ახალი ამბები

უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს – TI

27 ოქტომბერი, 2020 • 1137
უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიიჩნევს, რომ 2021 წლის ბიუჯეტის 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმვა ოპტიმისტურია და უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 2021 წლის ბიუჯეტის ანალიზში, რომელიც რეკომენდაციებსაც მოიცავს.

“პანდემიის გამწვავების, რეგიონში მიმდინარე ომის და შემცირებული უცხოური ინვესტიციების ფონზე, უმჯობესია, მთავრობამ ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის უფრო დაბალ მაჩვენებელზე დაგეგმოს.”

პარლამენტისთვის გაგზავნილ ვარიანტში კონონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები ჯერჯერობით ასახული არ არის. TI-ში მიაჩნიათ, რომ ბიუჯეტის ხარჯებში „კორონავირუსით” გამოწვეული ზიანის შემსუბუქებაზე საჭირო თანხების არასახვა ბიუჯეტს არარეალისტურს ხდის. აქედან გამომდინარე, მთავრობამ აუცილებლად უნდა ასახოს ბიუჯეტში გაზრდილი სამედიცინო ხარჯები, საკარანტინო და სხვა ღონისძიებების დაფინანსება. ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, გასული წლის მსგავსად, პარლამეტს დამტკიცებული ვერსიისგან გასხვავებული ბიუჯეტის მიღება მოუწიოს:

“ვინაიდან „კორონავირუსული” პანდემია ეკონომიკური ტენდენციების პროგნოზირებას ართულებს, არ არის გამორიცხული, დეკემბერში პარლამენტმა დღეს არსებული ვერსიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ბიუჯეტი დაამტკიცოს.”

რაც შეეხება ძირითად მიგნებებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 14.8 მლრდ ლარი იქნება, რაც 2020 წლის ბიუჯეტის შემოსულობებზე 3.7 მლრდ ლარით ნაკლებია. შემცირებას ვალი განაპირობებს. 2020 წელს მთავრობა 8 მლრდ ლარის ვალს იღებს, ხოლო 2021 წელს 3.2 მლრდ ლარის ვალს აიღებს.

მომავალ წელს ბიუჯეტის ხარჯები 1 მლრდ ლარით მცირდება. კლება პანდემიასთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებითაა გამოწვეული. TI-ის თანახმად, კლება ძირითადად ეხება სუბსიდიებს და სოციალურ პროგრამებს, რომლებიც მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული აღარ იქნება.

99 მლნ ლარით მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და, ჯამში, 3 მლრდ ლარამდე იქნება. კლებას პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო საქონლის და მომსახურების შესყიდვის შემცირება განაპირობებს. თუმცა, 2019 წელთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯები 210 მლნ ლარით მეტი იქნება.

საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობა 429 ადამიანით იზრდება და 112 643-ს მიაღწევს. აქედან 227 ადამიანი ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის მართვას ემატება. 110-ით იზრდება ეკონომიკის სამინისტროში, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვაში დასაქმებულთა რაოდენობა. 82-ით იზრდება პოლიციელთა რაოდენობა”, – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პროექტის ანალიზში.

მომავალ წელს პენსიის ინდექსაციით ზრდა ბიუჯეტის ხარჯებს 370 მლნ ლარით გაზრდის. 2021 წლის პირველი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 20 ლარით გაიზრდება და 240 ლარი გახდება, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონრების პენსია 25 ლარით გაიზრდება და 275 ლარი იქნება.

2021 წელს ყველაზე მეტად 4 სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 601 მლნ ლარით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს – 199 მლნ ლარით, თავდაცვის სამინისტროს – 95 მლნ ლარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს – 30 მლნ ლარით.

TI-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად სამი სამინისტროს ბიუჯეტი მცირდება: ჯანდაცვის სამინისტროს – 663 მლნ ლარით, ეკონომიკის სამინისტროს – 466 მლნ ლარით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 61 მლნ ლარით. სამივე სამინისტროს შემთხევაში კლების მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული პროგრამების დასრულებაა. მომავალ წელს მხოლოდ კომუნალური გადასახადების დაფარვის პროგრამის გაგრძელებაა დაგეგმილი იანვარ-თებერვალში.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსება 42 მლნ ლარით მცირდება და მისთვის 760 მლნ ლარია გამოყოფილი, მაშინ, როდესაც წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან უკვე არის დახარჯული 795 მლნ ლარი და წლის ბოლომდე 900 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.

TI-ში მიაჩნიათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე არასაკმარისი თანხაა გამოყოფილი. ამიტომ მთავრობას რეკომენდაციით მიმართვენ, სამინისტრომ ან მნიშვნელოვნად გაზარდოს 2021 წლისთვის გამოყოფილი თანხა, ან უწყებას სამედიცინო მომსახურების დაფინანსების  შეზღუდვა მოუწევს.

2021 წელს მთავრობა 3.2 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, მაგრამ, ამავე დროს, 2.6 მლრდ ლარით ადრე აღებულ ვალს დაფარავს. 2021 წლის ბოლოს ვალი 30.5 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც პროგნოზირებული მშპ-ის 56% იქნება და დაშვებულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს მიუახლოვდება.

“მისასალმებელია, რომ მთავრობა წელს მოზიდული საგარეო დახმარებების ნაწილით არსებული საგარეო ვალის დაფარვას გეგმავს. მომავალში ეს ვალის მომსახურების ტვირთს შეამცირებს. შესაბამისად, ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე ეს მიდგომა არ უნდა შეიცვალოს და დამატებითი ხარჯების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, რესურსი მიმდინარე და მომავალი წლის ბუჯეტებში ეკონომიით უნდა გამოინახოს”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი