ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი სამშვიდოებოები ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაჰყავთ

11 ნოემბერი, 2020 • 1925
რუსი სამშვიდოებოები ყარაბაღში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გადაჰყავთ

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ადასტურებს, რომ საქართველომ რუსეთს საჰაერო სივრცე გაუხსნა სამშვიდოებოების კონტინგენტის მთიან ყარაბაღში გადასაყვანად.

როგორც აბაშიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის და სომხეთის თხოვნით იქნა მიღებული.

“ქართული მხარე უკვე გამოეხმაურა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და გამოთქვა იმედი, რომ ეს ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს. საქართველომ არაერთხელ გამოხატა მზადყოფნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესის განხორციელებას. რაც შეეხება საქართველოს როლს და ჩვენს მონაწილეობას სამშვიდობო კონტინგენტის ლოჯისტიკურ საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის მიხედვით და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

მოცემულ ეტაპზე, საკითხის აქტუალობისა და მშვიდობის დამყარებისთვის, შეზღუდული დროის გათვალისწინებით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე, სომხეთის მხარის თხოვნის საფუძველზე, გამონაკლისის სახით, რუსი სამშვიდობოების კონტინგენტის ნაწილი, წინასწარშთანხმებული და განსაზღვრული პერიოდით, გადაყვანილ იქნება დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით. ამის შესახებ ინფორმირებული არიან ჩვენი პარტნიორები”, – განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე ადასტურებს, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს საჰარეო სივრცე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის გაიხსნა. მისი ინფორმაციით, ფრენები “გარკვეული პერიოდის განმავლობაში” გაგრძელდება.

თავდაპირველად sova.news-მა Flightradar24-ის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველომ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე გაუხსნა.

რადარის მონაცემებით, ერთ შემთხვევაში რუსული თვითმფრინავი Ил-76MD მოზდოკიდან, სადაც რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების სტრატეგიული ავიაციის ბაზაა განთავსებული, სომხეთში გაფრინდა, მეორეში – ულიანოვსკიდან. რუს სამშვიდობოებს ყარაბაღში სწორედ ულიანოვსკიდან აგზავნიან.

ყარაბაღში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა 9-პუნქტიან შეთანხმებას, რომელიც კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელების განთავსებას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით, ლაჩინის კორიდორში ჩადგება 1960 მშვიდობისმყოფელი, 90 შეიარაღებული მანქანით, 380 სხვა ტიპის ავტომობილითა და სხვა სპეციალური აღჭურვილობით. ისინი, სულ მცირე, 5 წლის ვადით განთავსდებიან, თუმცა, დარჩენის პერსპექტივით.

რუსული დანაყოფების დისლოკაცია ყარაბაღში 10 ნოემბერს, შეთანხმების გაფორმებიდან მალევე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი