ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ოფიციალური პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების გაფართოების საკითხი განიხილეს.

პარლამენტის წევრის, ბარონესა კერანის წერლობითი კითხვა ეხებოდა იმ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც მისი თქმით, აგრძელებენ თანამშრომლობას ტელეკომპანიებთან — „იმედსა“ და „პოსტ ტვ“-თან, რომლებიც UK მთავრობის მიერ ახლახან არიან დასანქცირებულნი.

ბარონესა კერანმა UK-ის მთავრობას ჰკითხა, გეგმავს თუ არა ლონდონი დამატებითი ზომების მიღებას იმ ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ, რომლებიც კვლავაც თანამშრომლობენ სანქცირებულ მაუწყებლებთან.

9 მარტს გაცემულ ოფიციალურ პასუხში მთავრობის წარმომადგენელმა, სახელმწიფო მინისტრმა ბარონესა ჩეპმენმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მკაცრ პოზიციას უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობების მიმართ.

„დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უპირისპირდება ყველას, ვინც უკრაინის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, მათ შორის საქართველოში მოქმედ იმ სუბიექტებს, რომლებიც რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებენ“, — განაცხადა ბარონესამ.

რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და მომავალ გეგმებს, მან განმარტა, რომ ბრიტანეთის მთავრობა წინასწარ არასდროს აკეთებს კომენტარს პოტენციურ სანქციებზე. მისი თქმით, ასეთმა საჯაროობამ შესაძლოა „შეასუსტოს სანქციების ეფექტურობა და მათი გავლენა“.