ახალი ამბები

“ძირითად მოთხოვნებში არის ერთობა” – ოპოზიციის შეხვედრა და პლებისციტის იდეა

5 დეკემბერი, 2020 • 962
“ძირითად მოთხოვნებში არის ერთობა” – ოპოზიციის შეხვედრა და პლებისციტის იდეა

ოპოზიციური პარტიების პოზიცია მათ მთავარ მოთხოვნებთან დაკავშირებით უცვლელია. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. აქვე გაიჟღერა პლებისციტის იდეამაც ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ამ კუთხით მოსაზრებები განსხვავებულია.

“ჩვენ ძალიან განსხვავებულები ვართ, მრავალფეროვანი ოპოზიცია გვყავს. მაგრამ იმ ძირითად მოთხოვნებში, რომლებიც ჩამოყალიბებულია ჩვენს მიერ მოდერატორებისთვის[ელჩებისთვის] გადაცემულ წინადადებებში, არის სრული თანხმობა. არის ზოგიერთ პუნქტთან გარკვეული განსხვავებული შეფასებები, მაგრამ მთლიანობაში სრული თანხვედრაა”, – უთხრა ჟურნალისტებს “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის, ხატია დეკანოიძის თქმით, ხსენებული დოკუმენტი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: “ვადამდელი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო კომისიის ადმინისტრირება”.

ოპოზიციის ლიდერები დღეს ახსენებდნენ პლებისციტის იდეასაც; კერძოდ, აზრის კითხვის შესაძლებლობას მოსახლეობისთვის, სურს თუ არა ხელახალი არჩევნების ჩატარება. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციის ლიდერების მოსაზრებები ერთმანეთს, ნაწილობრივ, არ ემთხვევა.

გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ პლებისციტი ვერ იქნება რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნის ჩამნაცვლებელი.

“პლებისციტი მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება იყოს შუალედური გზა რიგგარეშე არჩევნებამდე მისასვლელად. როდესაც ჩიხია, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი ბუნებრივ გამოსავლად თვლის, რომ მოდი, ხალხს ვკითხოთ”, – აცხადებს ის.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსახლეობამ თავისი პოზიცია არჩევნებზე უკვე გამოხატა, თუმცა “თუ სხვა გამოსავალი არ იქნება არჩევნების მოსაპოვებლად, ეს[პლებისციტის] ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილული”.

შეხვედრაზე იმყოფებოდა პარტიის “სამართლიანობისთვის” ლიდერი ეკა ბესელიაც. ის ფიქრობს, რომ პლებისციტის იდეა საკამათოა, ვინაიდან ის, კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლებას არაფერს ავალდებულებს.

“რომც თქვას ხალხმა, გვინდა არჩევნებიო, ხელისუფლებას შეუძია, არ დანიშნოს არჩევნები, რადგან წერია პირდაპირ კონსტიტუციაში, რომ ეს სავალდებულო არ არის. თუ სავალდებულო არ არის, ვერც მოსთხოვ. ამიტომ ამ პროცესში შეყოლა მგონია დროის გაყვანაც, ოცნების თამაშიც….” – დასძენს ის.

მანამდე, 4 დეკემბერს, ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებებში შუამავალ ელჩებს შეხვდნენ და თავიანთი მოთხოვნები წერილობითი ფორმით მიაწოდეს.

როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ თქვა, ოპოზიცია თავის წინადადებათა პაკეტს “ქართული ოცნებისგან” პასუხის მიღების შემდეგ გაასაჯაროებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი