თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ ბინას ჩუქნის მრავალშვილიან მამას აფრიკის დასახლებაში, სადაც დღეს მერიის დავალებით რამდენიმე მშენებარე სახლი დაანგრიეს.
შენობების დანგრევას მოსახლეობის, მოგვიანებით კი სხვა მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე ადამიანი დააკავეს.
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა აფრიკის დასახლებაში მცხოვრები მამა-შვილის ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელმოკლედ ცხოვრობენ.
კალაძე ფეისბუკზე წერს, რომ მოგვიანებით გაირკვა, „ბავშვი და მამამისი იქვე ცხოვრობენ“ და „მარტო კაცი ზრდის 6 შვილს“.
„გმირი მამაა და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარში ამოვუდგე მას. გავარკვიე საღამოსვე, რა პირობებში ცხოვრობს და ჩემი პირადი საჩუქარი, ჩემი ოჯახის სახელით, იქნება ბინა ამ ოჯახისთვის“, – დაწერა კალაძემ გვიან ღამით ფეისბუკზე.
ახლა დავბრუნდი მერიიდან და არ შემიძლია დღესვე არ დავწერო, როგორც მერმა უკვე ვისაუბრე დღევანდელ მოვლენებზე, …
Posted by Kakha Kaladze on Tuesday, December 15, 2020
15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ტექნიკის გამოყენებით დაანგრია რამდენიმე შენობა.
ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობების დანგრევისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე არავინ ცხოვრობს და ეს „დატაცებული მიწებია“. მუნიციპალური ინსპექციის განცხადებით, მოხდა „ადგილზე უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი“.
მოგვიანებით კალაძემ განაცხადა, რომ „არცერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო“. მისი განცხადებითვე, ყველა დანგრეული ნაგებობა იყო „მშენებარე და, რა თქმა უნდა, იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ“.
თუმცა ადგილობრივების ნაწილი ამბობდა, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.
ვრცლად:
აბა, მიგვეშვა მშენებლობები, შესახლებულიყვნენ და მერე გამოგვეყარა? – კალაძე