ახალი ამბები

მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას – გახარია ახალ შეზღუდვებზე

26 ნოემბერი, 2020 • 614
მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას – გახარია ახალ შეზღუდვებზე

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 28 დეკემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები გამკაცრდება. ამ პერიოდში, სხვადასხვა დროს, არ იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და სხვა.

ამ პერიოდში არ იზღუდება ისეთი ეკონომიკური საქმიანობა, როგორიცაა:

  1. სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობა
  2. საბანკო და საფინანსო საქმიანობა
  3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობა
  4. დელივერსა და გატანის სერვისები
  5. სილამაზის სალონებისა და  ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობა
  6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისები
  7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისები
  8. აგრარული ბაზრობის მუშაობა და სხვა.

“ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ 2 თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი”,  – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერის გათვლით, ახალ შეზღუდვები, იმ 5%-იანი ეკონომიკური ვარდნის პროგნოზის გარდა, რომელიც მთავრობას აქვს, დამატებით მხოლოდ 0.7-0,8%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევს.

“რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არშემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება ბევრად მეტი ეკონომიკური ფასი. დღეს ამ შეზღუდვების ფასს ჩვენ ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება დაახლოებით 0,7-0,8% დამატებით იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, რომელსაც ჩვენ ისედაც დღეს ვუყურებთ. აქ არ არის კრიტიკულ რიცხვებზე საუბარი, ყველაფერი არის აღსრულების ნაწილზე დამოკიდებული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას გასცემს ყველა კომპანიაზე, რომ შეძლებისდაგვარად, თანამშრომლები მაქიმალურად გადაიყვანონ დისტანციურ შრომაზე. საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში ასევე დისტანციურად იმუშავებს.

 

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

მასალების გადაბეჭდვის წესი