ახალი ამბები

რა ინფრასტრუქტურაა საქართველოში ვაქცინის დასანერგად — გამყრელიძის განმარტება

16 დეკემბერი, 2020 • 1357
რა ინფრასტრუქტურაა საქართველოში ვაქცინის დასანერგად — გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სპეციალური კომისია აქტიურად მუშაობს ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინისთვის როგორც ინფრასტრუქტურის მომზადების,  ასევე, სერვისების მიწოდების კუთხით. აღნიშნული კომისია მთავრობის საკოორდინაციო საბჭოსთან შეიქმნა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში საკმარისადაა მაცივრები, სადაც ისეთი ვაქცინების განთავსება შეიძლება, რომელსაც უკიდურესად დაბალი ტემპერატურა არ სჭირდება. მაგალითად, ასეთი ვაქცინაა ასტრაზენეკასა და ოქსფორდის ვაქცინა, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, თუმცა კვლევის ბოლო ფაზა, ფაქტობრივად, დასრულებულია.

რაც შეეხება მოდერნას ვაქცინას, რომელიც -20 გრადუსზე დასაწყობებას საჭიროებს, გამყრელიძის თქმით, მისი დანერგვაც არის შესაძლებელი, რასგანაც მუნიციპალიტეტების დონეზე ქვეყანაში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გარდა ამისა, საქართველოში 40-მდე მაცივარია, რომელშიც ფაიზერის ვაქცინის განთავსება შეიძლება, რომელიც -70/- 80 გრადუს ტემპერატურას საჭიროებს, თუმცა აღნიშნული მაცივრებიდან მხოლოდ ნაწილის გამოთავისუფლებაა შესაძლებელი ვაქცინის შესანახად. აღნიშნული მაცივრები ამჟამად სხვა მიზნებისთვისაც გამოიყენება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იგეგმება მსგავსი მოწყობილობების დამატებით შესყიდვა, რაც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, ფაიზერის ვაქცანა დიდ ქალაქებში იყოს ხელმისაწვდომი.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, ინფრასტრუქტურის მომზადების პარალელურად, საჭირო იქნება კადრების გადამზადებაც ფაიზერისა და მოდერნას ვაქცინის გამოყენებისთვის. საუბარია როგორც სამედიცინო პერსონალზე, ასევე, რეგისტრატორებზე, რომლებიც აცრილ მოქალაქეებს ელექტრონულ ბაზაში შეიყვანენ.

ამირან გამყრელიძის თქმით, დეტალურ გეგმას კომისია ქვეყანაში ვაქცინის დანერგვის თაობაზე წლის ბოლოსთვის წარადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, საქართველო ვაქცინის შემოტანას გეგმავს დაახლოებით მარტი-აპრილისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გავლით. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მიმდინარეობს მოლაპარაკებები უშუალოდ მწარმოებლებთან, რათა ვაქცინის გარკვეული დოზა იანვარ-თებერვალში მივიღოთ. დღესდღეობით ევროპისა და აშშ-ის მარეგულირებლებს მხოლოდ ფაიზერის ვაქცინა აქვთ დამტკიცებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი