შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1988 წელს დაბადებული მ.მ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამტრედიაში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კაცმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1973 წელს დაბადებულ ე.კ-ს და მიიმალა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში საკუთარ სახლთან ახლოს, მიტოვებულ სახლში დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
შსს-ს ცნობით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.