პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით მოსახლეობას სწორი მოლოდინები უნდა შეექმნას. ამის შესახებ მან დღეს, 23 დეკემბერს, პარლამენტში ფრაქცია “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინა პრობლემას ერთ ან ორ თვეში ვერ მოაგვარებს და მასზე გადაჭარბებული მოლოდინები არ უნდა შეიქმნას.
როგორც გახარია ამბობს, საქართველო უკვე არის იმ კოვაქსპლატფორმის წევრი, რომელიც ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქრთველოში შემოტანის საშუალებას გარანტირებულად იძლევა. მისივე თქმით, ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი უკვე წინასწარ გადახდილიცაა, თუმცა დღეს ვერავინ იტყვის ზუსტად, როდის და რა რაოდენობით იქნება ეს მოწოდებები განხორციელებული.
“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს და დაიწყებს, პირველ რიგში, რისკის ჯგუფის შემცველი ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს. მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვაქცინა არ ნიშნავს იმას, რომ როგორც კი ვაქცინა გამოჩნდება, პრობლემა ერთ ან ორ თვეში გადაწყდება. ვაქცინა არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ პირველ რიგში, სიკვდილიანობის რისკები და დავიცვათ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჩვენი მოქალაქეები: ხანდაზმულები და იმ პროფესიის ხალხი, რომელსაც წინა ფლანგზე უწევს ბრძოლა.
ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება. ეს პასუხისმგებლობაა, რომელიც გააზრებული აქვს თითოეულ ქვეყანას ევროპაში და ჩვენს პარტნიორებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენს მოსახლეობასთან ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინების შექმნის აუცილებლობის შეგრძნება”, — განაცხადა გახარიამ.
გუშინ, 22 დეკემბერს, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოში 2021 წლის თებერვალ-მარტში ჩამოვა მოსახლეობის 20%-ისთვის საჭირო ვაქცინა.
ტიკარაძის თქმით, საქართველოს ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თავად შეძლებს ვაქცინის შერჩევას და დროულად მიღებას.
რა ინფრასტრუქტურაა საქართველოში ვაქცინის დასანერგად — გამყრელიძის განმარტება
