საზოგადოება

10 საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ადგილი თბილისში

2 აგვისტო, 2022 • 22056
10 საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ადგილი თბილისში

რა გვახსენდება, როცა თბილისზე ვფიქრობთ? სად მივდივართ, როცა თავისუფალ დროს ქალაქის ქუჩებში გასეირნებას გადავწყვეტთ, ან სად მიგვყავს სტუმრები, რომელთაც სურთ, რაც შეიძლება მეტი აღმოაჩინონ მოკლევადიანი ვიზიტებისას, სანამ საქართველოს სხვა კუთხეებში გადაინაცვლებენ?

თბილისი კულტურული მემკვიდრეობის ნაკლებობას, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, არ უჩივის, ქალაქის ძველი ნაწილი კი — მათ შორის, ადგილები, რომლებიც ახლო წარსულში დიდად საინტერესოდ არ მიგვაჩნდა — წელიწადის ყოველ დროს იზიდავს დამთვალიერებლებს.

მიუხედავად ამისა, დედაქალაქში კვლავაც მოიძებნება მრავალი ობიექტი, რომლებიც, მნიშვნელოვანი ისტორიული ღირებულებისა თუ კოლორიტულობის მიუხედავად, ხშირად რჩება ტურისტული მეგზურებისა თუ თბილისში მოსეირნეთა ყურადღების მიღმა.

“ნეტგაზეთმა” შეარჩია ადგილები თბილისის სხვადასხვა წერტილში, რომელთა შესახებაც შესაძლოა გვსმენია, თუმცა, გარემოებათა გამო, ჯერაც ვერ იმსახურებენ სათანადო ინტერესს ადგილობრივებისა თუ უცხოელი ვიზიტორების მხრიდან.

ათეშგა

ძველ თბილისში, ზემო ბეთლემის ტაძრიდან ასიოდე მეტრში, აგურის კიბეს შინდისფერ კართან ავყავართ. კარს მიღმა ეზოა, საიდანაც ზოროასტრულ ნატაძრალში(ათეშგა) ამოყოფთ თავს.

ზოროასტრიზმი, რომელიც უმთავრესი რელიგია იყო აქემენიანთა ირანში (ძვ.წ. VI-IV სკ.), ახ.წ. VII საუკუნემდე, სასანიანთა პერიოდშიც მნიშვნელოვან რელიგიად დარჩა. მისი გავლენა დიდი იყო საქართველოს ტერიტორიაზეც.

ათეშგა

ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისათვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურით ნაშენები ტაძარი IV-VII საუკუნეებით თარიღდება. დროთა განმავლობაში სალოცავმა სახე იცვალა, თუმცა საუკუნეების შემდეგ კვლავაც დგას თბილისის ძველ უბანში.

ზოროასტრული სალოცავის ზუსტი მისამართია გომის ქუჩა N3. მას შემდეგ, რაც შესასვლელ კარზე დააკაკუნებთ, ჯერ აღმოჩნდებით ადგილობრივი ოჯახის საკუთრებაში არსებულ ეზოში, იქიდან კი — უშუალოდ ათეშგაში.

მოხატული სადარბაზოები

მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში ევროპული ტენდენციები მომძლავრდა, ქალაქის არქიტექტურა საგრძნობლად შეიცვალა. სწორედ მაშინ იქცა უნიკალური ორნამენტებითა და ნახატებით დამშვენებული სადარბაზოები ქალაქური სახლების ნაწილად.

მოუვლელობის თუ საბჭოთა ხელისუფლების უხეში ჩარევის გამო შელახულ არაერთ სადარბაზოს უკანასკნელ წლებში სპეციალისტებმა რესტავრაცია ჩაუტარეს და ზოგან აქამდე უცნობი მხატვრობებიც გამოავლინეს.

მოხატული სადარბაზო ტაბიძის #18-ში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

მოხატული სადარბაზო აღმაშენებლის #36-ში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

თბილისის მოხატულ სადარბაზოებს დღეს იმაზე მეტი ადამიანი იცნობს, ვიდრე უწინ. თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთმა ჯერაც არ იცოდეს, რომ აღმაშენებლის #36-ში მეცენატ ერასტი ჭავჭანიძის მიერ თითქმის 120 წლის წინ დაპროექტებული ნაგებობა დგას, ტაბიძის #18-ში — თამბაქოს მწარმოებელი ძმები სეილანოვების სახლი, ათონელის #31-ში კი — ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო “ლონდონის” შენობა.

ამ და სხვა ნაგებობებს, რომლებიც დღეს უკვე ბინებადაა დაყოფილი, ერთი რამ აერთიანებთ: მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ხედებით, ზღაპრის გმირებით, მითიური არსებებითა და ფერადი ჩუქურთმებით გაწყობილი შესასვლელები, რომლებიც საუკუნის შემდეგაც არ კარგავენ ძველებურ ხიბლს.

სადარბაზოების ნახვა ყველას შეუძლია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს მობინადრეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ვინაიდან არაერთი სადარბაზო კოდით არის ჩაკეტილი.

ალმასის სასახლე

სოლოლაკში, ჭონქაძის #11-ში მდებარე ეს შენობა, პირველ რიგში, განსაკუთრებული დიზაინის მქონე შესასვლელით იქცევს ყურადღებას. თუ მიუახლოვდებით და გულდასმით შეათვალიერებთ, ჭიშკრისა და სადარბაზოს კარის ორნამენტულ კვეთაში სპარსულ წარწერებსაც შენიშნავთ.

“ალმასის სასახლის” ისტორია 1890-იანი წლებიდან იწყება, როცა თბილისში ირანის გენერალურმა კონსულმა, მირზა რეზა ხან არფა ად-დოულემ, გერმანელი ინჟინრისგან სახლი შეიძინა და სპეციალისტებს აღმოსავლურ ყაიდაზე გადააკეთებინა.

“ალმასის სასახლე” ჭონქაძის #11-ში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“ალმასის სასახლე” ჭონქაძის #11-ში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“სწორედ ევროპული და ისლამური ელემენტების ოსტატური შეზავების წყალობით სახლმა გამორჩეული და ძალზე მიმზიდველი სახე მიიღო”, — აღნიშნულია წიგნში “არფა ად-დოულე და საქართველო” (მარინა ალექსიძე, გრიგოლ ბერაძე, ირინა კოშორიძე).

მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის მთლიანად მორღვეულია სასახლის ეზოს არქიტექტურა, მხოლოდ მისი შესასვლელია საკმარისი ნაგებობის იმდროინდელი სიდიადის წარმოსადგენად.

სახლი რუსთაველის 54-ში

თუ რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან კინოს სახლის უკანა ეზოში გადაინაცვლებთ, ნახავთ სახლს, რომლის ანალოგიც, კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის შეფასებით, თბილისში არსადაა.

ექსკლუზიური არქიტექტურული ელემენტებით გამორჩეული ნაგებობა 1897 წელს აიგო. სახლის მეპატრონემ, იურისტმა ვასილ გაბაშვილმა პროექტი დაუკვეთა კორნელი ტატიშჩევს — ცნობილ არქიტექტორს, რომლის აშენებულია რუსთაველის თეატრის შენობაც.

თბილისის ერთ-ერთი ტურის დროს ცირა ელისაშვილმა მოყვა ისტორიაც, რომლის თანახმადაც საბჭოთა პერიოდში, ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციისას, ნაგებობას ემუქრებოდა დანგრევის საფრთხე. თუმცა ვასილ გაბაშვილის სიძემ, ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელიც იოსებ სტალინის პირადი ექიმი იყო, პირადი კონტაქტებით გადაარჩინა უნიკალური თბილისური სახლი.

სახლი რუსთაველის #54-ში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

სახლი რუსთაველის #54-ში. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ავლაბრის არალეგალური სტამბა

ეს ადგილი გვაბრუნებს XX საუკუნის დასაწყისში, როცა სოციალ-დემოკრატიული პარტია აქტიურად ცდილობდა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების შერყევას, საზოგადოებამდე თავისი სათქმელის მისატანად კი, ცენზურის პირობებში, არალეგალურ მასალებს ბეჭდავდა კუსტარულად მოწყობილ სტამბებში.

1903 წელს ქალაქის ცენტრისაგან მოშორებით დაფუძნებული სტამბა საკმაოდ მაღალი ხარისხის ბროშურებს ამზადებდა და კარგად იყო გასაიდუმლოებული, მდებარეობდა რა საგანგებოდ აშენებული სახლის სარდაფში, რომელსაც ჭებით უკავშირდებოდნენ.

