ახალი ამბები

ბრიტანეთმა Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა

2 დეკემბერი, 2020 • 1367
ბრიტანეთმა Pfizer/BioNtech-ის ვაქცინის გამოყენებაზე ნებართვა გასცა

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც  Pfizer-ისა და BioNtech-ის ვაქცინის საყოველთაო გამოყენებას მომავალი კვირიდან დაიწყებს. ინფორმაციას ბრიტანული BBC ავრცელებს.

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების რეგულირების სააგენტოს განცხადებით, ვაქცინა, რომელიც უზრუნველყოფს 95%-იან დაცვას ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ, აბსოლუტურად უსაფრთხოა.

იმუნიზაციის პროგრამა ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის შემცველობის მქონე ჯგუფებში მომავალი დღეების განმავლობაში დაიწყება. პირველ რიგში აიცრებიან ე.წ. დღის ცენტრების, მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მომუშავე პერსონალი, ასევე 80 წელს ზემოთ მყოფი პირები და ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლები. ბრიტანეთმა უკვე შეუკვეთა ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რაც საკმარისი იქნება, რათა აიცრას 20 მილიონი მოსახლე. თითოეულ მოქალაქეზე გათვალისწინებულია ვაქცინიციის ორი პროცედურა, 21 დღის ინტერვალით. აქედან 10 მილიონი დოზა ხელმისაწვდომი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში.

Pfizer-ისა და BioNtech-ის მიერ შექმნილი პროდუქტი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ყველაზე სწრაფად შექმნილი ვაქცინა გახლავთ, რომლის შესაქმნელად ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10 თვე დასჭირდათ. BBC-ის ცნობით, როგორც წესი, იმავე მოცულობის სამუშაოს ათი წელი სჭირდება ხოლმე.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენქოქის განცხადებით, ჯანმრთელობის ეროვნული სამსახური ვაქცინაციას დაიწყებს მომავალი კვირის დასაწყისიდან.

ჯანდაცვის ექსპერტების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია იწყება, ადამიანებს კვლავ უნდა ახსოვდეთ, რომ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილებისთვის აუცილიბელია რეგულაციების დაცვა, დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე.


ნოემბრის თვეში Pfizer-ისა და BioNtech-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ერთობლივად შექმნილი ვაქცინა 95 %-იანი ეფექტურობით გამოირჩეოდა. გერმანული და ამერიკული კომპანიების მიერ შექმნილი ვაქცინის შენახვა დასაშვებია -70 გრადუს ცელსიუსზე და ტრანსპორტირებისთვის შენახული უნდა იყოს სპეციალურ ყუთებში, რომელშიც განთავსდება მშრალი ყინული.

გარდა Pfizer-ისა და BioNtech-ისა, ვაქცინის შესახებ განაცხადეს ამერიკულმა Moderna-მ, რუსულმა Gamaleya-მ, ოქსფორდის უნივერსიტეტმა და AstraZeneca-მ. ყველა ვაქცინის შემთხვევაში საჭიროა ინექციის ორი დოზა. ყველაზე იაფი ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstrZeneca-ს მიერ ერთობლივად შექმნილი ვაქცინა იქნება, რომელთა ფასი, საშუალოდ, 4$-ითაა განსაზღვრული, ყველაზე ძვირი კი ამ დროისთვის Moderna-ს ვაქცინაა, რომლის ფასიც 33$-ია. ვაქცინაციის ფასი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად განისაზღვრება, მათ შორის, შესაძლოა სრულიად უფასოც იყოს, რაც დამოკიდებულია სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი