ახალი ამბები

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა

29 იანვარი, 2022 •
ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა

ფოთში გაიხსნა ახალი საზღვაო ნავსადგური, რომლის ჯამური ინვესტიციაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, $120 მილიონამდე იქნება. ნავსადგურის გახსნის ცერემონია 29 იანვარს გაიმართა.

“2020 წლიდან კომპანია „პეისის“ მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის.

დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება”, — დასძინა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა აშშ-ის ჩართულობა პროექტში: კერძოდ, $50 მილიონიანი დაფინანსება, რომელიც აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოიყო.

ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანიც, რომლის სიტყვებითაც ხსენებული პორტი “არის ფიზიკური ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც აკავშირებს საქართველოს ევროპასთან”.

“ეს 50 მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი, ერთი პროექტის დაფინანსების სახით და ეს ცხადჰყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იკისრა საქართველოს კეთილდღეობის და ქართველი ხალხის წინაშე”, — დასძინა მან.

დეგნანის თქმით, მსგავსი პროექტები განაპირობენენ “დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში”.

ეს განვითარების პროექტი შესაძლებლობას მისცემს საქართველოს, რომ ძალიან სწრაფად მიაწოდოს ტვირთები და დააკავშიროს სხვადასხვა მხარეები.

საქართველოში ამ ინვესტიციით ჩვენ ვხვდებით ახალ სანდო პარტნიორს ამ პორტის სახით და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს პოტენციალის განვითარებისთვის რეგიონალური დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც მსოფლიო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი ალტერნატიულ გზებს ეძებს მიწოდების ჯაჭვში”, — აღნიშნა ელჩმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი