ახალი ამბები

“სახეზეა უთანასწორო მოპყრობა” – რატომ იხსნება გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ 6 იანვრის ღამეს

26 ნოემბერი, 2020 • 1517
“სახეზეა უთანასწორო მოპყრობა” – რატომ იხსნება გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ 6 იანვრის ღამეს

მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვა ღამით გადაადგილებაზე  მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არ იმოქმედებს. ასეთი გამონაკლისი შემთხვევა 31 დეკემბრის ღამე (ახალი წელი) და 6 იანვრის (შობა) ღამეა.

ამ კუთხით დაწესებული გამონაკლისების ჩამონათვალში სხვა რელიგიური დღესასწაულები ვერ მოხვდა. მათ შორის არც 25 დეკემბერია, დღე, როდესაც სხვა ქრისტიანული ეკლესიები, მათ შორის კათოლიკეები, ბაპტისტები, პროტესტანტები, ლუთერანები და სახარების რწმენის ეკლესიის მიმდევრები შობას აღნიშნავენ.

ის, რომ დეკემბერ-იანვრის პერიოდში არაერთი რელიგიური დღესასწაული აღინიშნება, ამას რელიგიის სააგენტოს მიერ გამოცემული ყოველწლიური კალენდარიც მოწმობს. მაგალითად, კალენდრის თანახმად, 11-18 დეკემბერს აღინიშნება ხანუქა, 5 იანვარის ღამეს სომხური ეკლესია აღნიშნავს ქრისტესშობას და მრავალი სხვა. 

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ღავთაძე. ის გვეუბნენა, რომ წინა გაზაფხულის გამოცდილებიდან გამომდინარე, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო.

ის იხსენებს, რომ მაშინ, მართალია, მართლმადიდებელ ეკლესიას ჰქონდა უფლება აღენიშნა აღდგომა, მაგრამ სხვა რელიგიური გაერთიანებები მთავრობისგან პასუხსაც ვერ იღებდნენ, თუ როგორ უნდა ემოქმედათ.

„იგივე არის ახლაც. არ ვიცი, ამას უბრალოდ გულგრილობა დავარქვათ, რომ საერთოდ არ ხვდება დღის წესრიგში მთავრობის სხვა რელიგიური გაერთიანებები, თუ გამიზნული დისკრიმინაციაა, არ ვიცი, რომელია.

მაგრამ სახეზეა უთანასწორო მოპყრობა და „მეორეხარისხოვან“ ადამიანებად მიჩნევა სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომაგენლების. მე არ ვიცი, რა ფორმით აპირებენ, შობის აღნიშვნას 25 დეკემბერს [სხვა რელიგიური გაერთიანებები], მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარია, რომ [სახელმწიფოს] მიდგომა აუცილებლად იყოს ერთგვაროვანი – არც ადამიანების რელიგიური თავისუფლება უნდა შეიზღუდოს და ჯანმრთელობაც უნდა იყოს დაცული, ერთგვარი ბალანსია საჭირო“, – განმარტავს ის”.

კითხვაზე, ხომ არ მეტყველებს ეს გადაწყვეტილებები იმაზე, რომ მთავრობისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საპატრიარქოს კეთილგანწყობა, ღავთაძე ამბობს, რომ ამგვარი დამოკიდებულება სახეზეა.

„რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა არის გადაჭარბებული ლოიალობა ეკლესიის მიმართ, შიში, რიდი, ბენეფიტების მიღებისთვის თანამშრომლობა და ა.შ.  მე არ განვიხილავ იმ საკითხს, უნდა მოხდეს თუ არა შობას შეკრება, ეს ცალკე სამსჯელო საკითხია. ჩემთვის პრობლემურია, რომ მიდგომა არაერთგვაროვანია.

ასევე პრობლემურია, რომ მთავრობას აქვს სპეციალური უწყება, რელიგიის საკითხთა სახელწმფო სააგენტო, პრემიერთან მოქმედი. იმისთვის არის ეს შექმნილი, რომ გადაწყვეტილებებსა და რჩევებს აძლევდეს რელიიგიის თანასწორობის საკითხზე. ამ სააგენტოს ამგვარი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის პერიოდშიც“, – აცხადებს ღავთაძე.

კომენტარისთვის დავუკავშირდით ზემოხსენებული სააგენტოს ხელმძღვანელს. მის პოზიციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით იზღუდება:

  • 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე, საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;

სხვა შეზღუდვების შესახებ წაიკითეთ აქ

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი