დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის თანამშრომლებმა, შსს-ის თანამშრომლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

სამინისტროს თანახმად, 1995 წელს დაბადებული პირი თბილისში, მისსავე სახლში, ცხელ კვალზეა დაკავებული.

განცხადების მიხედვით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას თავის ნაცნობს, შსს-ს თანამშრომელს, თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

“[დაჭრილი] შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია და ინციდენტის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. დაჭრილი გადაყვანილია კლინიკაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება”, – აცხადებს შსს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია „ტტ“-ს სისტემის პისტოლეტი:

“დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს”.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.