ახალი ამბები

გიგი ჩანგელიას ოჯახს ბინის გასაღები გადასცეს – PHR

25 დეკემბერი, 2020 •
გიგი ჩანგელიას ოჯახს ბინის გასაღები გადასცეს – PHR

8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს, რომელიც შშმ მშობლებთან და ასაკოვან ბებიასთან ერთად აფრიკის დასახლებაში ცხოვრობდა, სახელმწიფომ ბინა გადასცა.

ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ავრცელებს, რომელიც გიგის ოჯახის ინტერესებს იცავდა.

„გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ კარგი ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ 8 წლის გიგი ჩანგელიას ოჯახს 24 დეკემბერს სახელმწიფომ ახალი ბინის გასაღები გადასცა. მათ უკვე შეუძლიათ ზუგდიდში, 3 ოთახიან ბინაში საცხოვრებლად გადასვლა.

ოჯახის უკიდურესი სიდუხჭირიდან გამომდინარე, PHR-მა, როგორც გიგის წარმომადგენელმა სამართლებრივ დავებში, მოითხოვა ბავშვის და მისი ოჯახის თბილისიდან ზუგდიდამდე ტრანსპორტირება სახელმწიფოს უზრუნველეყო. სახელმწიფოს უარის შემდეგ ტრანსპორტირების ხარჯების მობილიზებას მოქალაქეები ახდენენ“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

გიგი ჩანგელიას ოჯახი ერთ-ერთია, ვინც აფრიკის იმ დასახლებაში ცხოვრობს, სადაც მერიამ საცხოვრებელი ნაგებობები დაანგრია. ჩანგელიების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, იგეგმებოდა მათი სახლის დანგრევაც.

უწყება ირწმუნებოდა, რომ არცერთი ნაგებობა, რომელიც 15 დეკემბერს დაანგრიეს, შესახლებული არ ყოფილა, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები კი აცხადებდნენ, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი ნაგებობაა.

სანამ დევნილთა სააგენტო გიგის ოჯახს სახლს გადასცემდა, მანამდე ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გიგის სახლის დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. თუმცა ეს მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

ჩანგელიების ოჯახთან დაკავშირებით დევნილთა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ოჯახს დეკემბერში ზუგდუდში სამოთახიანი ბინა გადაეცა. სააგენტოს ცნობითვე, ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა მათივე თანხმობის საფუძველზე ზუგდიდში მიიღეს.

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი