ახალი ამბები

რას ფიქრობდა ომბუდსმენი სუბარი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე და რას ფიქრობს ახლა

18 დეკემბერი, 2020 • 2109
რას ფიქრობდა ომბუდსმენი სუბარი პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე და რას ფიქრობს ახლა

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი 2008 წელს პარტიებისათვის, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდნენ, საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას ეწინააღმდეგებოდა. რას ფიქრობს ახლა, როცა ანალოგიური ინიციატივით ის პოლიტიკური გუნდი გამოვიდა, რომელსაც წარმოადგენს?

რა მოხდა 2008 წელს

2008 წლის მაისში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ექვს ოპოზიციურ პარტიას, რომელთა ლიდერებმა  დეპუტატობის მანდატებზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს, ამავე წლის ივლისში მაშინდელი მმართველი ძალის, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, საბიუჯეტო დაფინასება შეუწყდათ. მაშინ ამ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველი პარტიის ინიციატივას ”სადამსჯელო ღონისძიება” და ”დევნა” უწოდეს.

ომბუდსმენის იმდროინდელი ანგარიშის თანახმად, 2008 წლის ივნისში საარჩევნო ბლოკის ,,გაერთიანებული ოპოზიცია – ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების“ პროპორციული სიით არჩეულმა ათმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის წევრის უფლებამოსილებაზე უარი თქვა. ,,გაერთიანებული ოპოზიცია – ეროვნული საბჭო, მემარჯვენეების“ პროპორციული სიით არჩეულმა ათმა პარლამენტის წევრმა (ლევან გაჩეჩილაძე, კონსტანტინე გამსახურდია, გუბაზ სანიკიძე, გიორგი ხაინდრავა, ეკა ბესელია, კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, მამუკა კაციტაძე, ფიქრია ჩიხრაძე და ირაკლი იაშვილი) და იმავე ბლოკის მაჟორიტარმა დეპუტატებმა (დავით გამყრელიძე და დავით საგანელიძე) მიიჩნიეს, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

ასეთი წესით არჩეული პარლამენტი, ყოფილი დეპუტატების აზრით, იყო არალეგიტიმური და ამის გამო მოითხოვეს მათთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა.

2008 წლის 15 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დეპუტატების, პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ანჯაფარიძის, მურთაზ ზოდელავასა და ჩიორა თაქთაქიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა და ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონის 31–ე მუხლის მე–5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

,, 5. პარტიას, რომელსაც უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების შედეგის მიხედვით ამ კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა ეკუთვნის, დაფინანსებას ვერ მიიღებს ან დაფინანსება შეუწყდება, თუ: ა) პარტიის პროპორციული სისტემით არჩეულ ყველა წევრს შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება;“

მოგვიანებით, როგორც ომბუდსმენის ანგარიშშია აღნიშნული, “საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთმნიშვნელოვანმა კრიტიკამ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების დასუსტების თაობაზე ხელისუფლებას უბიძგა, ოპოზიციასთან პოლიტიკურ კომპრომისზე წასულიყო “.

შედეგად, 2008 წლის ივლისში მიღებული გადაწყვეტილება პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმავე წლის დეკემბერში შეიცვალა და პარტიებს, რომელთაც საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს, დაფინანსება აღუდგათ.

მაშინდელი სახალხო დამცველი, სოზარ სუბარი პარლამენტში არშესვლის გამო პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტას აქტიურად აკრიტიკებდა და დემოკრატიის განვითარებასა და პლურალიზმზე პირდაპირ დარტყმად აფასებდა.

ომბუდმსენი თავის ანგარიშში ასევე აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა კონსტიტუციასთან. გარდა ამისა, ომბუდსმენის აპარატის თქმით, კანონმდბელობით ნათელი იყო, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების კრიტერიუმს წარმოადგენს არა პარლამენტში ყოფნა, არამედ პარტიის მიერ საპარლამენტო არჩევნებში 4%–იანი ბარიერის გადალახვა.

“საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულ პოლიტიკოსებს სრული უფლება აქვთ, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა თავიანთი შეხედულებისამებრ და იმ ფორმით მიიღონ, როგორითაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ. მათ ასევე შეუძლიათ, აირჩიონ პროტესტის ნებისმიერი მშვიდობიანი ფორმა. შესაბამისად, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, განსაზღვროს მათი საქმიანობის სახე და დააწესოს სანქცია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა არ პასუხობს ხელისუფლების მოთხოვნებს. აღნიშნული წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების შელახვას კონსტიტუციით გაუთვალისწინებელი საფუძვლებით”, — ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2008 წლის ანგარიშში.

სოზარ სუბარის მიერ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გაერთიანების თავისუფლება, როგორც დემოკრატიული წესწყობილების აუცილებელი ელემენტი, მუდმივია და არ შეიძლება, მისი არსებობა პოლიტიკურ რეალობაზე და კონკრეტულ პოლიტიკოსთა –პრეზიდენტისა თუ პარლამენტის ცალკეულ წევრთა – ნებაზე იყოს დამოკიდებული.

“ამომრჩეველთა გარკვეულმა ნაწილმა, რომელმაც ხმა მისცა ამა თუ იმ პოლიტიკურ გაერთიანებას, ამ უკანასკნელს მიანიჭა ნდობის მანდატი და მისი სახელით მოქმედების უფლება, მათ შორის, პროტესტის ფორმის შერჩევაშიც. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცვლილება ეწინააღმდეგება მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის პოლიტიკურ ნებას.

საქართველოში უკვე პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური სპექტრის სისუსტე, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ფინანსური რესურსების სიმწირეა. ამგვარ პირობებში, კანონმდებელმა, პირიქით, უნდა იზრუნოს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაზე და სუბიექტური მიზეზებით არ უნდა შეუწყვიტოს მათ ის მცირე დაფინანსებაც კი, რომელსაც ზოგიერთი მათგანი კანონის სრული დაცვით იღებს საქართველოს ბიუჯეტიდან”, — აღნიშნულია სუბარის მიერ მომზადებულ 2008 წლის ანგარიშში.

სუბარი თავის ანგარიშში ხაზს უსვამდა ძალთა ბალანსს და აღნიშნავდა, რომ პოლიტიკური პროცესების ცვლილება პარტიების თავისუფლების მოქმედების ფარგლებზე გავლენას არ უნდა ახდენდეს და პლურალიზმის არსებობა მთლიანად პოლიტიკური უმრავლესობის ნებაზე იყოს დამოკიდებული.

“რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაერთიანების თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით. არ შეიძლება, ამ უფლების რეალიზაცია დამოკიდებული იყოს საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე, ლიდერის პოლიტიკურ ნებასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე.

პოლიტიკური პროცესების ცვლილება არ უნდა ახდენდეს რაიმე გავლენას გაერთიანების თავისუფლების მოქმედების ფარგლებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში დემოკრატიისა და პლურალიზმის არსებობა მთლიანად დამოკიდებული იქნება პოლიტიკური უმრავლესობის ნებაზე.  გაერთიანების თავისუფლების გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიისა და პლურალიზმის არსებობა”, — ვკითხულობთ ომბუდსმენ სოზარ სუბარის ანგარიშში.

რა ხდება დღეს

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რას ფიქრობს სოზარ სუბარი დაახლოებით მსგავსი შინაარსის მქონე “ქართული ოცნების” ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან.

გვაინტერესებდა, რა პოზიცია აქვს სოზარ სუბარს მისი გუნდის ამ ინიციატივაზე და დაუჭერს თუ არა პირადად მხარს აღნიშნულ კანონპროექტს.

ამ კითხვებზე პასუხის მიღება სოზარ სუბარისგან რამდენჯერმე ვცადეთ, თუმცა, უშედეგოდ, მან პარტიის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს

მასალების გადაბეჭდვის წესი