ახალი ამბები

პრეზიდენტი კათოლიკეებს შობას ულოცავს

25 დეკემბერი, 2020 • 860
პრეზიდენტი  კათოლიკეებს შობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კათოლიკე მოქალაქეებს შობას ულოცავს. თუმცა, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, კათოლიკეებმა შობა ღამისთევით ვერ აღნიშნეს.

„ჩვენს კათოლიკე მოქალაქეებს და მთელ კათოლიკურ სამყაროს ვულოცავ შობის დღესასწაულს!

გისურვებთ მშვიდობას და ჯანმრთელობას!“ – დაწერა ზურაბიშვილმა ფეისბუკზე. პრეზიდენტს არ მიულოცავს სხვა კონფესიებისთვის, რომლებიც 25 დეკემბერს აღნიშნავენ შობას. ასევე, ამ თემაზე სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. არც იმ არათანაბარ პირობებზე, რომელშიც კათოლიკეებს უწევთ შობის აღნიშვნა.

გუშინ ღამით კათოლიკეებმა შობა აღნიშნეს, თუმცა დაწესებული შეზღუდვებისა და მთავრობის მიერ არდაშვებული გამონაკლისის გამო – წირვა 9 საათამდე დასრულდა. 

მანამდე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშილმა განაცხადა, რომ  არადომინანტური  კონფესიების წარმომადგენლებმა თავიანთი მრევლის სია სპეციალურ სამსახურებს უნდა მიაწოდონ, რათა მათთვის ერთჯერადი საშვი დაუშვან შეზღუდვების დროს სადღესასწაულო რიტუალებზე დასასწრებად.

მთავრობის თავდაპირველი გეგმით, შეზღუდვა გადაადგილებაზე მხოლოდ 2 ღამით – 31 დეკემბერს (ახალი წელი) და 6 იანვრის ღამეს (მართლმადიდებლური შობა) იხსნებოდა. თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფებს, რომელთა დღესასწაულები დეკემბერ-იანვარს ემთხვევა, ეს გამონაკლისები არ ითვალისწინებდა.

ცქიტიშვილმა 27 ნოემბერსაც თქვა, რომ 6 იანვრის ღამე მთავრობამ გამონაკლისად ჩათვალა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია. თუმცა, სინამდვილეში, ქრისტიანების უმრავლესობა მსოფლიოს მასშტაბით შობას სწორედ 25 დეკემბერს აღნიშნავენ.

არასამთავრობო სექტორში მთავრობის ამ მიდგომებს უთანასწორო მოპყრობად აფასებენ.

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს “აშკარა დისკრიმინაცია” უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი