ახალი ამბები

კობახიძე უახლოეს დღეებში აანონსებს კანონპროექტს, რომლითაც არჩევნების მიღმა ენმ-ის დატოვება სურთ

11 დეკემბერი, 2020 • 1589
კობახიძე უახლოეს დღეებში აანონსებს კანონპროექტს, რომლითაც არჩევნების მიღმა ენმ-ის დატოვება სურთ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტია უახლოეს დღეებში წარმოადგენს კანონპროექტს, რომელმაც შესაძლოა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებს მიღმა დატოვოს.

საუბარი ეხება კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც, როგორც კობახიძე  ამბობს, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება ყველა იმ პარტიას, რომლის ლიდერიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„ამ საკითხს განიხილავს საქართველოს პარლამენტი და უახლოეს დღეებში დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი და ეს კანონპროექტი იქნება შეტანილი დეკემბრის დღის წესრიგში. გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ირთვება ის პროცედურები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო დაფინანსების გაცემას, მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი უკვე დეკემბერში იყოს მიღებული“, – ამბობს კობახიძე.

მისი თქმით, შემდეგ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი ვერ შეძლებს პარტიის ლიდერის სახელით კამპანიაში მონაწილეობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ენმ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოიხსნება.


მოქმედი  საარჩევნო კოდექსის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაცია) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მონაწილეობის უფლება არ აქვთ. ამავე კანონის 79-ე მუხლი ამბობს, რომ ამ ნორმის დარღვევისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.

კობახიძის აზრით, აღნიშნული ჯარიმა ამ დარღვევისთვის არაპროპორციულად მსუბუქია, რის გამოც მმართველი გუნდი კანონის გამკაცრებას გეგმავს.

წაიკითხეთ ვრცლად:

რა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე არჩევნები – კობახიძე “ოცნების” პოზიციას ასაჯაროებს

მასალების გადაბეჭდვის წესი