ახალი ამბები

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მყოფთა მიმართ EU-ს სანქციებზე ვიმუშავებთ – ზალკალიანი

21 დეკემბერი, 2020 • 688
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მყოფთა მიმართ EU-ს სანქციებზე ვიმუშავებთ – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ დავით ზალკალიანის თქმით, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მყოფ პირთა მიმართ ევროკავშირის სანქციების დაწესება საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტი იქნება.

ევროპასთან ინტეგრაციის, დიაპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატმა მაკა ბოჭორიშვილმა ზალკალიანს ჰკითხა, ხომ არ ფიქრობს, რომ ევროკავშირის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული ჩარჩო-გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების სანქციების დაწესების შესახებ საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანქციები დაწესდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო.

“ძალიან კარგი შესაძლებლობაა ეს ოთხოზორია-ტატუნაშილის სიასთან დაკავშირებით. იცით, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებაზე და რამდენიმე ქვეყანამ შემზღუდავი ზომები დააწესა იმ პირთა მიმართ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ  აუცილებელია გავაფართოოთ. ამიტომ ეს კონცეფცია და ეს ფორმატი დაგვეხმარება ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში იმისთვის, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში მყოფი პირების მიმართ ევროკავშირის მხრიდან დაწესდეს სანქცია. ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ ამაზე და ეს ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ევროკავშირმა 10 დეკემბერს ხელი მოაწერა ე.წ. მაგნიტსკის აქტის ანალოგის შექმნას ევროპის კავშირში, რაც ითვალისწინებს სანქციათა ახალი მექანიზმის შემოღებას ადამიანის უფლებების დამრღვევთა წინააღმდეგ.

„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ“ რეზოლუცია საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის 21 მარტს  მიიღო. სიაში შეყვანილია 33 ადამიანი, რომლებიც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდნენ.

ტატუნაშვილი – ოთხოზორიას 33-კაციანი სია სრულად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი