ახალი ამბები

კათოლიკე ეკლესია მთავრობის შეთავაზებაზე უარს ამბობს და საშობაო ღამისთევას 21:00 საათამდე დაასრულებს

23 დეკემბერი, 2020 •
კათოლიკე ეკლესია მთავრობის შეთავაზებაზე უარს ამბობს და საშობაო ღამისთევას 21:00 საათამდე დაასრულებს

კათოლიკე ეკლესია უარს ამბობს მთავრობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, რომ საშობაო ღამისთევაზე დასასწრებად საშვებით ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას კათოლიკე ეკლესიის მედია საქართველოში ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საშობაო ღამისთევის წირვა ყველა კათოლიკურ ტაძარში 21:00 საათამდე დასრულდება.

როგორც მედიასთან აცხადებს კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, მთავრობის გადაწყვეტილებით, საშვებისთვის სასულიერო პირმა წირვაზე დასწრების მსურველთა სია და პირადი ნომრები სახელმწიფოს უნდა გადასცეს, რასაც კათოლიკე ეკლესია არ და ვერ იზიარებს.

მისი თქმით, შეუძლებელია, სასულიერო პირმა წინასწარ იცოდეს, ვინ მივა მსახურებაზე. ასევე, ჯუზეპე პაზოტო აღნიშნავს, რომ პრობლმას წარმოადგენს მრევლის ყველა წევრისთვის პირადი ნომრის გამორთმევაც.

“საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა, ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე? მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში. წარმოგიდეგნიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო…?

განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? ეს ირიბი იძულება ხომ არაა, რომ ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში ჩატარდეს მსახურებები? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად, პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება”, — აცხადებს ჯუზეპე პაზოტო.

გუშინ, 22 დეკემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშილმა განაცხადა, რომ  არადომინანტური  კონფესიების წარმომადგენლებმა თავიანთი მრევლის სია სპეციალურ სამსახურებს უნდა მიაწოდონ, რათა მათთვის ერთჯერადი საშვი დაუშვან შეზღუდვების დროს სადღესასწაულო რიტუალებზე დასასწრებად.

მთავრობის თავდაპირველი გეგმით, შეზღუდვა გადაადგილებაზე მხოლოდ 2 ღამით – 31 დეკემბერს (ახალი წელი) და 6 იანვრის ღამეს (მართლმადიდებლური შობა) იხსნებოდა. თუმცა სხვა რელიგიური ჯგუფებს, რომელთა დღესასწაულები დეკემბერ-იანვარს ემთხვევა, ეს გამონაკლისები არ ითვალისწინებდა.

ცქიტიშვილმა 27 ნოემბერსაც თქვა, რომ 6 იანვრის ღამე მთავრობამ გამონაკლისად ჩათვალა იმიტომ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელია.

არასამთავრობო სექტორში მთავრობის ამ მიდგომებს უთანასწორო მოპყრობად აფასებენ.

ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს “აშკარა დისკრიმინაცია” უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი