ახალი ამბები

ივანიშვილის ბიზნსესცენტრთან წარწერისთვის აქტივისტები დააჯარიმეს

1 დეკემბერი, 2020 • 1663
ივანიშვილის ბიზნსესცენტრთან წარწერისთვის აქტივისტები დააჯარიმეს

21 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მდებარე გვირაბში გაკეთებული წარწერის გამო სამოქალაქო აქტივისტები, შუშანა მაცაბერიძე და თამთა გოგოლაძე 1000-1000 ლარით დააჯარიმეს.

თამთა გოგოლაძის თქმით, მათ წარწერები, “ხმების ქურდი, რუსი ოლიგარქი!” და “გამყალბებელი”, ივანიშვილის ბიზნესცეტრთან მდებარე გვირაბში გააკეთეს, რომელიც მთაწმინდისკენ მიმავალ სამანქანო გზაზე მდებარეობს. გოგოლაძის თქმით, პოლიციამ ისინი წარწერის გაკეთების მომენტშიც გააფრთხილა, რომ დაჯარმდებოდნენ, თუმცა არ იცოდნენ, რომ ჯარიმას კულტურული მემკვიდრეობის ზონაში წარწერის გაკეთებისთვის მიიღებდნენ:

“ჩვენი პროტესტის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გვირაბში, ბეტონის კედელზე გავაკეთეთ წარწერები. ადგილზევე გვითხრეს, რომ დაგვაჯარიმებდნენ, თუმცა მაინც გავაკეთეთ, რადგან ვიცით, რომ ეგ ბეტონის კედელი არც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და არც რაიმე ფასადი და არც იერსახე ამით არ ზიანდებოდა. დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ დაჯარიმებული ვარ 1000 ლარით იმიტომ, რომ აღნიშნული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შედის, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რომ კონკრეტულად ეს გვირაბი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, უბრალოდ გვითხრეს, რომ ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ზონაშია”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გოგოლაძემ.

გოგოლაძის თქმით, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ დაჯარიმების შესახებ ოქმი ჩაბარებულად ითვლება, რადგან სატელეფონო საუბარი შედგა და ჯარიმის გასაჩივრებისთვის მას 10 დღე აქვს. გოგოლაძე ამბობს, რომ ჯარიმას აუცილებლად გაასაჩივრებს.

ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს შუშანა მაცაბერიძეც. მუნიციპალური ინსპექციიდან მასაც დღეს დაურეკეს და გოგოლაძის მსგავსად უთხრეს, რომ გვირაბი, სადაც მათ წარწერა გააკეთეს, კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შედიოდა. მაცაბერიძის თქმით, მის კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ინსპექციაში პასუხი არ გასცეს.

“მუნიციპალური ინსპექციის ინსპექტორმა დამირეკა დღეს და მითხრა, რომ წარწერებისთვის მაჯარიმებდნენ, თუმცა ვიცი, რომ სტენსილის დახატვაზე ჯარიმა 200 ლარია, მაგრამ ინსპექტორმა მითხრა, რომ 1000 ლარით მაჯარიმებდნენ, რადგან ეს გვირაბი კულტურული მემკვიდრეობის ზონაში შედის. ვკითხე, იმას მეუბნებით, რომ სახლი კულტურული მემკვიდრეობაა- მეთქი? და ამაზე არ მიპასუხეს”, – განმარტა მაცაბერიძემ.

ასევე, ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა აქტივისტმა, თამთა გოგოლაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახულია, რომ წარწერები, “ხმების ქურდი, რუსი ოლიგარქი!” და “გამყალბებელი”, თეთრი საღებავით არის გადაშლილი. აღნიშნულთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას წარწერები არ გადაუშლია და პირი/პირები, ვინც ეს გააკეთა, იდენტიფიცირებული არ არის.

იმის გადასამოწმებლად, ნამდვილად აქვს თუ არა აღნიშნულ ტერიტორიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, “ნეტგაზეთი” თბილისის მერიას დაუკავშირდა. თბილისის მერიაში განმარტეს, რომ თამთა გოგოლაძე და შუშანა მაცაბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მეორე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით დაჯარიმდნენ. აღნიშნული მუხლი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას გულისხმობს საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში.

ამასთან, მერიაში განმარტეს, რომ გვირაბი კოჯრის გზატკეცილის #6-ში მდებარეობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონად ითვლება, თუმცა უშუალოდ გვირაბი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის. ასევე მერიაში განმარტეს, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ “გვირაბი საიტზე არსებული პარამეტრების მიხედვით გაზომა და დაადგინა, რომ დაცვის ზონაში შედიოდა”.

“ნეტგაზეთმა” აღნიშნული ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის პორტალზეც გადაამოწმა. პორტალზე არსებული რუკის მიხედვით, თბილისის ცენტრალური ნაწილი სამ ზონად იყოფა: თბილისის ისტორიული ნაწილის ლანდშაფტის დაცვის, ისტორიული ნაწილის სახელმწიფო დაცვის და ისტორიული ნაწილის განაშენიანების რეგულირების ზონებად.

საიტზე არსებული რუკის მიხედვით, კოჯრის გზატკეცილის უდიდესი ნაწილი ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ლანდშაფტის დაცვის ზონის საზღვრებში მართლაც შედის, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში არც კოჯრის გზატკეცილის მთლიანი სივრცე და არც კონკრეტული მისამართი არ იძებნება.

გვირაბის ტერიტორია

ტერიტორია, სადაც გვირაბი მდებარეობს

“ნეტგაზეთი” ასევე დაუკავშირდა “ტფილისის ჰამქრის” წევრს, ცირა ელისაშვილს, რომლის განმარტებითაც გვირაბი, რომელზეც გაკეთდა წარწერა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი “ცალსახად არ არის” და ტერიტორია, სადაც გვირაბი მდებარეობს ლანდშაფტის დაცვის ზონაა.

“ლანდშაფტის დაცვის ზონის რეჟიმის დარღვევაზე თუ შეიძლება ლაპარაკი, პირველი დარღვევა ამ გვირაბის და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მანდ არსებობაა. [დაჯარიმება] სრულიად თითიდან გამოწოვილი თემაა. კულტურული მემკვიდრეობის ზონის რეჟიმი ვერ დაირღვეოდა წარწერით, რომელიც გაკეთებულია ობიექტზე, რომელიც თვითონ არღვევს ზონის რეჟიმს”, – განმარტა ელისაშვილმა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მოექცევა, არ ნიშნავს, რომ მასზე განთავსებული ყველა შენობა-ნაგებობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

“დაცვის ზონაში შედის ხეც, გვირაბიც, გაჩერებაც მაგრამ ისინი ძეგლის სტატუსს არ ატარებენ. კონკრეტული ტერიტორია ითვლება დაცვის ზონად მაგრამ ამ ტერიტორიაზე შესაძლებელია იყოს ობიექტები, რომელიც სულ არ ნიშნავს, რომ ისეთივე დაცვის რეჟიმშია, როგორც მაგალითად ცალკე მდგარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ობიექტი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი