ახალი ამბები

რ2-ის დამფუძნებლები წულუკიანს პასუხობენ

17 დეკემბერი, 2020 • 1731
რ2-ის დამფუძნებლები წულუკიანს პასუხობენ

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლები, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი “ქართული ოცნების” დეპუტატს და იუსტიციის ყოფილ მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობენ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანიის ეთერში ჟურნალისტს უთხრა, რომ “ქართულმა ოცნებამ” და იუსტიციის სამინისტრომ მათ დაუბრინა ის, რაც ეკუთვნოდათ.

აქიმიძე და დვალი აცხადებენ, რომ ყურადღებით გაეცნენ იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ გაცხადებებს რუსთავი 2-ის ღამის კურიერის ეთერში, სადაც აღნიშნა, რომ ,,ქართულ ოცნებას და მის იუსტიციის სამინისტროს კი არ ეძინა“, არამედ ბევრი იშრომეს, რომ რუსთავი 2 ,,მის მესაკუთრეს“ დაბრუნებოდა:

“რუსთავი 2 დაუბრუდა არა მის დამფუძნებლებსა და კანონიერ მესაკუთრეებს, არამედ ბატონ ქიბარ ხალვაშს, რომელიც მისივე აღიარებით იყო 2004 წელს ტელეკომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული დანაშაულერივი ქმედების უშუალო მონაწილე და იმდროინდელი ხელისუფლების დაკვეთის შემსრულებელი. შესაბამისად, ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემა სამართლიანობის აღდგენა კი არ არის, არამედ არის გაუკუღმართებული შეხედულება სამართლიანობაზე.

როგორც ცნობილია, 2019 წელს ჩვენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში და მოვითხოვეთ რუსთავი 2-ის 60% წილის დაბრუნება. გვსურს ვაცნობოთ დაინტერესებულ საზოგადოებას, რომ ჩვენს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღემდე არცერთი პროცესი არ ჩატარებულა და არც ის არის ცნობილი, თუ როდის იქნება პირველი სხდომა.

შედარებისთვის უნდა გავიხსენოთ, რომ როდესაც ,,ქართულ ოცნებას“, ქალბატონი თეას სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,არ ეძინა“, ქიბარ ხალვაშის 2015 წელს შეტანილ სარჩელზე საქალაქო სასამართლომ ზუსტად 3 თვეში ჩაატარა არაერთი სხდომა და მიიღო ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება” ,- აცხადებენ ტელეკომპანიის დამფუძნებლები.

მათი განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ერთი და იმავე სასამართლოს რადიკალურად განსხვავებული მიდგომა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ უსამართლობას და შერჩევით სამართალს.

დვალისა და აქიმიძის თქმით, ხელისუფლების ინტერესი ხალვაშის სარჩელის შემთხვევაში იყო დავის სწრაფად განხილვა და ეს ასეც მოხდა:

“დაახლოებით წელიწადნახევარში სასამართლოს სამივე ინსტანციამ, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მიიღო გადაწყვეტილება. ეს იყო რეკორდულად სწრაფი დრო ქართული სასამართლოს ისტორიაში, რასაც ანალოგი არ მოეპოვება. ჩვენი სარჩელის შემთხვევაში კი ხელისუფლების ინტერესია პროცესის გაჭიანურება და შედეგად, დღემდე არცერთი სხდომა არ ჩატარებულა.

გარდა ამისა, 2012 წელს ჩვენ საქართველოს პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება 2004 წელს მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტების გამოძიების მოთხოვნით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დაზარალებულებადაც გვცნეს, მაგრამ შემდეგ საქმე ,,დააძინეს“ და პროკურატურის ბნელ და მტვრიან თაროზე შემოდეს. რატომ მოიქცა პროკურატურა ასე? პასუხი მარტივია: სისხლის სამართლის წესით დამნაშავეების დადგენა გაამარტივებდა იმას, რომ რუსთავი 2 მის კანონიერ მესაკუთრეებს დაბრუნებოდა, რაც არ შედიოდა ,,ქართული ოცნების“ ინტერესებში”, – აცხადებენ განცხადების ავტორები.

დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის თქმით, ისინი მოთმინებით ელიან, თუ როდის გაიღვიძებს სასამართლო და დაიწყებს მათი სარჩელის განხილვას.

განცხადების ავტორების თქმით, ისინი ითხოვენ სამართლიან სასამართლოს და მიიჩნევენ, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მას შემდეგ, რაც წართმეული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი