ახალი ამბები

დაცვის მხარემ ექსპერტიზის დასკვნა გიგი უგულავას ძმას შეადგენინა – პროკურორი

30 ნოემბერი, 2020 • 1126
დაცვის მხარემ ექსპერტიზის დასკვნა გიგი უგულავას ძმას შეადგენინა – პროკურორი

დავითგარეჯასთან დაკავშირებით დაკავებული კარტოგრაფების საქმეზე, დღეს, 30 ნოემბერს, დაცვის მხარემ სასამართლოზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.

აღნიშულ დასკვნაზე საუბრისას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, რომ ექსპერტი, რომელსაც ეს დასკვნა ეკუთვნის, გიგი უგულავას ძმა ირაკლი უგულავაა. თუმცა, მისივე თქმით, ეს მხოლოდ “ინფორმაციისთვის” თქვა.

“თითქოსდა ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვის მხარემ წარმოადგინა, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პირის მიერ შედგენილი. არც შინაარსობრივად, არც ყველა რეკვიზიტით, ეს ექსპერტიზის დასკვნა არ არის და ვერც იქნება. ეს კვაზი ექსპერტიზის დასკვნა ბრალდებულებმა შეადგენინეს გიგი უგულავას ძმას”, – განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, შინაარსობრივად აღნიშნული დასკვნა უნდა ყოფილიყო კარტოგრაფიული, რომელიც ამ დარგის სპეციალისტს უნდა შეედგინა და არა გეოგრაფს.

ბრალდებულ ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განმარტებით, აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ის რუკები, რომლის დამალვასაც პროკურატურა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს ედავება, “უვარგისია”.

“დამოუკიდებელმა ექსპერტმა შეადარა უცნობი გეოგრაფიულო წერტილები, რომლებიც დატანილია ამ 200 000-იან რუკებზე, დადგინდა, რომ აცდენა რეალობასა და ამ რუკებზე დატანილ წერტილებს შორის არის ასობით მეტრი”, – განაცხადა მარიკაშვილმა.

ამასთან, მარიკაშვილის თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტი არის გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი ირაკლი უგულავა, თუმცა არის თუ არა გიგი უგულავას ძმა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“მას [ირაკლი უგულავას] აქვს 21-წლიანი მუშაობის სტაჟი და მთავარია, რომ ამ დასკვანში ის წერია, რაც პროკურატურას არ აწყობს და ის, რომ პროკურატურამ ეს დასკვნა მნიშვნელოვნად არ მიიჩნია, ამაში გასაკვირი არაფერია. ამ დასკვნებს ჩვენ არსებით სხდომაზეც წარვადგენთ. ძალიან ბერი ექსპერტი, რომლებიც პროკურატურას თვითონაც ჰყავს ჩართული, არ არის პროფესიით კარტოგრაფი. აქ მთავარია შესაბამისი დოკუმენტების ცოდნა”, – განაცხადა მარიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ფოტოზე: პროკურორი მიხეილ სადრაძე

სასამართლომ მელაშვილი და ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი