ახალი ამბები

ბოკოვს ბრალი დაუმძიმდა, გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

27 ნოემბერი, 2020 • 1413
ბოკოვს ბრალი დაუმძიმდა, გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით – ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა.

სუს-ის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენის და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი სინამდვილეში არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე — მაგომედ გუციევი, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. იგი სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას.

სუს-ის ინფორმაციით, 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება), 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა), 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული ქმედებებისათვის. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება.


15 ივნისს “ფორმულამ”, შემდეგ კი “მთავარმა არხმა” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

ეს ინფორმაცია იმავე დღეს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა “მთავარი არხის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამია ამტკიცებს, რომ მისი ინფორმაციით, ამ გეგმის შესახებ თავდაპირველად უკრაინულმა სპეცსამსახურებმა შეიტყვეს და ქართულ მხარეს შეატყობინეს. გვარამიას თქმით, ინფორმაცია გაბუნიას მკვლელობის გეგმის შესახებ სუს-იდან აქვს. ის წყაროს არ ასახელებს.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით თქვეს, რომ მკვლელეობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო.

ბოკოვის საქმეზე ვრცლად წაიკითხეთ აქ:

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი