ახალი ამბები

მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია წარადგინა

1 დეკემბერი, 2020 • 1599
მთავრობამ 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია წარადგინა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2021 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია წარუდგინა. მთავრობამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.3%-მდე შეამცირა. 28 ნოემბრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგების საქმიანობის შეზღუდვისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, ხელისუფლების პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ით შემცირდება.

იმის გამო, რომ 2020 წელს მთავრობამ საგარეო ვალი აიღო, წლის ბოლოს ვალის ოდენობა მშპ-ს 60%-ს მიაღწევს.

“ვალის ეს ნაჩვენები მოსალოდნელია შენარჩუნდეს 2021 წლის ბოლომდე, რადგან ხდება ვირუსის მაღალი ტემპით გავრცელება და, შესაბამისად, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია საშუალოსთან შედარებით მაღალ ნიშნულზე”, – წერია პარლამენტისთავის გაგზავნილ პროექტში. გარდა ამისა, მთავრობა 2021 წლის განმავლობაში  საშინაო ვალის ზრდას აღარ გეგმავს და აცხადებს, რომ ფინანსური საჭიროებების დასაფინანსებლად გამოიყენებს საგარეო წყაროებიდან მოზიდულ რესურსს, ასევე, 2020 წლის ბოლოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებულ ნაშთს.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავრობა 2021 წელს გადასახადებიდან, ჯამში, 12 მილიარდამდე ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც 155 მლნ ლარით ნაკლებია 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ ვერსიაზე. მთავრობის ინფორმაციით, კლება განაპირობებულია ანტიკრიზისული გეგმის ახალი ეტაპის ფარგლებში კერძო სექტორისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით.

  • საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა დაახლოებით 3.5 მილიარდი ლარით. მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს დაახლოებით 3. 3 მილიარდ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი- 266 მლნ ლარს. მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნულ საპროგნოზო მაჩვენებელში 220 მლნ ლარის ოდენობით გათვალისწინებულია კერძო სექტორის საგადასახადო შეღავათი, კერძოდ, ის პირები, რომელთა ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს, 750 ლარზე მიიღებენ საგადასახადო შეღავათს 2021 წლის მაისის ჩათვლით;
  • მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 951 მლნ ლარით. 2020 წლის დამკტიცებულ ბიუჯეტთან შედარებით მოგების გადასახადი 111 მლნ ლარით იზრდება;
  • დაახლოებით 5.3 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს მთავრობა დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ), მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4 347.3 მლნ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი- 1 019.7 მლნ ლარს;
  • აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარით. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით აქციზის გადასახადი 257 მლნ ლარით იზრდება;
  • იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი მთავრობის პროგნოზით 2021 წელს 77 მლნ ლარი უნდა იყოს, ზრდა 7 მლნ ლარი იქნება 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით;
  •  ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 417 მლნ ლარს, მათ შორის გათვალისწინებულია ტურიზმის სექტორის საგადასახადო შეღავათი 45 მლნ ლარის ოდენობით.

2021 წლის ბიუჯეტში მიმდინარე ხარჯები მშპ-ს 25.1% იქნება. განმარტებითი ბარათის თანახმად, ხარჯები მოიცავს პენსიის ინდექსაციას, რაზეც ბუჯეტიდან 210 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. ასევე, დაგეგმილია საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასების ზრდა.

პროექტით, 2021 წელს ბიუჯეტის ასიგნაციები დაახლოებით 18.3 მილიარდი ლარი იქნება, რაც 2.4 მილიარდი ლარით მეტი იქნება 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით.

მთავრობის ინფორმაციით, 2020 წელთან შედარებით 48 მლნ ლარით გაიზარდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და დაახლოებით 5.5 მილიარდ ლარი იქნება. აქედან მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე დაახლოებით 3.8 მილიარდი ლარი დაიხარჯება. 2.6 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა პენსიებზე. ზამთარში კომუნალური გადასახადის სუბსიდირებაზე მთავრობა 60 მლნ ლარს დახარჯავს. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე დაიხარჯება დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარი, რაც 2021 წლის წინა ბიუჯეტის პროექტთან შედარებით გაზრდილია 444.6 მლნ ლარით. COVID-19-თან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის სერვისებისათვის 400 მლნ ლარი იქნება მობილიზებული 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში.

2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 551 მლნ ლარით იზრდება და, ჯამში, დაახლოებით 2.4 მილიარდ ლარს შეადგენს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა დაახლოებთ 1.8 მილიარდი ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე თითქმის 264 მლნ ლარით მეტია. 2021 წელს ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 470 მლნ ლარი იქნება. აქედან 50 მლნ ლარი საკრედიტო-საგარანტიო სქემის დაფინანსებაზე დაიხარჯება, ხოლო 35 მლნ ლარი- სამშენებლო სექტორის მხარდაჭერისთვის (2020 წელს დაწყებული პროგრამებით ვალდებულებების გათვალისწინებით). 50 მლნ ლარია გამოყოფილი კორონოვირუსის მართვასთან დაკავშირებული კარანტინის ხარჯებისათვის.

მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის პირველი ვერსია ოქტომბერში წარუდგინა. მთავრობამ პროექტის პირველადი ვერსია ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე დაგეგმა. ამას გარდა, მასში არ იყო გათვალისწინებული პანდემიის ხარჯებიც.

უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს – TI

მასალების გადაბეჭდვის წესი