ახალი ამბებირეკლამა

ფოთის პორტში მშრალი ნაყარი ტვირთების ახალი მე-12 ტერმინალი ამოქმედდება

8 დეკემბერი, 2020 • 963
ფოთის პორტში მშრალი ნაყარი ტვირთების ახალი მე-12 ტერმინალი ამოქმედდება

ბალქ კარგო სერვისის (Bulk Cargo Service) დირექტორის ბატონი სერგო ბაციაშვილის ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ნავმისადგომზე, მშრალი ნაყარი ტვირთების საოპერაციო წარმადობის გაზრდის მიზნით, კომპანიამ ახალი ამწეები შეისყიდა.

მშრალი ნაყარი ტვირთების გადამუშავების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად Bulk Cargo Service-მა და APM ტერმინალს ფოთმა გააფორმეს  ხანგრძლივი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოხდება მშრალი ნაყარი ტვირთების ერთობლივი გადამუშავება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ნავმისადგომზე. ზემოთ აღნიშნული კოოპერირება ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების განვითარებას ფოთის პორტში და შექმნის კონკურენტულ გარემოს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მშრალი ნაყარი ტვირთების მიმოქცევას საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გავლით.

Bulk Cargo Service-მა საპორტო მომსახურებების და ტვირთების დამუშავების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მფლობელობაში მიიღო ორი მობილური სანავსადგურე ამწე, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ბრენდების „სენებოგენის“ და „ლიბჰერის“ მიერ არის ნაწარმოები და მიმდინარე წლის დასასრულამდე განთავსდება ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-12 ტერმინალზე.

Liebherr A944CHD და Sennnebogen 680HMC ფოთის პორტს მისცემს საშუალებას მე-12 ტერმინალზე გადაამუშაოს დამატებით წლიურად 150 000 ტონა მშრალი ნაყარი ტვირთი და მოემსახუროს 3 000 – 5 000 ტონა ტვირთამწეობის გემებს.

„ჩვენი კომპანიის სტრატეგიული პრიორიტეტებია ბაზარზე არსებული შესაძლებლობების ათვისება და საპორტო საქმიანობაში 25 წლიანი გამოცდილების საშუალებით კონკურენტული, ტვირთმფლობელებზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება “- აცხადებს კომპანიის დირექტორი სერგო ბაციაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი