ახალი ამბები

თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ რუსთავი 2 – წულუკიანი არხის წამყვანებს

16 დეკემბერი, 2020 • 3004
თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ რუსთავი 2 – წულუკიანი არხის წამყვანებს

„თქვენ ჩვენ დაგიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ“, – უთხრა იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, პარლამენტარმა თეა წულუკიანმა „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს პირდაპირ ეთერში.

„რუსთავი 2“ ეკუთვნოდა ქართველ ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს. ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს და მე თქვენგან მაქვს მოლოდინი იმისა, რომ იდგებით სიმართლის სადარაჯოზე“, – უთხრა წულუკიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წამყვანებს, ირაკლი იმნაიშვილსა და თამარ ურუშაძეს.

წულუკიანმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტებმა ყოფილ მინისტრს განმარტება სთხოვეს „რუსთავი 2-ის“ ყოფილ დირექტორზე, „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე გაკეთებული განცხადების გამო და უთხრეს, რომ თანამდებობის პირებს თმენის ვალდებულება აქვთ.

[წინა დღით წულუკიანმა ნიკა გვარამიას ნათქვამზე, რომ უთვალთვალებენ, განაცხადა: „მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული“?]

„კეთილი ინებეთ და ნუ აღშფოთდებით ხოლმე იმიტომ, რომ გვარამია აღშფოთდება“, – უთხრა წულუკიანმა ერთ-ერთ წამყვანს, თამარ ურუშაძეს.

პირდაპირ ეთერში „არხის დაბრუნების“ შესახებ წულუკიანის კომენტარის შემდეგ ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა წულუკიანს უთხრა, რომ არხი ახლანდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გდააწყვეტილებით დაუბრუნდა. ამის პასუხად კი წულუკიანმა თქვა:

„უი, რას ამბობთ. კარგით, არ გვინდა ახლა თავიდან ჩხუბი. ჩვენ კი არ დაგიბრუნეთ, ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიშრომეთ“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „რუსთავი 2-ის“ ხალვაშისთვის დაბრუნება არის „ქართულ მედიაში პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროპის სასამართლოს გადაყვეტილებით დაუბრუნდა მედიამფლობელს“, წულუკიანმა განაცხადა:

„კი ბატონო, შევთანხმდეთ, „ქართულ ოცნებას“ ამ დროს ეძინა. კი ბატონო, შევთანხმდით. „ქართულ ოცნებას“ და მის იუსტიციის სამინისტროს ამ დროს ეძინათ და კანონიერება თავისი აღდგა ამ საქმეზე. ეს თქვენი სიტყვებია და თქვენ გქონდეთ“.

მოგვიანებით ამ ეთერს ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და ფეისბუკზე დაწერა: „წლები რომ იძახდნენ, ჩვეულებრივი დავაა ორ სუბიექტს შორის, ჩვენ რა შუაში ვართო, ისტერიკა დამართულმა წულუკიანმა, ხო არ გეჩვენებათ, რომ ვინმემ დაგიბრუნათ რ2, თუ არა ქართულმა ოცნებამო და იუსტიციის სამინისტროს ლომის წილი აქვს ამაშიო“.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ასევე დაწერა, რომ „სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს პასუხის გაცემა, როგორ, რატომ და რა ფორმით ჩარია უკანონოდ ორ სუბიექტს შორის დავაში მესამე დაინტერესებული მხარე“.


სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის  18 ივლისის გაგადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა.

გვარამიას თქმით, მის ოჯახს უთვალთვალებენ, პროკურატურა ამბობს, რომ ეს მტკიცებულებაა

არ მინდა რუსთავი 2 ისე დამიბრუნდეს, კითხვის ნიშანი დარჩეს – ინტერვიუ დავით დვალთან

მასალების გადაბეჭდვის წესი