ახალი ამბები

პრეზიდენტის განცხადება კავკასიური პლატფორმის იდეაზე არასწორად გაიგეს — ზალკალიანი

24 დეკემბერი, 2020 • 886
პრეზიდენტის განცხადება კავკასიური პლატფორმის იდეაზე არასწორად გაიგეს — ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელშიც  კავკასიური პლატფორმის ინიციატივის შესახებ საუბრობს, არასწორად იქნა გაგებული.

მისი თქმით, ზურაბიშვილის განცხადება  არ ყოფილა გამოხმაურება თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივაზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნას გულისხმობს.

ზალკალიანის თქმით, ზურაბიშვილს ეს ინიციატივა ერდოღანამდე ჰქონდა და მისი მიზანია, საქართველო სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების “ავანგარდში” იყოს.

“მე მგონი, არასწორად იყო გაგებული საქართველოს პრეზიდენტის ეს განცხადება. ეს არამც და არამც არ იყო გამოხმაურება იმ ინიციატივაზე, რომელიც გაჟღერდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან. სანამ გაჟღერდებოდა მსგავსი ინიციატივა, საქართველოს პრეზიდენტს მანამდეც არაერთხელ უთქვამს და ჩვენც გვითქვამს.

თუ გინდათ შეგახსენებთ, უშიშროების საბჭოს ბოლო შეხვედრა როცა იყო, იქიდან გამოსული ყველა ერთხმად აღვნიშნავდით, რომ ჩვენ თბილისს ვთავაზობდით პლატფორმად ჩვენს პარტნიორებს, ჩვენს მეზობლებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. იმისთვის შეგვეთავაზებინა თბილისი დიალოგის პლატფორმად, რომ მათ თბილისში ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც ორი ქვეყნის წინაშე არის. ეს ჰქონდა მას მხედველობაში, რომ საქართველო მუდმივად იყოს ავანგარდში სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში, ეს იყო მისი იდეა”, — განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ერდოღანის ინიციატივას, ზალკალიანის თქმით, თურქეთის გადმოსახედიდან გასაგებია, რადგან სამხრეთ კავკასიაში გრძელვადანი მშვიდობითაა დაინტერესებული. თუმცა, როგორც ზალკალიანი ამბობს, ერდოღანი ქართული მხარის ხედვასაც ითვალისწინებს, რადგანაც საქართველოს გაუჭირდება სამხრეთ კავკასიაში ოკუპანტ ძალასთან ერთად ერთ საერთო პლატფორმაზე, მშვიდობაზე საუბარი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 დეკემბერს, “ელჩების კონფერენცია 2020-სადმი” ონლაინ მიმართვაში გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, როგორც წლის ერთ-ერთ გამოწვევას ჩვენს რეგიონში. ზურაბიშვილმა სამწუხარო უწოდა საქართველოს პასიურობას რეგიონში მშვიდობის აღდგენის პროცესში და თქვა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურნენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და ევროპაში აშშ-ის არმიის მთავარსარდალი 2014-17 წლებში ბენ ჰოჯესი.

“ეს “მშვიდობის აღდგენა” იძულებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ. და რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის ხელშეწყობა, როდესაც ეს ნიშნავს თქვენს რეგიონულ საქმეებში რუსეთისა და ირანისთვის ხმის მიცემის უფლებას”, – წერს იან კელი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში.

გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის მთავარსარდალი 2014-17 წლებში, სვამს კითხვას:

“შეცდომა… საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს ხელისუფლებას არ წარმოადგენს? რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე? რატომ აძლევს საქართველო ნებას რუს “მშვიდობისმყოფელებს”, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაფრინდნენ აზერბაიჯანში მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწები”.

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე

მასალების გადაბეჭდვის წესი