ახალი ამბები

პრეზიდენტ(ებ)ის “კავკასიური პლატფორმა”

23 დეკემბერი, 2020 • 2322
პრეზიდენტ(ებ)ის “კავკასიური პლატფორმა”

საქართველოს პრეზიდენტის მიერ “კავკასიური პლატფორმის” ინიციატივის მხარდაჭერამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოელ დიპლომატებში დისკუსია გამოიწვია. აშშ-ის ყოფილი ელჩისთვის საქართველოში და ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდლისთვის გაუგებარია, რით ხიბლავს საქართველოს პრეზიდენტს მთიანი ყარაბაღის შესახებ შეთანხმება, რომელიც რეგიონში რუსეთის სამხედრო ყოფნას აძლიერებს? ასევე, რატომ უხსნის საქართველო საჰაერო სივრცეს რუს სამშვიდობებს. კითხვის ნიშნები გამოიწვია იმანაც, თუ რას გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი “კავკასიურ პლატფორმაში” და უჭერს თუ არა იგი მხარს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივას ექვსეულის — აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სომხეთიც — პლატფორმის შექმნის შესახებ.

რა თქვა საქართველოს პრეზიდენტმა?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 დეკემბერს, “ელჩების კონფერენცია 2020”-ისადმი ონლაინ მიმართვაში გამოეხმაურა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, როგორც წლის ერთ-ერთ გამოწვევას ჩვენს რეგიონში. ზურაბიშვილმა სამწუხარო უწოდა საქართველოს პასიურობას რეგიონში მშვიდობის აღდგენის პროცესში და თქვა, რომ “საქართველო ვერ იქნება პასიური კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ”.

“კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე, ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული — მშვიდობაზე და სტაბილურობაზე.  ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა — ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა.  სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში და არის. ამიტომ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით “ჩვენი გაცოცხლების წელი”.

საქართველოს პოზიციის კრიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას Twitter-ზე გამოეხმაურნენ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი და ევროპაში აშშ-ის არმიის მთავარსარდალი 2014-17 წლებში ბენ ჰოჯესი.

“ეს “მშვიდობის აღდგენა” იძულებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ. და რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს კავკასიური პლატფორმის ხელშეწყობა, როდესაც ეს ნიშნავს თქვენს რეგიონულ საქმეებში რუსეთისა და ირანისთვის ხმის მიცემის უფლებას”, – წერს იან კელი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში.

გადამდგარი ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი, ევროპაში აშშ-ის არმიის მთავარსარდალი 2014-17 წლებში, სვამს კითხვას:

“შეცდომა… საქართველოს პრეზიდენტი უმაღლეს ხელისუფლებას არ წარმოადგენს? რატომ მიესალმება საქართველო გეგმას, რომელიც აცემენტებს რუს ოკუპანტებს ყველა საზღვარზე? რატომ აძლევს საქართველო ნებას რუს “მშვიდობისმყოფელებს”, მისი საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაფრინდნენ აზერბაიჯანში მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარებს ოკუპირებული აქვს საქართველოს მიწები”.

ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა 9-პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელების განთავსებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, ლაჩინის კორიდორში ჩადგება 1960 მშვიდობისმყოფელი, 90 შეიარაღებული მანქანით, 380 სხვა ტიპის ავტომობილითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით. ისინი, სულ მცირე, 5 წლის ვადით განთავსდებიან, თუმცა, დარჩენის პერსპექტივით. რუსული დანაყოფების დისლოკაცია ყარაბაღში 10 ნოემბერს, შეთანხმების გაფორმებიდან მალევე დაიწყო.

სამშვიდოებოების კონტინგენტის მთიან ყარაბაღში გადასაყვანად საქართველომ რუსეთს საჰაერო სივრცე გაუხსნა და ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის თხოვნით ახსნა.

რუსი სამშვიდოებოები ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაჰყავთ

 

სალომე ზურაბიშვილის გააქტიურება “კავკასიური პლატფორმის” მიმართულებით სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის შესახებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინიციატივის კონტექსტში განიხილა და გააკრიტიკა ოპოზიციამ.

“ე.წ. კავკასიის პლატფორმის შექმნა, თურქეთის იდეაა, თურქეთს, ირანსა და რუსეთთან ერთად, სამი სამხრეთ კავკასიის ქვეყნის გაერთიანებას გულისხმობს საერთო პლატფორმაზე. იდეას მიესალმა ვლადიმერ პუტინი… და საქართველოს პრეზიდენტი. დასავლეთში ამ იდეამ ისეთი შეშფოთება გამოიწვია, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარებაზე დაიწყეს სერიოზული მსჯელობა. ივანიშვილი და მისი მარიონეტები სწორედ ესე, მიზანმიმართულად და არცთუ დაფარულად გვწაპნიან დასავლურ მომავალს”, – წერს Facebook-ზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში სალომე სამადაშვილი.

“ევროპული საქართველოს” წევრ გიგა ბოკერიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი, გარდა იმისა, რომ არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა, ცნობილია საქარველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის სახიფათო პოზიციებით.

“როდესაც შეერთებული შტატების ჯარები აქ იყო საერთო წვრთნებისთვის, ჩვენ გვახსოვს მისი პროტესტი, რომ აღშფოთდა რუსულ პროპაგანდასთან სრულ თანხვედრაში და ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. რაც შეეხება ამ ინციატივას, თურქეთი ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, მაგრამ ნებისმიერი ფორმატი, რომელშიც არ იქნება ჩართული თავისუფალი სამყარო, ან შეერთებული შტატები, ან ნატო, ან ევროკავშირი, უსაფრთხოების ამ ჭრილში, არის საქართველოსთვის არასასურველი მინიმუმ, ან სახიფათო”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყარაბაღის კონფლიქტი და ერდოღანის ინიციატივა

მთიან ყარაბაღში მორიგი ომი ერთ თვეზე მეტია, რაც დასრულდა. შეთანხმების შესაბამისად, აზერბაიჯანულმა მხარემ დაიკავა აღდამის, ქელბაჯარისა და ლაჩინის რაიონები. ასევე, კონტროლი მოიპოვა სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე, მათ შორის სოთქის ოქროს საბადოს ნაწილზეც, რაც სომხური საზოგადოების ნაწილის მიერ აღქმული იქნა, როგორც სომხეთის რესპუბლიკის ოკუპაცია. თუმცა, ოფიციალური ერევნის განცხადებით, მიმდინარეობდა საზღვრის დემარკაციის პროცედურები და აზერბაიჯანელი სამხედროები არ იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ამასთან, ყარაბაღში დაიწყო რუსულ-თურქული სამშვიდობო ცენტრის მშენებლობა, რომელიც, ანკარას ცნობით,  ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

საზეიმო აღლუმს, რომლითაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის ომის შედეგები აღნიშნა, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრო. სწორედ ბაქოში ვიზიტისას, 10 დეკემბერს ერდოღანმა განაცხადა, რომ ხედავს სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის შესაძლებლობას, რაც რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

ერდოღანს სამხრეთ კავკასიაში “ექვსეულის პლატფორმის” შექმნის სურვილი აქვს

“დღეს ჩემს ძმასთან (ალიევთან) ერთად განვიხილე ექვსი ქვეყნის პლატფორმის შექმნა, რომელშიც შევლენ აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ირანი და სურვილის შემთხვევაში, სომხეთიც. ეს იქნებოდა კარგი თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის”, – თქვა ერდოღანმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ვერ აღიქმება ერდოღანის ინიციატივაზე გამოხმაურებად.

“პრეზიდენტის ეს გამოსვლა ვერ და არ აღიქმება, როგორც გამოხმაურება რომელიმე სხვა ინიციატივაზე, რადგან კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის წინადადებით პრეზიდნეტი არა ერთხელ და ჯერ კიდევ მაშინ გამოვიდა, როდესაც რეგიონში კონფლიქტი მიმდინარეობდა. პრეზიდენტი მუდმივად ხაზს უსვამს კავკასიაში საქართველოს ისტორიულ როლს, რაც ყოველთვის იყო კავკასიის გამაერთიანებელი ძრავის როლი”, – აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

მთავრობისგან განსხვავებული პოზიციონირება?

თუ სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მიზნის მიღწევაში “ჩართული იყო ყველა, ჩვენს გარდა!”, მთავრობის მეთაური გიორგი გახარია საქართველოს მიერ ნეიტრალეტიტის შენარჩუნებას მიიჩნევს მიღწევად. პრემიერ-მინისტრის აზრით, საქართველომ თავისი პოზიცია მკაფიოდ უკვე მას შემდეგ უნდა დააფიქსიროს, რაც ბოლოდროინდელი ცვლილებების საბოლოო შედეგები თვალსაჩინო გახდება.

გახარიას თქმით, მთიან ყარაბაღში განვითარებული პროცესებთან დაკავშირებით საქართველომ “ნეიტრალიტეტის დაცვა შეძლო, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, კეთილმეზობლური ურთიერთობები შეგვენარჩუნებინა ჩვენს მეზობლებთან”.

“საქართველომ შეძლო ნეიტრალიტეტის დაცვა” – გახარია მთიან ყარაბაღზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი