ნეტგაზეთი | მელაშვილის და ილიჩოვას საქმესთან დაკავშირებით საგარეოსთან აქცია გაიმართება მელაშვილის და ილიჩოვას საქმესთან დაკავშირებით საგარეოსთან აქცია გაიმართება – Netgazeti
RU | GE  

მელაშვილის და ილიჩოვას საქმესთან დაკავშირებით საგარეოსთან აქცია გაიმართება

ე.წ. კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით ხვალ, 27 ნოემბერს, 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აქციას თავადაც უერთდება.

ხოშტარიას თქმით, აქცია დაცვის მხარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ინფორმაციის დამალვას უკავშირდება. გუშინ ივერი მელაშვილის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო თითქმის ერთი თვეა არ პასუხობს მის წერილს, რომელიც საქმესთან შემხებლობაში მყოფი მასალების გამოთხოვას ეხებოდა:

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს ივერის და ნატალიას ადვოკატებს წერილზე, იმიტომ, რომ პასუხი ოცნებას არ აწყობს….

Posted by Helen Khoshtaria on Thursday, 26 November 2020

რაც შეეხება თავად წერილს, რომელზე პასუხიც ადვოკატს ამ დრომდე არ მიუღია –  საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს შორის 2016 წლის მიმოწერაზე. ედუარდ მარიკაშვილის თქმით, 2016 წელს სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი იკვლევდა დემარკაცია/დელიმიტაციის კომისიის საქმიანობის იმ ეპიზოდს, რომელზეც ამჟამად მელაშვილი და ილიჩოვა არიან ბრალდებულები:

“ვითხოვ 2016 წელს კონტრდაზვერვასთან მიმოწერას, რომელიც უკავშირდება კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამოძიებას ან მოკვლევას ამავე საქმეზე. კონტრდაზვერვაში რომ ეს საქმე შეისწავლეს და ვერაფერი ვერ ნახეს, ფაქტია, იმიტომ, რომ მას შემდეგ 5 წელია გასული. ეს ინფორმაცია გვაქვს და ამის გადამოწმებას ვცდილობთ და არ გვაძლევენ”, – ამბობს მარიკაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნულ მიმოწერას საჯარო ინფორმაციის სახით არ ითხოვს და უწყებას მიმართა როგორც ადვოკატმა.  შესაბამისად, კანონმდებლობა სამინიტროს ვადებს არ უსაზღვრავს. მიუხედავად ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ წერილი 6 ნოემბერს გაგზავნა, რის შემდეგაც უწყებასთან კომუნიკაცია ჰქონდა და იცის, რომ პასუხი სამინისტრომ მალევე მოამზადა, თუმცა ამ დრომდე არ გამოუგზავნია.

მარიკაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რათა დაცვის მხარეს სასამართლოში წარსადგენად ნაკლები მტკიცებულება ჰქონდეს:

“ეს გამიზნულია იმიტომ, რომ ნაკლები ხელჩასაჭიდი გვქონდეს სასამართლოში სამტკიცებლად, რომ ეს დოკუმენტები ნამდვილად არსებობს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია, გვჭირდება უფრო მეტი, რომ სასამართლომ დაავალოს მათ ამ ინფორმაციის გაცემა. ამიტომ, ისინი გვაფერხებენ, რომ სასამართლოში შეგვექმნას პრობლემა, თუმცა სხვა გზებითაც ვცდილობთ გარკვეული ინფორმაციების მოძიებას, რაც ვფიქრობ, შეიძლება გახდეს საკმარისი, რომ სასამართლომ დაავალდებულოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ინფორმაციის გაცემა” ,- ამბობს მარიკაშვილი.

მისი ინფორმაციით, მოკვლევა, რომლის შესახებაც საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაციას ითხოვს, უშედეგოდ დასრულდა და მათ ვერაფერი იპოვეს მელაშვილისა და ილიჩოვას წინააღმდეგ, რადგანაც, მისი თქმით, ამის შემდეგ 5 წელი გავიდა და საწინააღმდეგო შემთხვევაში, სუსი 5 წელიწადი არ დაიცდიდა ადამიანების პასუხისგებაში მისაცემად.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე საარქივო მასალებს ეხება, შესაბამისად, მოცემულ მოთხოვნაზე მიმდინარეობდა ხანგრძლივი მუშაობა. უწყებაში ამბობენ, რომ მარიკაშვილს კანონით დადგენილ დროში გაეცემა წარდგენილ მოთხოვნაზე პასუხი.


სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილი უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების საქმეზე” დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას, მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებების მიღება.

პროკურატურის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის 2007 წლის ჩათვლით პერიოდში შეთანხმებული საზღვრის რიგი მონაკვეთები არ შეესაბამება 1937-1938 წლებში გამოცემულ 1:200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკებზე დატანილ საქართველოს საზღვრის ხაზს, სხვაობა საქართველოს საზიანოდ შეადგენს 3500-მდე ჰა ფართობს და შესაბამისად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

კარტოგრაფების საქმეს არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ და საუბრობენ პოპულისტურ განცხადებებსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე მმართველი გუნდისა და სახელმწიფოს მხრიდან. მათი განცხადებით, ეს გარემოებები, რასაც წინასაარჩევნო კონტექსტიც ემატება, ბადებს ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

ბრალდებას არცერთი კარტოგრაფი აღიარებს: ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა, რომლის გამოუყენებლობასაც გამოძიება კომისიის წევრებს ედავება, მხარეებს საზღვრის დადგენის შესახებ 1938 წლის შეთანხმების ნაცვლად 1929 წლის შეთანხმებასთან აბრუნებს, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის. ივერი მელაშვილი კი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე დილეტანტურ მიდგომებს ემყარება და მათ არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.