მეფის ხელისუფლებამ სტამბა მხოლოდ 1906 წელს, შემთხვევით აღმოაჩინა. იმ დროს საიდუმლო სივრცეში სტამბას უკვე აღარ ამუშავებდნენ. სახლი ააფეთქეს, მისი მეპატრონე კი 10 წლით გადაასახლეს. მოგვიანებით, 1930-იან წლებში, საბჭოთა ხელისუფლებამ სახლი აღადგინა.

ავლაბრის სტამბა-მუზეუმი. 2011 წლის ფოტო. © საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. 

“სოვლაბის” მკვლევრის, ირაკლი ხვადაგიანის სიტყვებით, ეს ამბავი საინტერესოა იმითაც, თუ როგორ გააყალბა საბჭოთა პროპაგანდამ სტამბის რეალური ისტორია:

მკვლევარი დასძენს, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ სტამბას “სტალინის სახელობის არალეგალური სტამბა-მუზეუმი” უწოდეს და სტალინს მიაწერეს როგორც მისი დაფუძნების გეგმა, ისე სამუშაო პროცესის ხელმძღვანელობა, რაც წყაროებით არ დასტურდება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მუზეუმის მეურვეობა “კომუნისტური პარტიის” წევრებმა აიღეს საკუთარ თავზე, 2012 წელს კი ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა.

სტამბა დამთვალიერებელთათვის ახლაც ღიაა. ისტორიული საბეჭდი მანქანაც ადგილზეა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ადგილზეა ძველი საბჭოთა ექსპოზიცია, რომელიც ნაკლებად ასახავს სტამბის რეალურ ისტორიას; მათ შორის იმას, რა დაემართათ მის მუშაკებს უკვე საბჭოთა დიქტატურის პირობებში.

საქართველოს მატიანე

მონუმენტი “საქართველოს მატიანე” თბილისის ტურისტულად დატვირთული ცენტრისგან მოშორებით, ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყეენის მთაზეა გაშლილი.

მოქანდაკე ზურაბ წერეთლის ავტორობით გასული საუკუნის 80-იან წლებში აგებული მონუმენტის სვეტებზე დატანილია მრავალი სცენა და პერსონაჟი საქართველოს ისტორიიდან და ლიტერატურიდან, რელიგიური შინაარსის გამოსახულებებთან ერთად.

მონუმენტამდე მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებით მარტივადაა შესაძლებელი: მეტროსადგურ “ღრმაღელეს” მიმდებარედ ჩერდება ავტობუსი #360, რომლის ბოლო გაჩერებაა კადეტთა კორპუსი. კადეტთა კორპუსიდან მონუმენტამდე მისვლა ფეხითაც შეგიძლიათ.

მონუმენტი “საქართველოს მატიანე”. ფოტო: georgiantravelguide.com

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი

მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილის ცნობილი სახლ-მუზეუმი კახეთში, სოფელ მირზაანში მდებარეობს. თუმცა, იცოდით, რომ მომცრო, თუმცა საინტერესო სივრცე თბილისშიც გელოდებათ?

მიჩნეულია, რომ ფიროსმანის (ყოფილი მალაკნების) ქუჩის #29-ში მდებარე მუზეუმი წარმოადგენს მხატვრის ყოფილ საცხოვრებელ ბინას, სადაც სიცოცხლის უკანასკნელი წლები გაატარა.

მუზეუმში დაცულია მხატვრის რამდენიმე სურათის ასლი, პირადი ნივთი, ჭურჭელი და სხვა. მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან – 18 სთ-მდე.

ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი. ფოტო: places.georgia.travel

კიბე

თბილისური ეზოებისთვის ხვეული კიბეები უცხო არ არის, თუმცა ძმები კაკაბაძეების #7-ში მდებარე სახლის კიბე გამოირჩევა როგორც განსაკუთრებული მოხდენილობით, ისე ამბით, რომელიც მას სულ მცირე ხნის წინ გადახდა თავს.

წლების მანძილზე დასუსტებული და დაშლილი სტრუქტურა უფუნქციოდ იყო დარჩენილი და არავინ იცის, როგორ დასრულდებოდა მისი ისტორია, რომ არა ახალგაზრდა სპეციალისტების ჯგუფი, რომელმაც კიბის გადარჩენა განიზრახა.

