ახალი ამბები

“მე ვიცი არითმეტიკა, განსხვავებით ნიჟარაძისგან” – კობახიძე ფარულ მოსმენას უარყოფს

14 დეკემბერი, 2020 • 1087
“მე ვიცი არითმეტიკა, განსხვავებით ნიჟარაძისგან” – კობახიძე ფარულ მოსმენას უარყოფს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უარყოფს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” (ISFED) უსმენდა და ამ გზით შეიტყო პარალელური დათვლის (PVT) ხარვეზის შესახებ.

“მე პირადად ჩავუღრმავდი PVT-ის. მარტივი არითმეტიკული ანალიზი გავაკეთე. თუ არ ვცდები, 8 ნოემბერს მოხდა ეს – მარტივი ცხრილი გავაკეთე, სადაც ფიქსირდებოდა მინუსი ყველა პარტიასთან მიმართებით, რაც თავისთავად მეტყველებდა იმაზე, რომ მინიმუმ რაღაც უხეში ხარვეზი იყო PVT-ში. უმარტივესი არითმეტიკული ანალიზი აჩვენებდა იმას, რომ PVT-ში იყო ხარვეზი. ამის შემდეგ გავუზიარე ჩემი მოსაზრებები შალვა პაპუაშვილს, რომელიც ასევე მუშაობდა საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით.

ერთად შევჯერდით იმაზე, რომ აშკარა იყო უხეში ხარვეზი. ეს ხდება 9 ნოემბერს და 9-შივე ვაკეთებთ საჯარო განცხადებას ამასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დაიწყო აუდიტი ISFED-ში. 17 ნოემბერს ვხვდებით ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, სადაც გავუზიარეთ ყველაფერი და, სამწუხაროდ, ელენე ნიჟარაძემ ამ შეხვედრაზე ყველაფერი უარყო. ასევე, უარყოფდა ამ ხარვეზს დეკემბერშიც, მაშინ, როდესაც გუშინ აღიარა, რომ ნოემბერში იცოდა ხარვეზის თაობაზე, რაც ძალიან მძიმე მოსასმენია. ასეთი ადამიანები დისკრედიტაციას ახორციელებენ არასამთავრობო სექტორის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა’ (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგები აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე დააკორექტირა, რის საფუძველზეც მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. კორექტირებული მონაცემებით, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა.

სამართლიანი არჩევნების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ საინტერესოა, საიდან იცოდა”ქართულმა ოცნებამ” აღნიშნული უზუსტობის შესახებ მანამ, სანამ ამის შესახებ საჯაროდ განაცხადებდა ორგანიზაცია და არ გაუკვირდება, რომ მის სატელეფონო ზარებს უსმენდნენ.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ISFED-ის პარალელური დათვლის ხარვეზის შესახებ, დიდი ალბათობით, უკანონო გზებით იცოდა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეთერში თქვა, რომ ირაკლი კობახიძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებების დროს ამბობდა, რომ პარალელური დათვლის შედეგებისთავის გადაეხედათ და თუ აღმოჩნდებოდა, რომ ცდომილება დარჩებოდა ცესკოს მონაცემებთან, მაშინ “ქართული ოცნება” არჩევნების ხელახლა ჩატარებას მხარს დაუჭერდა. ბოკერია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ინფორმაცია კობახიძეს უკანონო გზებით ჰქონდა მიღებული და ცდილობდა ოპოზიცია მოეტყუებინა.

“თქვენ ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ მე ვიცი არითმეტიკა, განსხვავებით ელენე ნიჟარაძისგან. არითმეტიკულად დავთვალე. არითმეტიკის სწავლა დავამთავრეთ ჩვენ მესამე კლასში, მერე იწყებ მათემატიკის სწავლას. არითმეტიკული გაანგარიშებით დავადგინე, რომ PVT-ში იყო უხეში ხარვეზი. ყველა პარტიას ჰქონდა მინუსი დამჯდარი, რაც ზღაპარია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი