ახალი ამბები

“ოცნების” ინიციატივების სამართლებრივი და პოლიტიკური პრობლემურობა

9 დეკემბერი, 2020 • 2017
“ოცნების” ინიციატივების სამართლებრივი და პოლიტიკური პრობლემურობა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინ “ქართული ოცნება” რამდენიმე — როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად — საკამათო ახალი ინიციატივით გამოვიდა.

“ქართულმა ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტიაში დღეს, 9 დეკემბერს შედგა თათბირი პარტიის ლიდერების მონაწილეობით და მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

  1. სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილი.
  2. პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირებას მოახდენს.
  3. საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეფასებით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადებები მათი დაშანტაჟების მცდელობაა და ბოლო რაუნდის წინ მოლაპარაკებების ჩაშლას ემსახურება.

კობახიძე ღია რეპრესიებით ემუქრება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას – დეკანოიძე

თუმცა, პოლიტიკური კონტექსტის გარდა, იურისტები საუბრობენ ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებულ სამივე ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივის სამართლებრივ პრობლემურობაზე.

ინიციატივა №1

ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობა მოამზადებს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო დაფინანსებას ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს იტყვიან. კობახიძე ასეთი გადაწყვეტილების სამართლებრივ არგუმენტს შემდეგნაირად ხედავს:

“პარტიები დაფინანსებას იღებენ კონკრეტული ხმების საფუძველზე და კონკრეტული საქმიანობისთვის, ანუ დაფინანსება პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნების შედეგებთან და იმ საქმიანობასთან, რომელიც, მათ შორის, საპარლამენტო მუშაობას უკავშირდება. თუ პარტია უარს ამბობს ხმებზე და არ ცნობს მათ ლეგიტიმურად და უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე, რაც პარტიული მუშაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ასეთ პარტიას არ აქვს სამართლებრივი უფლება, მიიღოს დაფინანსება”.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა თანხა პარტიების საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერისა და პარტიული სისტემის განვითარებისთვის. კერძოდ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას იღებს პარტია, რომელმაც პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო. “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის თანახმად, პარტია ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიღებს თანხას საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში მიღებული თითოეული ხმისთვის 15 ლარის, ხოლო თითოეული შემდგომი მიღებული ნამდვილი ხმისთვის − 5 ლარის ოდენობით.

პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას იღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ყოველწლიურად, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული 9 პარტიიდან დაფინანსებაზე განაცხადი მხოლოდ “გირჩს” და “მოქალაქეებს” არ გაუკეთებიათ.

“სამართლიანი არჩევნების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე განმარტავს, რომ პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება დამოკიდებულია მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობაზე და არა — საპარლამენტო საქმიანობაზე, შესაბამისად, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, დაფინანსება შეუწყვიტოს პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, გაუმართლებელია და ამომრჩეველთა გადაწყვეტილების იგნორირება იქნება.

“ამასთან, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის ფინანსური რესურსის ჩამორთმევა უარყოფით გავლენას მოახდენს მათ განვითარებაზე, პოლიტიკურ საქმიანობაზე და ზოგადად, ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითრებაზე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნიჟარაძემ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ყურადღებას ამახვილებს “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის ჩანაწერზე, რომლის თანახმადაც, “ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს”. შესაბამისად, მმართველმა ძალამ მომავალში რომც შეცვალოს პარტიების დაფინანსების წესი, ბუნდოვანია, როგორ აპირებს ახალი ნორმის გავრცელებას იმ პარტიებზე, რომლებსაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაბამისად ეკუთვნით საბიუჯეტო დაფინანსება.

“ახლა რომ შეიტანონ კანონში ცვლილებები, უკუქცევის ძალას ვერ მისცემენ. სამომავალოდ, ვთქვათ, ერთი წლის შემდეგ რომც მიიღონ ცვლილება, უკვე არსებულ მოცემულობაზე ვეღარ გაავრცელებენ. ამასთან, თუკი პოლიტიკური პარტიების სასჯელად მიიღებენ კანონს, ეს იქნება როგორც ანტიკონსტიტუციური, ასევე, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას საერთაშორისო აქტებთან, იგივე ევროპულ კონვენციასთან მიმართებაში და როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე, სტრასბურგის სასმართლომ დაადასტუროს, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევას, რაც არა მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის, არამედ ქვეყნისთვის ზიანის მომტანი იქნება”, – ამბობს ალაფიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ინიციატივა №2

“ქართული ოცნების” განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირებას მოახდენს, კომისიის მუშაობაში ჩასართავად მოიწვევს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, მათ შორის დამოუკიდებელ ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს. თუკი არჩევნების ოფიციალურ შედეგებში დაფიქსირდება თუნდაც ერთპროცენტიანი გადახრა  „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, გამოაცხადებს რიგგარეშე არჩევნებს.

გარდა ამისა, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე პასუხისმგებლობას იღებს, რომ თუ საგამოძიებო კომისია “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გადახრას დააფიქსირებს, დატოვებს ყველა პოლიტიკურ თანამდებობას და პოლიტიკურ საქმიანობას სრულად ჩამოშორდება.

რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის, ანუ 50 დეპუტატის მხარდაჭერით. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. თუმცა საქმე ის არის, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. გაუგებარია, როგორ აპირებს მმართველი გუნდი ამ წესის დაცვას იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

ინიციატივა №3

“ქართული ოცნების” შეფასებით, საქართველოში პოლარიზაციის მთავარი წყარო მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არ აკმაყოფილებს ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს – ის არ არის საქართველოს მოქალაქე და მას შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, რაც აღსრულებას ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, საარჩევნო პროცესებში სააკაშვილის მონაწილეობის პრევენცია ვერ მოხერხდა.

საკითხის მოგვარებას და კონსტიტუციის აღსრულების უზრუნველყოფას მმართველი პარტია გეგმავს ახალი კანონის მიღებით, რომლის საფუძველზეც საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლის ლიდერიც კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

საქართველოს კონსტიტუციით, პოლიტიკური პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. საარჩევნო კოდექსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობას ცალსახად უკრძალავს. სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობით კანონი არაერთხელ დაირღვა. ამ ნორმის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 2 000-ლარიანი ჯარიმა.

ლევან ალაფიშვილის თქმით, გაუგებარია, რა უნდა ჩაწეროს მმართველმა პარტიამ კანონში იმაზე მეტი, რაც კონსტიტუციაში და ნორმატიულ აქტებში უკვე წერია, მით უმეტეს, როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება პარტიისთვის, თუ თავად ეს პარტია არ არის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებული.

“რა უნდა ჩაწერონ, რომ თუკი პარტიის უცხოელი მხარდამჭერი გააკეთებს განცხადებას, ეს გახდება საფუძველი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებისთვის? ეს ხომ სახიფათო იქნება. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებას თუ სხვა პოლიტიკურ მოთამაშეს ნებისმიერ დროს შეეძლება, ვინმე ერთ უცხოელს გააკეთებინოს განცხადება და ასე გააჩინოს კონკურენტის ჩამოცილებისთვის ფორმალურ-სამართლებრივი საფუძველი. დემოკრატიაში ეს ასე არ მუშაობს. ამასთნ, ახალი კანონი რომც იქნას მიღებული, ის ვერ შეეხება უკვე არჩეულ პარლამენტის წევრს”, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი და დასძენს, რომ პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების ავტორებს დემოკრატიულ სტანდარტებთან მიმართებაში “ბეწვის ხიდზე მოუწევთ გავლა”.

“თუკი პოლიტიკური გაერთიანება არის კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედი და არ არსებობს მისი პარტიული რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი, ვიღაცების განცხადებების გამო საქმიანობას ვერავინ შეუზღუდავს. ხოლო თუკი ვინმე მიიჩნევს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური გაერთიანება, მისი საქმიანობა არღვევს კონსტიტუციას და კანონს, უნდა დადგეს არა საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების საკითხი, არამედ პარტიის გაუქმებაზე იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში. თუკი ეს გზა არ არის გავლილი, საკანონმდებლო ორგანო ვერანაირ არაგონივრულ და არაკონსტიტუციურ შეზღუდვას ვერ დაადგენს, ან თუკი დაადგენს, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ისე სტრასბურგის სასამართლო დარღვევას დაუდგენს”, – ამბობს ალაფიშვილი.

ის მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნება” უბრალოდ კუნთებს ათამაშებს, თორემ ირაკლი კობახიძის მიერ გახმიანებული ინიციატივების დემოკრატიული სტანდარტებით გატარება შეუძლებელია.

“კანონი და კონსტიტუცია თუ თავზე დაგვამხეს, ეს სხვა საკითხია”, – დასძენს ლევან ალაფიშვილი.

ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე, ასევე, მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ინიციატივების გატარების შემთხვევაში ადგილი ექნება საკანონმდებლო რესურსის ბოროტად გამოყენებას კრიტიკული პოლიტიკური პარტიების გასანეიტრალებლად.

“ძალიან სამწუხარო და უარყოფითი ფაქტია მსგავსი განცხადების გაკეთება მმართველი პარტიის მხრიდან, განსაკუთრებით იმ პროცესში, როდესაც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასეთი განცხადებები არათუ ხელს უწყობს კრიზისიდან გამოსვლას, არამედ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მმართველი პარტია ერთგვარად შანტაჟის და ოპოზიციის დაშინების რეჟიმზე გადავიდა”, – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

ამ თემაზე:

თუ პარტიები პარლამენტში არ შევლენ, დაფინანსებას ვერ მიიღებენ – კობახიძე

თუ პარტიები პარლამენტში არ შევლენ, დაფინანსებას ვერ მიიღებენ – კობახიძე

რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი