ახალი ამბები

აქტივისტების დაჯარიმების შემდეგ, ხოშტარიამ იმავე ადგილას მიაწერა „გამყალბებელი“

1 დეკემბერი, 2020 • 1120
აქტივისტების დაჯარიმების შემდეგ, ხოშტარიამ იმავე ადგილას მიაწერა „გამყალბებელი“

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, კოჯრის გზაზე გვირაბში გაკეთებული წარწერის გამო 2 სამოქალაქო აქტივისტი დააჯარიმეს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ იგივე გააკეთა პირდაპირ ეთერში.

ხოშტარიამ პირველ დეკემბერს, საღამოს 11 საათისთვის გვირაბს შავი პულვერიზატორით მიაწერა სიტყვა „გამყალბებელი“.

21 ნოემბერს ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მდებარე გვირაბში გაკეთებული წარწერის გამო სამოქალაქო აქტივისტები, შუშანა მაცაბერიძე და თამთა გოგოლაძე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

ტერიტორია, სადაც გვირაბი მდებარეობს

თამთა გოგოლაძის თქმით, მათ წარწერები, „ხმების ქურდი, რუსი ოლიგარქი“ და „გამყალბებელი“, ივანიშვილის ბიზნესცეტრთან მდებარე გვირაბში გააკეთეს, რომელიც მთაწმინდისკენ მიმავალ სამანქანო გზაზე მდებარეობს.

გოგოლაძის თქმით, პოლიციამ ისინი წარწერის გაკეთების მომენტშიც გააფრთხილა, რომ დაჯარმდებოდნენ, თუმცა არ იცოდნენ, რომ ჯარიმას კულტურული მემკვიდრეობის ზონაში წარწერის გაკეთებისთვის მიიღებდნენ.

ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ გვირაბი არანაირ კულტურულ მემკვიდრეობას არ წარმოადგენს და, პირიქით, სწორედ ივანიშვილის ბიზნესცენტრი – „მისი სახლიც, თაბორიც რომ იყიდა თავის დროზე“, — არის კულტურული მემკვიდრეობის დარღვევის მაგალითი.

„კულტურული მემკვიდრეობა“?

„ნეტგაზეთს“ მერიაში განმარტეს, რომ გვირაბი კოჯრის გზატკეცილის #6-ში მდებარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონად ითვლება, თუმცა უშუალოდ გვირაბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის.

ასევე, მერიაში განმარტეს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ „გვირაბი საიტზე არსებული პარამეტრების მიხედვით გაზომა და დაადგინა, რომ დაცვის ზონაში შედიოდა“.

კულტურული მემკვიდრეობის დამცველი ორგანიზაციის, „თბილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი, ცირა ელისაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „ლანდშაფტის დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევაზე თუ შეიძლება ლაპარაკი, პირველი დარღვევა ამ გვირაბის და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მანდ არსებობაა“.

შესაბამისად, ელისაშილის თქმით, „კულტურული მემკვიდრეობის ზონის რეჟიმი ვერ დაირღვეოდა წარწერით, რომელიც გაკეთებულია ობიექტზე, რომელიც თვითონ არღვევს ზონის რეჟიმს“.

ვრცლად:

ივანიშვილის ბიზნსესცენტრთან წარწერისთვის აქტივისტები დააჯარიმეს

მასალების გადაბეჭდვის წესი