ახალი ამბები

კალაძე მატჩზე შვილთან ერთად დასწრებისთვის ბოდიშს იხდის

13 ნოემბერი, 2020 • 1527
კალაძე მატჩზე შვილთან ერთად დასწრებისთვის ბოდიშს იხდის

თბილისის მერი Facebook-ით გავრცელებულ პოსტში ბოდიშს იხდის საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გუშინ გამართულ საფეხბურთო მატჩზე საკუთარ შვილთან ერთად დასწრების გამო. ასევე, აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა გუშინ, მატჩის დროს, ახალი კორონავირუსის რეგულაციების დარღვევისთვის დაჯარიმებულ პირს დაეხმაროს.

“მინდა შევეხო ჩემი უფროსი შვილის, ლევანის ტრიბუნაზე ყოფნის ფაქტსაც. ვისაც გული დასწყდა ამ კადრის დანახვისას, განგიმარტავთ, რომ ყოველთვის, ძალიან პატარა ასაკიდან, ჩემი შვილი ლევანი პრაქტიკულად ყველა მატჩზე თან მახლავს და ინერციით გუშინაც ერთად მივედით ამ უმნიშვნელოვანეს მატჩზე. ალბათ მეტად უნდა გამეთვალისწინებინა რეგულაციებიდან გამომდინარე შექმნილი განსაკუთრებული ვითარება, თუმცა ჩემთვის გუშინ იმდენად ემოციური დღე იყო, ამ საკითხზე, სამწუხაროდ, ყურადღება აღარ გამიმახვილებია. ამის გამო, ბევრმა ჩემი პოლიტიკური დატვირთვით გაკრიტიკება გადაწყვიტა, რაც ნამდვილად უადგილოა. სპორტი ყველას გვაერთიანებს და მოდით, აქ მაინც ნუ შემოვიტანთ პოლიტიკას. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი ამ უნებური შეცდომისთვის”, – ნათქვამია კალაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კალაძე საუბრობს გუშინ დაჯარიმებულ პიროვნებაზეც და ამბობს, რომ მის ოჯახს ჯარიმა ტვირთად არ უნდა დააწვეს.

“ფეხბურთის და საკუთარი ქვეყნის ნაკრების ასეთი გულშემატკივრობა დაფასებას იმსახურებს და ჩემი აზრით ჯარიმა ამ ადამიანის ოჯახს ტვირთად არ უნდა დააწვეს. ამიტომ პირობას ვიძლევი, ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით შევძლებთ ამ პრობლემის გადაჭრას”, – ამბობს კალაძე.

კალაძე ასევე განმარტავს მატჩზე დასწრების მიზეზს. მისი თქმით, ეს უკავშირდება მის წარსულ კარიერას და სტადიონზე იმყოფებოდა, როგორც ვეტერანი ფეხბურთელი და არა როგორც თბილისის მერი.

საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო შეხვედრა, ეპიდვითარების გამო, გულშემატკივრის გარეშე ჩატარდა თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გასულ კადრებში ჩანდა, რომ შეხვედრას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე შვილთან ერთად.

მატჩის პირდაპირი ეთერის კადრებში, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადაიღო, ასევე ჩანს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

ამავე კადრების მიხედვით, მატჩს ესწრებოდნენ მსახიობი ზურა ყიფშიძე, ყოფილი ფეხბურთელები, ალექსანდრე ჩივაძე და ვლადიმერ გუცაევი. ასევე, თემურ ქეცბაია. ოთხივე მათგანი პირველი არხის გადაცემაში მონაწილეობდნენ, რომელიც ეთერში მატჩის დაწყებამდე გავიდა დინამო არენას სტადიონზე მოწყობილი სტუდიიდან.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოს მიხედვით, თამაშს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა.

კითხვაზე, რა ნიშნით იყო შერჩეული ირაკლი კობახიძე მიწვეულ სტუმრებში, სფფ-ს გენმდივანი დავით მუჯირი ამბობს, რომ კახა კალაძეს, წარსულში ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს, ჰქონდა 3-ადგილიანი კვოტა. ის მიანიშნებს, რომ კობახიძე მატჩზე, სავარაუდოდ,  სწორედ კალაძისთვის გამოყოფილი კვოტების საფუძველზე მოხვდა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მატჩი თბილისში 21:00 საათზე დაიწყო, შესაბამისად, 22:00 საათიდან მოქმედებდა მთავრობის მიერ დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათიც, რომელიც 22:00-დან 5:00-საათამდე ქალაქში გადაადგილებას კრძალავს და გამონაკლისს უშვებს მხოლოდ განსაზღვრული პროფესიის ადამიანებისთვის სპეციალური საშვების მინიჭებით.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ვერ იასპარეზებს.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავრმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებში საქმიანობას ორი თამაშის შემდეგ ასრულებს.

საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის დაწყებამდე “დინამო არენასთან”  საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები შეიკრიბნენ. ისინი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ტაშითა და შეძახილებით დახვდნენ.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანო უეფამ ქვეყნებს უფლება მისცა სტადიონებზე ადგილების საერთო ტევადობის 30%-ზე დაესვათ ქომაგები, თუმცა გადაწყვეტილება თავას მასპინძელ ქვეყნებს უნდა მიეღოთ. საქართველოს მთავრობამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი