ახალი ამბები

“მოძრავი სახლი” – სტენსილი აფრიკის დასახლებაში

17 დეკემბერი, 2020 • 1287
“მოძრავი სახლი” – სტენსილი აფრიკის დასახლებაში

აფრიკის დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ შენობების დანგრევას ქუჩის მხატვრობის არტისტი გაგოშა გამოეხმაურა სტენსილით, სახელწოდებით “მოძრავი სახლი”. მისი თქმით, ნამუშევრის მთავარი თემა უსახლკაროთა ყოფაა.

არტისტმა სტენსილი აფრიკის დასახლებაში, იმ ნაკვეთთან დახატა, სადაც რამდენიმე დღის წინ მოსახლეობა ინსპექციის წარმომადგენლებისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა. კედელზე დახატულია ბიჭი, რომელსაც ერთ ხელში ბალიში უჭირავს, მეორეში კი- ურიკა, ზედ მცირე ზომის “წარმოსახვითი” სახლით.

“[სტენსილი] ზუსტად იმაზეა, რომ შესაძლოა, კანონის მხრივ სწორია, რასაც აკეთებენ, მაგრამ ფორმას და დროს მნიშვნელობა აქვს, როგორ გააკეთებ ამ ყველაფერს. მით უმეტეს, ნათლად გამოჩნდა, რომ იქ მცხოვრები ადამიანები არ იშენებენ ვილებს და დაჩებს.

ეს ადგილი ვილისთვის არ გამოდგება. ეს ადამიანები სოციალურად ისეთ ფენას წარმოადგენენ, რომელსაც არ ულხინს. თავიანთი საჭიროებიდან გამომდინარე აშენებენ ამ სახლებს და არა იმიტომ, რომ აქ დაისვენონ”, – ამბობს გაგოშა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მისი თქმით, 15 დეკემბერს განვითარებული მოვლენებისას, პირველ რიგში, სწორედ სოციალური საჭიროებების მქონე ადამიანები დაზარალდნენ.

“რა თქმა უნდა, იქ იქნება ბევრი სპეკულაცია. ზოგი, ალბათ, გადამყიდველიც არის და ა.შ. მაგრამ ამასთან ერთად, იჩაგრებიან ის ადამიანები, ვისაც მართლა უჭირთ სოციალურად და იშენებენ სახლს, რათა თბილი კერა ჰქონდეთ”, – დასძენს არტისტი.


15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი