ახალი ამბები

რუსეთთან ერთად ვერავითარი კავკასიური პლატფორმა ვერ შედგება — სამხარაძე

23 დეკემბერი, 2020 • 993
რუსეთთან ერთად ვერავითარი კავკასიური პლატფორმა ვერ შედგება — სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ კავკასიური პლატფორმა ვერ შედგება, რადგანაც მასში რუსეთიც მოიაზრება.

მისი თქმით, მანამ, სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, ასეთ პლატფორმაზე ვერ იქნება საუბარი.

“კავკასიური პლატფორმის იდეის მიმართ მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პლატფორმაში რუსეთი მოიაზრება. სანამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, სანამ რუსეთი აღიარებს სოხუმის და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობას, მანამდე ვერავითარი კავკასიური პლატფორმა ვერ შედგება და ვერანაირ კავკასიურ ერთობაზე, სადაც რუსეთი იქნება ჩართული, ვერ გვექნება ჩვენ საუბარი. ერთადერთი პირობა ასეთი პლატფორმის შექმნის არის ის, რომ რუსეთმა გაიწვიოს უკან ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, გაიწვიოს თავისი ჯარები სოხუმიდან და ცხინვალიდან, მერე, რა თქმა უნდა, ნებისმიერ თემაზე გვექნება საუბარი”, — განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ “კავკასიური პლატფორმის” ინიციატივის მხარდაჭერამ დისკუსია გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ დიპლომატებში.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 დეკემბერს, “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვაში გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, როგორც წლის ერთ-ერთ გამოწვევას ჩვენს რეგიონში. ზურაბიშვილმა სამწუხარო უწოდა საქართველოს პასიურობას რეგიონში მშვიდობის აღდგენის პროცესში და თქვა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”.

აშშ-ის ყოფილი ელჩისთვის საქართველოში და ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდლისთვის გაუგებარია, რით ხიბლავს საქართველოს პრეზიდენტს მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმება, რომელიც რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნას აძლიერებს? ასევე, რატომ უხსნის საქართველო საჰაერო სივრცეს რუს სამშვიდობებს. კითხვის ნიშნები გამოიწვია იმანაც, თუ რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი “კავკასიურ პლატფორმაში” და უჭერს თუ არა იგი მხარს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას ექვსეულის — აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სომხეთიც — პლატფორმის შექმნის შესახებ.

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე

მასალების გადაბეჭდვის წესი