ერთი ნაწილი ხალხისა ნაძალადევიდან წამოსულ ხალხს მიეგება მეათე საპოლიციო ნაწილში და იქ შეერთებული პროცესია სასახლისაკენ გაემართა”.

ის, რომ მანიფესტით გარანტირებული უფლებებით მოქალაქეები რეალურად ვერ ისარგებლებდნენ, სულ რამდენიმე თვეში, თბილისის სხვა უბნებისა და რეგიონების მსგავსად, ნაძალადევმაც გამოცადა საკუთარ თავზე.

როგორ აღმოცენდა სასაფლაო — “9 ძმის” ამბავი

1906 წლის 3 იანვრის ნომერში “ცნობის ფურცელმა” მკითხველს რუსეთის იმპერიაში ორგანიზებული (მორიგი) საყოველთაო გაფიცვის დასრულების შესახებ აუწყა.

ვინაიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში გაზეთი არ გამოდიოდა, ზემოხსენებულ ნომერში ჟურნალისტებმა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოადგინეს ინფორმაცია 1905 წლის 11 დეკემბრიდან იმავე წლის მიწურულამდე განვითარებულ პროცესებზე.

“ცნობის ფურცლის” თანახმად, იმ პერიოდში გაცხადდა, რომ ოქტომბრის მანიფესტი ქაღალდზე დარჩა:

პეტერბურგში მუშათა საბჭოების წევრები დააპატიმრეს, ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომლებს პროფკავშირის შექმნის ნება არ მისცეს და დააპატიმრეს, “სატახტო ქალაქებში კი “საუკეთესო გაზეთები” დახურეს.

აღნიშნულს რევოლუციონერთა წინააღმდეგობა მოჰყვა:

“ბრძოლა მშვიდობიანი გზით დაიწყო. გამოცხადდა 7 დეკემბერს საყოველთაო გაფიცვა… საერთო გაფიცვას ტფილისიც არ ჩამორჩა, რა თქმა უნდა, და აქაც 12 დეკემბრიდან საერთო გაფიცვისათვის შეემზადნენ”.

“მებრძოლ რაზმების ბარიკადა, გამართული დეკემბერში მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე”. გაზეთი “ცნობის ფურცელი: სურათებიანი დამატება”(19.01.1906). © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

იმჟამინდელი პრესის მიხედვით, გაფიცული ქალაქი “სრულიად მოსწყდა როგორც რუსეთს, ისე აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიას”, რის შემდეგაც თბილისში “საომარ დროის წესები” გამოცხადდა.

რკინიგზა სამხედრო მთავრობის განკარგულებაში გადავიდა, 17 დეკემბრიდან კი გამოაცხადეს რიგი დადგენილებებისა, რომელთა ძალითაც აიკრძალა იარაღის ტარება და ქუჩებში თავშეყრა, ჯარისკაცებს მოქალაქეთა ჩხრეკის უფლება მისცეს, მოვაჭრეები კი დაავალდებულეს, დაკეტილი მაღაზია-დუქნები გაეხსნათ.

ირაკლი ხვადაგიანის თანახმად, თბილისსა და საქართველოს სხვა ნაწილებში წინააღმდეგობის ჩასაქრობად სადამსჯელო, საომარი ოპერაცია მიმდინარეობდა, წინააღმდეგობის ერთ-ერთ ბოლო ბასტიონად კი მუშებით დასახლებული ნაძალადევი იქცა.

“ცნობის ფურცლის” თანახმად, 17 დეკემბერს, სავალდებულო დადგენილებების გამოცხადების შემდეგ, “პირველად უბედურება დაატყდა ნაძალადევს, რომლის მცხოვრებნი აწიოკებულ იქმნენ ნაშუადღევის 3—4 საათიდან…”

ნაძალადევის შეტაკებისას დაღუპული მინა კალაძე და იესე ცინცაძე. © საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. შესულია ლუარსაბ ტოგონიძის ფოტოკოლექციაში.

“დილის 10 საათზე გამოირკვა, რა შემაძრწუნებელი ამბავი მოხდა ნაძალადევში. ნაძალადევი აკლებულ იქნა. დაჭერილებიდან 7—8 კაცის გარდა ყველანი ცოტას ხნის შემდეგ გაანთავისუფლეს და მერე ნაძალადევს ალყა მოხსნეს და წავიდნენ….

მოეკლათ 8 კაცი, ხოლო დაეჭრათ სამი. მოკლულები აღმოჩნდნენ პეტრე ცინცაძე, ილია ნინიძე, გიორგი ელიავა, მინა კალაძე, ვასილ თვარაშვილი, ვანო ხუცურია, ტუხა ლაზიაშვილი და ვანო თვარაძე.

დაჭრილები იყვნენ გალაქტიონ ძაგნიძე, კამო და გერასიმე დვალი. ეს უკანასკნელი იმავე დღეს გარდაიცვალა, ხოლო კამო მეტეხის ციხეში წაიყვანეს.

საშინელ სანახაობას წარმოადგენდა დახოცილები. ზოგს ყელი ჰქონდა გამოჭრილი, ზოგს მუცელი გაფატრული, სახე დამახინჯებული”.

კიდევ ერთი გამოცემა, სოციალ-დემოკრატიული გაზეთი “სხივი” აღნიშნავდა, რომ ბრძოლა უთანასწორო იყო, ვინაიდან მთავრობის ძალები, რომელთა რაოდენობაც ათასს აღემატებოდა, ზარბაზნებსა და ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ მუშათა წინააღმდეგ, რომელთა შემადგენლობაც 500 კაცამდე იყო და “ამათგან მხოლოდ 200-ს ჰქონდა იარაღი”.

ნაძალადევის შეტაკებისას დაჭრილთა შორის იყო ბოლშევიკი სიმონ ტერ-პეტროსიანი(კამო). © საქართველოს ეროვნული არქივი

ოპერაციის დასრულების შემდეგ, დადგა ბრძოლაში დაღუპულთა დაკრძალვის საკითხი. გაზეთი “სხივი” წერდა, რომ პოლიციამ მუშებს აუკრძალა დაღუპულების დემონსტრაციულად მისვენება ახლომდებარე, საერთო სასაფლაომდე.

“აფიცერს გადასცეს, რომ დემონსტრატიულად ჩვენ არავის დასაფლავებას არ ვაპირებთო. 18 დეკემბერს დახოცილ მუშებში ბევრი ჭირისუფლებს გადაეცა, ზოგიერთი მახლობლათ “საძმო სასაფლაოში” დამარხეს”, — წერს გამოცემა.

ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით, იმ დღეს მხოლოდ ერთი შეტაკება არ მომხდარა და და სხვა არაერთი ადამიანიც დაიღუპა, მათ შორის, მშვიდობიანი მოქალაქეები. არაერთი მათგანი ჩვეულებრივ სასაფლაოებზე დაკრძალეს, თუმცა ზემოხსენებულ ბრძოლაში დაღუპული 9 პირი, სიმბოლურად, შეტაკების ადგილის სიახლოვეს დაასაფლავეს.

სწორედ ასე გაჩნდა ნაძალადევის სერებზე პატარა სასაფლაო.

რა მოხდა შემდეგ — “ბოლშევიკური პანთეონი”

1903 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია(რსდმპ) ბოლშევიკურ და მენშევიკურ ფრაქციებად გაიყო. აღნიშნული განსხვავება ეტაპობრივად იჩენს თავს იჩენს ქართველ სოციალ-დემოკრატებშიც, თუმცა, უფრო გვიან, ვიდრე ეს იმპერიის დანარჩენ ნაწილებსა და საზღვარგარეთ მოხდა.

1905 წლისთვის საქართველოში ბოლშევიკები უკიდურეს უმცირესობაში რჩებოდნენ და ინიციატივა, ძირითადად, მენშევიკების ხელში რჩებოდა. თუმცა, რევოლუციის პერიოდში, აღნიშნული განსხვავებები მხარეებმა, დიდწილად, დაივიწყეს.

იქიდან გამომდინარე, რომ რევოლუციონერები, ძირითადად, საერთო ფრონტით მოქმედებდნენ, რთულია იმის თქმა, რსდმპ-ს რომელ ფრაქციას მიეკუთვნებოდნენ ნაძალადევის შეტაკებისას დაღუპულნი ან საერთოდაც, მიაწერდნენ თუ არა თავს რომელიმეს.

საფლავი ე.წ. ბოლშევიკურ პანთეონში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

შეტაკების, როგორც მინიმუმ, ერთი მონაწილე — სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო — ცნობილი ბოლშევიკი იყო. თუმცა, იმის გამო, რომ რევოლუციის ამ ეპიზოდის სხვა მონაწილენი არ ყოფილან გამოჩენილი ფიგურები, მათ პოლიტიკურ აფილაციებზე საუბარი ჭირს.

“ესენი, ყველანი, სოციალ-დემოკრატიული მებრძოლი რაზმის წევრები იყვნენ, თუმცა ეს იყო ერთიანი სამხედრო ორგანიზაციები.

ძნელი სათქმელია, ვინმემ მათგან ინდივიდუალურ დონეზე მოასწრო თუ არა, დაფიქსირებულიყო, რომ მენშევიკურ ფრაქციას ეკუთვნის და თანაუგრძნობს მას.

თუმცა, უმრავლესობა მაინც მენშევიკური ფრაქციის კონტროლირებადი რაზმის წარმომადგენლები იყვნენ”, — აღნიშნავს ირაკლი ხვადაგიანი.

საფლავი ე.წ. ბოლშევიკურ პანთეონში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

ასეა თუ ისე, 1905 წლის რევოლუცია დამარცხდა. რუსეთში მონარქიის დამხობა მხოლოდ 1917 წელს მოხერხდა, იმავე წლის მიწურულს კი ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს და მომდევნო წლებში ყოფილი იმპერიის ტერიტორიაზე აღმოცენებული დამოუკიდებელი სახელმწიფოებისთვისაც მოიცალეს.

1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა, წერტილი დაუსვა პირველი რესპუბლიკის არსებობის 3-წლიან პერიოდს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობას დაუდო სათავე.

“სოვლაბის” მკვლევრის თქმით, ამ დროს თბილისში, ნაძალადევის ტერიტორიაზე, 9 მუშის განსასვენებელთან ახლოს, უკვე მოწყობილი იყო კიდევ ერთი, “სახალხო გვარდიის საძმო სასაფლაო”, სადაც რესპუბლიკის არსებობის პერიოდში კრძალავდნენ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას შეეწირა.

ბოლშევიკ მარო ბოჭორიძის საფლავის ქვა. © ანა მარგველაშვილი. ფოტო გადაღებულია 2011 წელს

გასაბჭოების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ თავის დღის წესრიგს მოარგო ორივე სასაფლაოს ბედი: დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა განსასვენებელი გააქრეს, იქ კი, სადაც 1905-ში დაღუპული 9 რევოლუციონერი განისვენებს, ბოლშევიკი, საბჭოთა მოხელეების დაკრძალვა დაიწყეს.

ასე გაჩნდა ხუდადოვის ტყეში ე.წ. ბოლშევიკური პანთეონი. როგორც საფლავის ქვებიდან ჩანს, ადგილზე ბოლშევიკებს 1920-იანი წლების ბოლოდან კრძალავდნენ, პროცესი კი 30-იან წლებში შეჩერდა. არაერთი პირი, რომელიც, წესით, იქ დაკრძალვას ექვემდებარებოდა, საბჭოთა ხელისუფლებამ მოგვიანებით, ე.წ. დიდი ტერორის დროს, თავადვე მოიშორა.

საფლავი ე.წ. ბოლშევიკურ პანთეონში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, როცა ეროვნული მოძრაობა ძლიერდებოდა, რამდენიმე მაღალჩინოსნის ნეშტი მთაწმინდის პანთეონიდან სხვადასხვა სასაფლაოზე გადაასვენეს.

ბიოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით, ერთ-ერთი იყო საბჭოთა პოლიტიკოსი მიხა ცხაკაია(1865-1950), რომლის ნეშტიც ხუდადოვის სასაფლაოზე გადაიტანეს. მისი საფლავის ქვა ადგილზე ახლაც შენარჩუნებულია.

მიხა ცხაკაიას საფლავის ქვა. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

9 ძმიდან 9 ძმა ხერხეულიძემდე

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ხუდადოვის სასაფლაოდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით ობელისკი აღმართეს, რომელზეც 1905 წლის შეტაკების შესახებ ინფორმაციაა დატანილი. ამასთან, “9 ძმის” სახელი ეწოდა მიმდებარე ქუჩას.

თუმცა, შეტაკებისას დაღუპული 9 რევოლუციონერის საფლავები, გვარდიელების მსგავსად, დღეისათვის დაკარგულია. როგორც ჩანს, მათ მონიშვნაზე არავინ იზრუნა.

“ბრძოლაში გმირულად დაიღუპა 9 მუშა” — ობელისკი სასაფლაოსთან ახლოს. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

სასაფლაო, დროთა განმავლობაში, ნაგავსაყრელად იქცა. ზოგიერთი საფლავი დაზიანებულია. საბჭოთა დროს მოშორებით აღმართული ობელისკი კვლავ იქ დგას, თუმცა მისი ნაწილი შელახულია.

“რა თქმა უნდა, რაც უნდა პრეტენზიები გვქონდეს გარდაცვლილ ადამიანთან, ძალიან ცუდად მეტყველებს საზოგადოების ღირებულებებზე, როცა სასაფლაოს შეურაცხყოფა ხდება დემონსტრაციულად თუ უყურადღებობის გამო”, — დასძენს ირაკლი ხვადაგიანი და ამატებს:

სასაფლაოს ტერიტორია დღეს. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

“ვერ გავაქრობთ, არ უნდა გავაქროთ.  უნდა გვქონდეს ეს და ვისაუბროთ ზუსტად იმ პროცესებზე, რაც ახლა ჩვენ ინტერვიუს განმავლობაში ვთქვით: რა იყო მათი ადგილი ისტორიაში, რატომ აღმოჩნდნენ იქ და რა იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა ამ სასაფლაოს.

უკვე შეგვიძლია, ამას გარედან შევხედოთ. არაფერს გვაძლევს მკვდრებზე შურისძიება”.

ქუჩის ძველი და ახალი აბრები. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

ოფიციალურად, აღარ არსებობს 9 ძმის ქუჩაც. არცთუ დიდი ხნის წინ მას სახელი შეუცვალეს და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა უწოდეს. თუმცა, აბრების ნაწილი, რომლებიც მის ძველ სახელწოდებას ასახავს, ისევ ადგილზეა.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ქართველი ბოლშევიკები, რომლებიც მათივე რეჟიმმა შეიწირა

მასალების გადაბეჭდვის წესი