ახალი ამბები

აფრიკის დასახლებაში პოლიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა

15 დეკემბერი, 2020 • 964
აფრიკის დასახლებაში პოლიციამ სულ მცირე 8 ადამიანი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრიკის დასახლებაში 8 ადამიანის დაკავებას ადასტურებს, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, მათ მიერ აშენებული სახლების მერიის მიერ ნგრევას აპროტესტებდნენ. თუმცა, როგორც “ნეტგაზეთის” რეპორტიორი ადგილიდან იუწყება, პოლიციამ უფრო მეტი პირი გაიყვანა ადგილიდან.

თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექტირების სამსახური ადგილობრივების აქციის პარალელურად შენობების დემონტაჟს აგრძელებს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სწორედ პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას დააკავეს 8 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ საუბარია 12 ნაგებობაზე, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოთ არის განთავსებული და მერიამ მათი დემონტაჟი დაიწყო.

აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე. კალაძე აცხადებს, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფო ქონება უკანონოდ დაიტაცეს და იქ ნაგებობები იმ მიზნით ააშენეს, რომ ეს ქონება მომავალში დაეკანონებინათ. მისი თქმით, სადავო ნაგებობებში არავინ ცხოვრობს და შენობების დემონტაჟის შემდეგაც უსახლკაროდ არავინ რჩება:

“ეს ადამიანები არიან, ვისაც აქვთ სახლები და მიწის ნაკვეთები, რაიონებში აქვთ ზოგს სახლები. სანამ მე ვარ ქალაქის მერი, არ დავუშვებთ, სახელმწიფო ქონებების უკანონოდ დატაცებები მოხდეს. ჩვენ ბევრ ოჯახს ვეხმარებით, რათა მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ სოციალურ-ეკნომიკური მდგომაროება, მაგრამ ეს მიდგომა მიუღებელია”, – ამბობს კალაძე.

მისი თქმთ, ვისაც სახლი არ აქვს, შეუძლია მუნიციპალური თავშესაფრით ისარგებლოს, რომელიც მისი თქმით ნახევრად ცარიელია.

ადგილობრივების ნაწილი კი ამბობს, რომ ეს სახლები მათი ერთადერთი საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი