ახალი ამბები

პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა, ენმ არჩევნებს მიღმა დატოვოს

17 დეკემბერი, 2020 • 1538
პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა, ენმ არჩევნებს მიღმა დატოვოს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტში დაინიცირდა კანონპროექტი, რომელმაც შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვოს. ამის შესახებ მან დღეს, 17 დეკემბერს განაცხადა.

მისი განმარტებით, კანონპროექტი პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს.

აღნიშნული ცვლილების მიღებით, “ქართული ოცნება” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებს მიღმა დატოვებას აპირებს.

როგორც კობახიძე ამბობს, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, პარტიას რეგისტრაცია შემდეგი არჩევნებიდან გაუუქმდება. მისივე თქმით, ეს პარტიის აკრძალვა არაა და “მხოლოდ” რეგისტრაციის გაუქმებაა.

“ეს არ არის პარტიის აკრძალვა. პარტიის აკრძალვის უფლება აქვს მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს და პროცედურა არის კონსტიტუციით გათვალისწინებული. აქ საქმე ეხება მხოლოდ საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რაც შემდეგი არჩევნებიდან ამოქმედდება. პირველად ეს შეეხება ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებს.

კონსტიტუციის ოთხი საარჩევნო ცენზია დაწესებული: მოქალაქეობის ცენზი, ნასამართლეობის ცენზი, ასაკობრივი ცენზი და ქმედუნარიანობის ცენზი. თუ საარჩევნო აგიტაციაში პირი, როგორც შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ლიდერი, არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ამ შემთხვევაში საარჩვევნო სუბიექტს საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება”, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ქმედით მექანიზმს აღნიშნული არაკონსტიტუციურ ქმედებაზე რეაგირებისათვის.

როგორც ის ამბობს, 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც მოქმედი საარჩევნო კოდექსის საარჩევნო  აგიტაციაში კონსტიტუციის საწინააღმდეგო ჩართულობისკენ აწესებს, არ არის საკმარისი იმ “ნეგატიური გავლენის გასანეიტრალებლად”, რომელიც აღნიშნულმა ფაქტმა საარჩევნო პროცესზე შეიძლება იქონიოს.

მისი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი, კონსტიტუციური მოთხოვნის აღსრულებასთან ერთად,”წარმატებით უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას და ჯანსაღი ოპოზიციური ძალების გაძლიერებას”.

მანამდე, 12 დეკემბერს, კობახიძე აცხადებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტით, შემდეგ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს პარტიის ლიდერის სახელით კამპანიაში მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნება.

რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს

მასალების გადაბეჭდვის წესი