განიზრახა და გადაარჩინა კიდეც: კიბის რესტავრაცია თითქმის დასრულებულია, სტრუქტურას საფრთხე აღარ ემუქრება და ელის ყველას, ვისაც მისთვის, თუნდაც, თვალის შევლება სურს.

ფოტო: Facebook: Kibe – Projekt

ნავთლუღის ბაზრის ბარახოლკა

რას ვერ იპოვით ნავთლუღის ბაზარში? სამგორის რაიონში, დიდ ფართობზე გადაჭიმული ბაზარი ყოველდღე ივსება ახალ-ახალი ხილითა და ბოსტნეულით, რძისა და ხორცპროდუქტებით, მარცვლეულითა თუ სხვადასხვა სახის სანელებლით.

გარდა საკვებისა, ნავთლუღის დახლები სხვა, არანაკლებ საჭირო საქონელსაც უკავია, მის ერთ-ერთ შესახვევში კი განთავსებულია “ბარახოლკა” — მშრალი ხიდის მაგვარი, თუმცა არა ასეთივე ცნობილი სივრცე, სადაც მრავალ სიძველეს გადააწყდებით.

იქ ადამიანები თავიანთი სახლებიდან გამოტანილ თუ სხვა მოქალაქეთა მიერ ჩაბარებულ ატრიბუტებს ყიდიან. ასე რომ, თუ ნავთლუღში მოხვდებით და ძველებური საათის, საკერავი მანქანის, ჭურჭლისა თუ სხვა აქსესუარის შეძენას მოისურვებთ, შეიარეთ “ბარახოლკაზე”. არ გეგონოთ, რომ არჩევანი მცირეა.

ნავთლუღის “ბარახოლკა”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ნავთლუღის “ბარახოლკა”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

თბილისის ძველი სასაფლაოები

თბილისის კულტურული მემკვიდრეობა, თავისი სახლებით, ეზოებითა და სალოცავებით, უდავოდ ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ქალაქის უწინდელ ცხოვრებაზე. თუმცა თბილისში მოქმედი სასაფლაოები ქალაქისა თუ მისი მცხოვრებლების შესახებ არანაკლებ საინტერესო ამბებს ჰყვებიან.

ვერის, კუკიის თუ ნავთლუღის ებრაელთა სასაფლაოებზე ერთმანეთის გვერდით განისვენებენ თბილისის მოქალაქეები, რომელთა ნაწილზეც ცნობები მეტნაკლებად გვაქვს, სხვათა შესახებ კი მხოლოდ ის შემოგვრჩა, რაც საფლავის ქვებზე წერია.

ზოგიერთი საფლავი, იქ აღმართული ქვები თუ ქანდაკებები, ასაკის გარდა, შთამბეჭდავია თავისი სტრუქტურით, არტ ნუვოსა და მოდერნის სტილის ელემენტებით.

კუკიის ძველი სასაფლაო. პირველ ფოტოზე აღბეჭდილ საფლავს სასაფლაოს თანამშრომლები მოიხსენიებენ, როგორც “კაკუნი სამოთხის კარზე”. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ვერის სასაფლაო. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ებრაელთა სასაფლაო ნავთლუღში — თბილისში ამ დროისთვის არსებულ ებრაულ სასაფლაოთა შორის უძველესი. როგორც ებრაული კულტურის მკვლევარი ლელა წიწუაშვილი გვეუბნება, სასაფლაო XIX საუკუნის დასაწყისით უნდა თარიღდებოდეს, თუმცა ყველაზე ძველი ქვა, რომლის ტექსტიც გაირჩევა, 1892 წლითაა დათარიღებული. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

არაერთი ქვიდან, დაბადებისა თუ გარდაცვალების თარიღების გარდა, ვიგებთ იმასაც, როგორ დასრულდა გარდაცვლილის ცხოვრება და რას განიცდიდნენ ისინი, ვისაც აღარაფრის გაკეთება შეეძლოთ საყვარელი ადამიანებისთვის, საფლავის მოწყობის გარდა.

საფლავების ნაწილი დღეს მოუვლელია: ქვებზე წარწერები რთულად იკითხება, ზოგან ხეებია ამოსული, დაზიანებულია გარდაცვლილთა ფოტოები. მიუხედავად ამისა, მრავალი მათგანი, თავისი გამორჩეული დიზაინით, ან სულაც უბრალოებით, მაინც იქცევს ადამიანების ყურადღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი