ახალი ამბები

კითხვის ნიშანებს აჩენს ახალი ანტიკრიზისული პროგრამების დაფარვა და მათი გრძელვადიანი გავლენა – EMC

21 დეკემბერი, 2020 • 981
კითხვის ნიშანებს აჩენს ახალი ანტიკრიზისული პროგრამების დაფარვა და მათი გრძელვადიანი გავლენა – EMC

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპის შეფასება გამოაქვეყნა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ანტიკრიზისული პროგრამების მეორე ტალღის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ეფექტები კითხვის ნიშნებს აჩენს. კერძოდ, საუბარია როგორც უშუალოდ კომპენსაციების და სოციალური დახამრებების გაცემის წესებზე, ასევე, ამ პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხების მობილიზებისთვის გატარებულ ღონისძიებებსა და მათ სამომავლო ეფექტზე.

EMC განცხადებაში აღნიშნავს, რომ თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციების მისაღებად რეგისტრაციის გავლის წესის ცვლილება ართულებს თვითდასაქმებულთათვის დახმარების მიღების შესაძლებლობას.

კერძოდ, ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, თვითდასაქმებულები, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ ისეთ ობიექტზე, რომელსაც 28 ნოემბრიდან შეჩერებული აქვს საქმიანობის განხორციელების და სარეალიზაციო სივრცეში მომხარებელთა დაშვების უფლება, ერთჯერადად მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას. პირველი ანტიკრიზისული პაკეტის მსგავსად, დასაქმებულ ადამიანებს შემოსავლების სამსახურისთვის თავად უნდა მიემართათ, ახალი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად კი, მათ მონაცემებს სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე ობიექტის ადმინისტრაცია ავსებს. თუმცა ობიექტების მფლობელებს თვითდასაქმებულების შესახებ აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას არ ავალდებულებს.

EMC განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ გარემოების თანახმად, თვითდასაქმებულთა ეს ნაწილი რჩება ობიექტების მფლობელთა კეთილი ნების იმედად და “ბუნდოვანია, რამდენად უზრუნველყოფს თითოეული ადმინისტრაცია შესაბამისი ინფორმაციის სახელმწიფოსათვის ზუსტად და განსაზღვრულ ვადაში მიწოდებას”.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა ახალმა შეზღუდვებმა არაფორმალური სექტორი სრულად მოიცვა, გამონაკლისი კი მხოლოდ აგრარულ ბაზრობებზე მომუშავე თვითდასაქმებულები აღმოჩნდნენ, რომელთაც ამჟამად საქმიანობის გაგრეძლების უფლება აქვთ. EMC მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპით გათვალისწინებულ 300-ლარიან დახმარებას თვითდასაქმებულთა მცირე ნაწილი მიიღებს.

“სახელმწიფო კვლავ დახმარების გარეშე ტოვებს არაფორმალური სექტორის ყველაზე დაუცველ ჯგუფებს, ძიძებს, გარემოვაჭრეებს, საშინაო შრომაში ჩაბმულ ადამიანებს და სხვა. არაფორმალური სექტორი საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს აწარმოებს, ხოლო არასასოფლო-სამეურნო სექტორებში დასაქმებულთაგან ყოველი მესამე არაფორმალურადაა დასაქმებული. ამავდროულად, კრიზისებისას არაფორმალური სექტორი განსაკუთრებით ზარალდება, რადგან არაფორმალურ შრომაში ჩართულ პირებს ახასიათებთ მაღალი სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობა. ხშირად ისინი ინფორმირებული არ არიან სახელმწიფო პროგრამების შესახებ, ხოლო სახელმწიფო უწყებებს მათი საჭიროებების შესახებ მონაცემები და ინფორმაცია არ გააჩნიათ.

არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა დაფარვა კითხვის ნიშნებს აჩენდა პირველი ანტიკრიზისული პაკეტის ადმინისტრირებისასაც, როცა ძიძების, გარემოვაჭრეებისა და არაფორმალურად დასაქმებულთა არაერთი სხვა ჯგუფისთვის ანტიკრიზისულ პროგრამებში მოხვედრის კრიტერიუმები ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ სწორედ არაფორმალური სექტორის არასაკმარისი დაფარვის გამო დარჩა შრომის ბაზრის დიდი ნაწილი ანტიკრიზისული დახმარების გარეშე. შიდა სამომხმარებლო მოთხოვნის შემცირებამ მნიშვნელოვნად შეამცირა არაფორმალურად დასაქმებულთა შემოსავლები. არაფორმალურად დასაქმებულთა შემთხვევაში გამოვლინდა ისიც, რომ ამ ჯგუფებს ხშირად ხელი არ მიუწვდებათ სახელმწიფო სერვისებსა და ინფორმაციაზე მათ შესახებ. არაფორმალური სექტორი ქართული შრომის ბაზრის (სასოფლო-სამეურნო სფეროს გარდა) მესამედს ასაქმებს, რაც ნიშნავს, რომ ანტიკრიზისული პროგრამებმა ვერ მოიცვა შრომის ბაზარზე არაფორმალურ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე დაუცველი ჯგუფები”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, EMC განცხადებაში საუბრობს ანტიკრიზისული პროგრამების შესაძლო გრძელვადიან ფისკალურ ეფექტებზეც. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქვეყანამ ანტიკრიზისული პროგრამებისთვის დამატებით 4 მილიარდ 471 მილიონი ლარის ოდენობის საგარეო ვალი აიღო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა საკრედიტო პირობებსა და ვალდებულებებს ითვალისწინებს ახალი საგარეო ვალი.

“აღებული ვალის მოცულობის პროპორციულად იზრდება იმის რისკიც, რომ მომავალი წლების განმავლობაში დამატებითი ხარჯების გასტუმრება სოციალური პროგრამებისთვის დაფინანსების შემცირების გზით მოხდება”, – წერს EMC განცხადებაში.

EMC ასევე აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ანტიკრიზისული პროგრამების შემუშავებისა და ადმინისტრირების საერთაშორისო გამოცდილება თანდათან გროვდება. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, რომ პანდემიის დასაწყის ეტაპზე სახელმწიფოებს უპრცედენტო მექანიზმების შექმნა უწევდათ, თუმცა დღეს არსებობს სხვადასხვა კვლევა და ანგარიში, რაც არსებულ კრიზისზე სახელმწიფო სტრატეგიების მრავალფეროვნებას აღწერს და სხვადასხვა მიდგომების გავლენებსა და შედარებით უპირატესობებს აფასებს. ამასთან, EMC აღნიშნავს, რომ დაგროვდა გამოცდილება სამუშაო ადგილებისა და ხელფასების შენარჩუნებისკენ მიმართული პროგრამების შესახებაც.

“ქვეყნების ნაწილი კერძო სექტორს დასაქმებულთა ხელფასების ნაწილობრივ სუბსიდირებას სთავაზობს. მაგალითად, ბულგარეთში, იმ სექტორებში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ, სახელმწიფო სამსახურის დაკარგვის რისკის წინაშე მყოფი დასაქმებულების ხელფასის 60%-ს ფარავს. ხელფასების ნაწილობრივი სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს აზერბაიჯანშიც. სხვა ქვეყნებში კერძო სექტორს ანტიკრიზისულ დახმარებაზე წვდომა მხოლოდ იმ შემთხვევაში ენიჭებათ, თუ ისინი სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ. ზოგიერთ ქვეყანაში ეს მოთხოვნა საკმაოდ მკაცრიცაა და დასაქმებულთა 80%-ის შენარჩუნებას ითვალისწინებს. თურქეთში 2021 წლის იანვრამდე დამსაქმებლებს დასაქმებულთა სამსახურიდან დათხოვნა ეკრძალებათ”, – განმარტებულია განცხადებაში.

საქართველოს შემთხვევაში კი, EMC განმარტავს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ხელფასების სუბსიდირებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ დათქმებს არ შეიცავს.

ასევე, არასამავრობო ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს ანტიკრიზისული გეგმის ორ – “ბიზნესის მხარდაჭერის” და “მოქალაქეებზე ზრუნვის”, ნაწილებად დაყოფას.

“სამართლიანობისა და ეფექტურობისთვის, ბიზნესის მხარდაჭერა კერძო სექტორში დასაქმებულებზეც უნდა ვრცელდებოდეს, ხოლო სოციალური ტრანსფერები სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების უწყვეტობას ან დროულად აღდგენას უზრუნველყოფდნენ. ბიზნესის მხარდაჭერის მოქალაქეებზე ზრუნვისთვის შემუშავებული პროგრამებისგან გამოყოფა იმაზე მიუთითებს, რომ ის არა სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, არამედ ვიწროდ კერძო სექტორისთვის გაჩენილი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, EMC ქვეყანაში არსებულ სოციალური შემწეობის სისტემაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ აღნიშნული სისტემა შემწობის გაფართოების საშუალებას იძლევა, თუმცა დაზარალებულთა სრულად მოცვა არ შეუძლია. სოციალური დაცვის ისეთი ინსტრუმენტები კი, როგორიცაა მინიმალური ხელფასი, უმუშევრობის შემწეობა ან უმუშევრობის დაზღვევა, საქართველოში არ ფუნქციონირებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ კრიზისების დროს სახელმწიფოს მასშტაბური სოციალური კრიზისის თავიდან ასაცილებლად საგანგებო პროგრამების შემუშავება უწვეს.

“სოციალური ტრანსფერების საგანგებო პროგრამების ამოქმედება დამატებით სირთულეებს აჩენს – საჭირო ხდება ადმინისტრირებისა და კრიტერიუმის შემუშავების დაჩქარებულად შემუშავება, დამატებითი ფისკალური და ადამიანური რესურსების მობილიზება. ეს პრობლემები კრიზისის გაჩენისთანავე გაჩნდა, როცა სოციალურ აგენტებს და სხვებს, ვისაც დახმარების გაცემა და გაჩენილ საჭიროებებზე რეაგირება დაევალათ, ამისთვის საკმარისი რესურსები არ აღმოაჩნდათ. იმ ქვეყნებში, სადაც ანტიკრიზისული პროგრამები უფრო ეფექტურად განხორციელდა, ახალი დატვირთვა და სოციალური ტრანსფერების ნაწილი უკვე არსებული სისტემებზე – უმუშევრობის დაზღვევის ან კომპენსაციის – გადანაწილდა”, – წერს EMC.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, EMC საქრთველოს მთავრობას და ანტიკრიზისული პროგრამების შემუშავებასა და ადმინისტრირებაში ჩართულ უწყებებს მოუწოდებს:

  • კრიტიკულად შეაფასონ ანტიკრიზისული პროგრამების მოსარგებლეთა წრე და პროგრამებიდან მათი გამოტოვების თანმდევი მძიმე სოციალური და ეკონომიკური ეფექტები და გადახედონ ანტიკრიზისული პროგრამების ამოცანებსა და სამიზნე ჯგუფებს;
  • წარმოადგინონ მობილიზებული საგარეო ვალის პირობები და მათი გასტუმრების გრძელვადიანი გეგმა.
  • წარმოადგინონ “ბიზნესის მხარდაჭერის” პროგრამის სოციალური გავლენების პროგნოზი, რომელზე დაყრდნობითაც ანტიკრიზისული პროგრამა შემუშავდა.

ვინ და როგორ შეძლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღებას

მასალების გადაბეჭდვის წესი