ახალი ამბები

ჰარცელი “ოცნების” კანონპროექტებზე: გარკვეულ შეშფოთებას იწვევს

19 დეკემბერი, 2020 • 1278
ჰარცელი “ოცნების” კანონპროექტებზე: გარკვეულ შეშფოთებას იწვევს

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული კანონპროექტები პარტიების რეგისტრაციიდან მოხსნისა და მათი დაფინანსების შესახებ, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს. ეს განცხადება მან მედიასთან საუბრისას გაახმიანა.

მან ასევე შეაფასა პარტიების განაცხადი მანდატების შეჩერებაზე და თქვა, რომ ეს “შეთანხმების საკითხზე კარის დახურვაა”.

“მინდა შევაჯამო ამ კვირის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები. ამ კვირაში მოხდა ორი რამ : პარტიებმა მანდატების შეჩერებაზე შეიტანეს განაცხადი, რაც, ჩემი აზრით, შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო, შეთანხმებაზე, რის მიღწევაზეც ვიბრძოდი და კიდევ ვაგრძელებ ბრძოლას.

ამის შემდეგ მოხდა 2 კანონის ინიცირება: რეგისტრაციის მოხსნისა და პარტიების დაფინასების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინიციატივები არ დაეხმარება პროცესს. სიმართლე გითხრათ, გარკვეულ შეშფოთებასაც იწვევს.

ზოგადად, რეგისტრაციის მოხსნა, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიმართ, ყოველთვის კითხვებს ბადებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც, როგორც ჩანს, კანონის მიღებას ახლავს გარკვეული განზრახვები.

რაც შეეხება პარტიების დაფინანსება – ამას ფართო განხილვები სჭირდება, შეიძლება, ზოგიერთისთვის არსებობდეს ლოგიკა, რომ,თუ არ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში და არ იღებს პროცესებში პასუხისმგებლობას, რატომ უნდა მიიღოს დაფინანსება.

ამაზე უფრო დიდი არგუმენტი არის ის, რომ უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური პარტია დემოკრატიისთვის და რომ პარტია პარლამენტში მხოლოდ სივრცის შესავსებად არ არის. ამ ქვეყანაში იყო ისეთი კანონები რომლებიც ნაკლებ ბარიერს ქმნიდა პარტიების დასაფინანსებლად და პარლამენტში მოსახვედრად.

ეს აღიარებული ფაქტია. პლურალისტური დემოკრატიის ნაწილია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც აქვს ამბიცია, მოხვდეს პარლამენტში, ან წარმოადგენდეს საკუთარ ამომრჩეველს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ. ვფიქრობ, ეს კანონი საჭიროებს მსჯელობას”, – აღნიშნა მან.

ჰარცელის კომენტარის თარგმანს “რუსთავი2” ავრცელებს.

რა ხდება?

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, 17 დეკემბერს თქვა, რომ პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვოს.

მისი განმარტებით, კანონპროექტი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს.

ამასთან, პარლამენტში ინიცირებულია კიდევ ერთი კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი