ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 1 თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვა

18 დეკემბერი, 2020 • 857
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 1 თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვა

ისანში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში პოლიციამ, სავარაუდოდ, 1 თვის წინ გარდაცვლილი ქალის ცხედარი იპოვა. ამავე ბინაში ცხოვრობდა მისი შვილიც – 40 წლამდე კაცი – თუმცა, როგორც თავადვე ადასტურებს, პოლიციისთვის ქალის გარდაცვალების ფაქტი არ უცნობებია.

როგორც გარდაცვლილის შვილი “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნავს, დედამისი 15 ნოემბერს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. კითხვას, თუ რატომ არ შეატყობინა პოლიციას ეს ამბავი, კაცმა უპასუხა, რომ შეშინებული იყო და ახსენა უსახსრობაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციაში ზარი მხოლოდ დღეს, 18 დეკემბერს შევიდა. სამართალდამცავებს მიმართა მეზობელმა ქალმა, რომელიც მცირე ხნით ადრე გარდაცვლილის შვილს შეხვდა და ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს დედამისი. ქალის თქმით, კაცმა უთხრა, რომ 1 თვის წინ გარდაიცვალა, თუმცა არ დაუკრძალავთ.

ბინაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, გარდაცვლილის შვილი კი პოლიციაში გამოსაკითხად გადაიყვანეს. როგორც “ნეტგაზეთს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი