ახალი ამბები

“სახელმწიფოს მათთვის არ სცალია” – ინტერვიუ ბავშვებზე აფრიკის დასახლებიდან

16 დეკემბერი, 2020 • 2267
“სახელმწიფოს მათთვის არ სცალია” – ინტერვიუ ბავშვებზე აფრიკის დასახლებიდან

15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით რამდენიმე შენობა დაანგრია.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა მათი სახლები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, სახლები მაინც დაანგრიეს. პოლიციასთან დაპირისპირების კადრებში ჩანდნენ ბავშვებიც, რომლებიც ტერიტორიაზე მშობლებთან ერთად იყვნენ. მას შემდეგ, რაც მედიითა და ფეისბუკით გავრცელდა შემთხვევის ადგილზე მყოფი ერთ-ერთი ბავშვის ფოტო და ამას საზოგადოების ნაწილის მხრიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო, მწვავე რეაქცია მოჰყვა, თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ ერთ ოჯახს, რომელიც იქვე ცხოვრობს, საცხოვრებელს აჩუქებს.

ანა არგანაშვილი ერთ-ერთია იმ უფლებადამცველებს შორის, ვინც გუშინ ადგილზე მივიდა და იქ მცხოვრები ბავშვთა მდგომარეობა შეისწავლა. ის გვიყვება, რომ გუშინდელმა ნგრევამ არა მხოლოდ დაარღვია ბავშვთა ფუნდამენტური უფლებები, არამედ მათ ნაწილს გამოუსწორებელი ფსიქოლოგიური ტრავმაც მიაყენა. 

ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით რითი იყო განსაკუთრებულად პრობლემური აფრიკის დასახლებაში შენობათა დემონტაჟი?

რაც გუშინ მოხდა, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით, მრავალმხრივ იყო პრობლემური. ყველა ბავშვს აქვს უფლება იზრდებოდეს იმგვარ პირობებში, რაც უზრუნველყოფს მათი სიცოცხლის უფლების დაცვას, ჯანმრთელობას, განვითარებას და სხვა. როდესაც ბავშვს ან ოჯახს ეს პირობები არ აქვს, ეს უკვე ძალიან სერიოზული დარღვევაა სახელმწიფოს მხრიდან.

როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფოს ისიც არ აქვს შესწავლილი, რამდენი ბავშვია იქ, რა პირობებში ცხოვრობენ, საკვებზე ან/და განათლებაზე წვდომა თუ აქვთ და ა.შ.

მეორე, რაზეც ყურადღების გამახვილება მინდა, ეს არის ის, რომ იქ იყო ძალადობრივი სიტუაცია – გაწევ-გამოწევა, პატრულის მიერ მოქალაქეების უხეში ფორმით დაკავება, ბულდოზერები, ყვირილი – ეს ცალსახად არის ბავშვზე ემოციური ძალადობა. უამრავი ბავშვი უყურებდა ამას შეშინებული.

ჩვენ, ადვოკატები ჩავედით და ხალხი გულწრფელად გვიყვებოდა, რომ ბევრი ვერც გაასაჩივრებს ამ ქმედებას, რომელიც გუშინ ჩაიდინა სახელმწიფომ და რომელიც, ჩემი შეფასებით, ცალსახად უკანონოა. ეს უკანონობა აჭარბებს იმ უკანონობას, რომელსაც მოქალაქეებს ედავებიან. როდესაც შევთავაზეთ გასაჩივრება, ბევრი დათრგუნული იყო იმის გამო, რომ ამ გასაჩივრების გამო ისინი შეიძლება „დაისაჯონ“ და რაიმე სახით „სამაგიერო გადაუხადონ“, მაგალითად, სოციალური დაცვის მოხსნით, რაც თურმე, სამწუხაროდ მიღებული პრაქტიკაა.

ბევრი ოჯახი ამის გამო არ იყო მზად, თავისი უფლებები დაეცვა, რაც აზიანებს ბავშვების უფლებებსაც. როდესაც მშობელი ვერ ბედავს ბავშვის უფლებები დაცვას, ეს უკვე ბავშვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას ზღუდავს. რთულია ამ არჩევანის გაკეთება, თქვა, რომ „კი, მე ვიდავებ“, თუმცა ამ დროს მოგეხსნას დახმარება და დარჩე მშიერი. ყველა უბედურებასთან ერთად, საჭმელიც დაკარგო.

სიტუაცია კრიტიკულია და ერთი ოჯახისთვის ბინის გადაცემით არ წყდება. საერთო კონტექსტში, როდესაც ბავშვებზე მრავალმხრივი ძალადობა მიმდინარეობს, დარღვეულია მათი ჯანმრთელობის უფლება , თავისუფალი განვითარების, საკვების ქონის და ადეკვატური საცხოვრებელი პირობების ქონის უფლება – ამ ფონზე, ერთი ოჯახისთვის ბინის მიცემა ცინიკურია.

როგორი უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს რეაქცია?

სანამ ამ ნაწილზე გადავალთ, გეტყვით, რომ ეს პროცესი არ მიმდინარეობს მხოლოდ საქართველოში. ჩვენ ადამიანის უფლებათა დამცველები ვიცნობთ ამ პროცესებს საერთაშორისო არენაზეც და ვიცით საერთაშორისო სამართლის დამოკიდებულება.

სიტუაცია და მიდგომა არის ასეთი – გვაქვს ორი ინტერესი, ერთი სახელწმიფოს, რომ ვთქვათ, მიწა არ მიიტაცონ, მეორე მხრივ კი, დგას ბავშვბის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესი. არ არსებობს არცერთი ლოგიკა, რომელიც იტყვის, რომ მიწა ჰქონდეს სახელმწიფოს და ამიტომ ბავშვი ან ქალი, ან ვინმე სხვა, ზამთარში სიცივეში დარჩენისთვის გავწიროთ. ამას ვერ იტყვის ვერც ერთი სასამართლო, მით უფრო, ასეთი არაერთი საქმე განხილულა უზენაეს სასამართლოებშიც.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიწა შესყიდული აქვს რომელიმე ინვესტორს და იწყებს მშენებლობას, მაშინაც კი სახელმწიფო ვალდებულია, რომ ჯერ შეესწავლა, ხომ არ დაზიანდებოდა ამით რომელიმე ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა. ეს არის უპირველესი ვალდებულება, რაც კანონშიც გაწერილია.

ჩვენ ვირჩევთ მთავრობას იმისთვის, რომ მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინოს. კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ სწორედ ამისთვის ვირჩევთ, იქ არ წერია, რომ უპირველესად სახელმწიფომ მიწის მიტაცების ინტერესი დაიცვას, პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, განსაკუთრებით, პანდემიაში.

კალაძის მოწოდება, გადადით 100-კაციან თავშესაფარშიო, პანდემიის დროს – ესეც ძალიან ცინიკურია. მე, როგორც ოჯახს, იმის უფლება მაინც მაქვს, რომ პანდემიის დროს იზოლირებულად ვიყო და არ მოვკვდე.

მრავალმხრივი დარღვევა ჩაიდინა გუშინ სახელმწიფო ორგანოებმა, და ის კანონის ინტერესი, რაზეც აპელირებენ, ჩვენთვის, ბავშვის ჯანმრთელობასთან შედარებით, არც კი დგება ერთ სიმაღლეზე. გუშინ თბილისის მერი აპელირებდა იმაზეც, რომ სახლები არ იყო დასრულებულიო. კი, ზოგიერთი სახლი არ იყო დასრულებული, მაგრამ საქმეც ეგ არის – ოჯახებმა გვითხრეს, რომ ძალიან ცოტა იყო დარჩენილი, პრაქტიკულად, მხოლოდ გადახურვა. მანამდე ისინი იქვე თავს აფარებდნენ ნათესავებს, უარეს პირობებშიც კი. ქირის გადახდის საშუალებაც კი არ აქვთ, ვინაიდან მთელი თანხები ჩადეს იმ 1-სართულიანი სახლების აშენებაში. რეალურად, ის, რომ რაღაც შენობა დასრულებული არ იყო, არგუმენტი ჩვენთვის არ არის, ის იყო 2 თვეში პოტენციური საცხოვრისი.

მომხდარის შემდეგ, სოციალურ ქსელში აქტიურად გავრცელდა ბავშვისა და მამის ფოტო. კრიტიკის შემდეგ კი კალაძემ უშუალოდ ამ ოჯახს ბინა აჩუქა. რაზე მეტყველებს კალაძის ეს ნაბიჯი?

ეს არის როგორი ნაბიჯი, იცით? – როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი ხარ და ვერ ასრულებ იმ მოვალეობას, რომელიც კანონით გევალება – რახან იმ მოვალეობას ვერ ასრულებ, ამას ანაცვლებ ქველმოქმედების ბოროტად გამოყენებით. ასე ვიტყოდი.

დავიწყოთ იმით, ქველმოქმედება თავისთავად ძალიან დადებითი მოვლენაა, ოღონდ არა მაშინ, როდესაც ამით ცდილობ გადაფარო რამდენიმე ასეული ადამიანის უფლების დარღევევა. მეორეც – ეს მის ვალდებულებას არ ცვლის… კი, მან [კალაძემ] გუშინ ქველმოქმედება ჩაიდინა, მაგრამ ის ისევ ვალდებულია, რომ ყველა დააკმაყოფილოს საცხოვრისით, ვისაც გუშინ სახლი დაენგრა…

ის კი მარკეტინგულად გვთავაზობს, რომ „მოდი, მე იმ ვალდებულებას არ შევასრულებ და სამაგიეროდ, მივცემ ბინას“. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, მას როდესაც ვირჩევდით და რამდენიმე მილიონი გადავეცით სამართავად – იმიტომ არ გადაგვიცია, რომ თავისი პირადი ჯიბიდან ქველმოქმედება ჩიაიდონს. რისთვისაც გადავეცით, ის შეასრულოს. თუ ვერ ასრულებს, ამას ქველმოქმედება ვერ ჩაანაცვლებს.

რა უნდა იყოს ამ შემთხვევაში ხელისუფალის მხრიდან სწორი გადაწყვეტილება?

მე გულწრფელად ველოდი – დაგვიანებული და სწორი იქნებოდა აღერიცხათ, რამდენი ბავშვი ან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენელია იქ. ჩვენ გუშინ ვნახეთ ორსულები, მოხუცები – აღერიცხათ ეს ხალხი გუშინვე, გაერკვიათ, ვის სად აქვს დარჩენის საშუალება და საჭიროებები, შეემუშავებინათ სამოქმედო გეგმა ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანებზე ეზრუნა.

ის [კახა კალაძე] კი დაკავებული იყო იმის მკტიცებით, რომ ადამიანებზე არზრუნვა და მათთვის საცხოვრისის უფლების დარღვევა იყო კანონიერი. ვერ იქნება უფლებების დარღვევა კანონიერი იმიტომ, რომ ადამიანის უფლებების კანონსა და კონსტიტუციაში გვიწერია ეს.

რამდენიმე უფლებადამცველთან ერთად აფრიკის დასახლებაში გუშინ თქვენც იყავით – რამდენი ბავშვია იქ და როგორია მათი ცხოვრების დონე/უფლებრივი მდგომარეობა?

რამდენი ბავშვია – ეს ჩვენ ვერ დავითვალეთ. ბევრ ადამიანს შეხვდით, ხანდახან ერთი ოჯახის რამდენიმე წევრს ვესაუბრებოდი. ჩვენ რომ მივედით, ბავშვები უკვე შეშინებულები იყვნენ, ზოგი იკეტებოდა და არ გამოდიოდა დროებითი თავშესაფრიდან, ზოგი ეხმარებოდა მშობლებს. ბავშვები ცდილობდნენ, რომ მშობლები გაემხნევებინათ. ვიღაცები ბლოკებსა და ნანგრევებში იქექებოდნენ.. როგორ გითხრათ, ძალიან მძაფრი სურათი იყო.

საცხოვრებელი სახლი აფრიკის დასახლებაში. ფოტო: ზურაბ მენაღარიშვილი/ნეტგაზეთი

ბავშვებს არავინ არაფერი აუხსნა, ისინი კი შეესწრნენ უმძიმეს ძალადობას. იყვნენ დაბნეულები და შოკირებულები – ერთი სოცმუშაკი მაინც უნდა მენახა იქ. კანონიერადაც რომ ხდებოდეს ყველაფერი, დაუშვებელია ბავშვმა ასეთ ნგრევას უყუროს. თვითონ ბავშვს შემდგომ ექნება ემოციური პრობლემა. ძალიან ბევრი ბავშვი გუშინ დაკარგავდა ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. თუ პროფესიონალმა ინდივიდუალურ დონეზე არ იმუშავა, მათ ამაში საზოგადოება ვერ დაეხმარება. გუშინ ბავშვთა უფლებათა კოდექსი, რითაც ძალიან ამაყობდა სახელმწიფო – იმდენჯერ დაირღვა, რომ მე შემრცხვა კიდეც, ეს კოდექსი რომ მივიღეთ ცოტა ხნის წინ.

როდესაც თავის გამოცდილებაზე საუბრობენ, რას ყვებიან იქ მცხოვრები მოქალაქეები?

სიღარიბეზე ყვებიან. ზოგი რომ გამოდიოდა ამ დროებითი თავშესაფრიდან, ტალახი იყო და დამამახსოვდა, რომ ეს ხალხი ე.წ. ჩუსტებში გამოდიოდა. დავინახე, რომ 8-9 წლის ბავშვს წამოკიდებული ჰყავდა 3-4 წლის ბავშვი და ცდილობდა მის გარიდებას.

დავინახე ასევე ბავშვები, რომლებიც დაბორიალობდნენ ამ ბეტონებზე. დანგრეული ბეტონი არ არის ბავშვების საბოდიალო. განსაკუთრებით შემზარა იმან, რომ ერთ-ერთ ბავშვმა ლეკვს, რომელსაც ეთამაშებოდა, შემდეგ ამოარტყა წიხლი. მაშინ ვიგრძენი, რომ ამ ბავშვს უკვე ჰქონდა ემოციური პრობლემა. დავინახე, რომ ბავშვი ვეღარ არეგულირებდა თავის ქცევას, არავინ ელაპარაკებოდა, იყო მარტო. ბავშვები ასეთ მდგომარეობაში არ უნდა იყვნენ, ისინი უნდა იყვნენ საბავშვო ბაღებში, სახლებში, თბილად ჩაცმულად. იქ კი არავის ეცვა ადეკვატურად და ამინდის შესაბამისად, არავინ ზრუნავდა, რომ მათ ნიღბები არ ეკეთათ.

მოსახლეობა რას ამბობს, როგორ ეხმარება მათ ხელისუფლება? ხომ არ მოსულა მანამდე მათთან, თუნდაც სოცმუშაკი?

არა, ასეთი რამ არ უთქვამთ. ძალიან მიტოვებულად გრძნობდნენ თავს. სახელმწიფოს მათთვის არ სცალია – ამას გრძნობდნენ. გუშინ კი შიშველი ხელებით ცდილობდნენ აგურები გადაერჩინათ. სად ბავშვთა კოდექსი და სად შიშველი ხელებით აგურების ძებნა.

გარეკანი ფოტო: სახლი აფრიკის დასახლებაში. 16 დეკემბერი 2020 წ. ფოტო: ზურაბ მენაღარიშვილი/ნეტგაზეთი


15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.

მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.

თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი