ახალი ამბები

მანდატების შეჩერებაზე განაცხადი იყო შეთანხმებაზე კარის დახურვა – ჰარცელი

19 დეკემბერი, 2020 • 822
მანდატების შეჩერებაზე განაცხადი იყო შეთანხმებაზე კარის დახურვა – ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატების შეჩერებაზე განაცხადი შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო. მისი თქმით, შუამავალი დიპლომატები ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია და მხარეებმა მეხუთე რაუნდამდე უნდა მიაღწიონ.

“პარტიებმა მანდატების შეჩერებაზე შეიტანეს განაცხადი, რაც, ჩემი აზრით, შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო, შეთანხმებაზე, რის მიღწევაზეც ვიბრძოდი და კიდევ ვაგრძელებ ბრძოლას.

…ახლა ის დროა, განსხვავებული მხარეები ფოკუსირდნენ ერთ საკითხზე მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს მაწუხებს მე, ეს უფრო მნიშვნელოვანია ახლა, ვიდრე სხვა დანარჩენი”, – თქვა მან.

ოპოზიციის ბოიკოტთან ერთად, ჰარცელმა ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” ორ კანონპროექტზე, პარტიების რეგისტრაციის გაუქმებისა და მათთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. ელჩმა თქვა, რომ ეს კანონპროექტები შეშფოთებას იწვევს და მხარეები ასეთი მოქმედებებით “უფრო შორდებიან, ვიდრე უახლოვდებიან და ეს ხდება მაშინ, როცა დრო იწურება”.

“მე მოვუწოდებ ყველას, ეს დრო გამოიყენონ კარგი შედეგის მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად. ვითარება სერიოზულია.

რაც მახარებს, არის ის, რომ ყველა მხარეს შორის არის მზაობა, მაგრამ ყველა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე ისაუბრებს და როგორ მიაღწევენ შეთანხმებას.

მეხუთე რაუნდამდე უნდა მივიდეთ. ფასილიტატორები ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. წინასწარი მოლოდინები არ მაქვს. რაც მოხდა, ეს პარტიების პოზიციებს ერთმანეთს უფრო აშორებს”.

მანვე აღნიშნა, რომ “რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს” და ამის მხარდაჭერა დიპლომატებისგან ვერ იქნება.

“ქუჩის პროტესტი და აზრის გამოხატვა დემონსტრაციის გზით და თუკი ის მშვიდობიანია, მისაღებია. იმედი მაქვს, პროტესტი არ ჩაანაცვლებს მოლაპარაკებების პროცესს. დიალოგისთვის ყველაზე დამაზიანებელი არის ნდობის არარსებობა”.

კომენტარის თარგმანს “რუსთავი2” ავრცელებს.

ჰარცელი “ოცნების” კანონპროექტებზე: გარკვეულ შეშფოთებას იწვევს

მასალების გადაბეჭდვის წესი