ახალი ამბები

კორონავირუსით 10 ათასი გარდაიცვლება საქართველოში 1 მარტამდე შეზღუდვების გარეშე-IHME

25 ნოემბერი, 2020 • 1877
კორონავირუსით 10 ათასი გარდაიცვლება  საქართველოში 1 მარტამდე შეზღუდვების გარეშე-IHME

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ეყრდნობა სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირებას, რომელიც ვირუსის გავრცელების შესაძლო პროექციებს იკვლევს. იგივე დაადასტურა ლუგარის კვლევითი ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემაც.

ეპიდემიოლოგების განცხადებით, საჭიროა დამატებითი რეგულაციების შემოღება, რათა შეკავდეს ვირუსის გავრცელება საქართველოში. მათი თქმით, კონკრეტული შეზღუდვების შესახებ ხვალიდან გახდება ცნობილი.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, კონკრეტულად რას პროგნოზირებს IHME-ს მოდელირებები საქართველოსთან დაკავშირებით.

რა არის IHME-ს კორონავირუსის მოდელირება

ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის ახალი კორონავირუსის პროექცია არის საჯარო წვდომის მოდელირება, რომლის ნახვაც ინსტიტუტის ვებ-გვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. პროექტი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენებს ვირუსის გავრცელების, გარდაცვალებათა, ინფიცირებულთა და შესაძლო ინფიცირებულთა მოსალოდნელ მაჩვენებლებს. გარდა ამისა, ითვლის მოვლენათა განვითარებას სამი სხვადასხვა სცენარის პირობებში. მათ შორის:

  1. ამჟამინდელი პროექციის სცენარი, რომლის დროსაც ივარაუდება, რომ სოციალური დისტანცირების რეგულაციები განაგრძობს შემცირებას, თუმცა ხელახლა იქნება შემოღებული ექვსი კვირის განმავლობაში, თუ დღიური გარდაცვალებათა ზღვარი მიაღწევს 8-ს ყოველ მილიონ ადამიანზე;
  2. შეზღუდვების გამარტივების სცენარი, რომლის მიხედვითაც, შეზღუდვები გამარტივდება და აღარ დაბრუნდება არცერთ შემთხვევაში;
  3. ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარი, რომლის დროსაც ივარაუდება, რომ მოსახლეობის მიერ ნიღბების გამოყენება ფართოდ და ეფექტიანად დაინერგება, მიაღწევს 95%-ს მომდევნო შვიდ დღეში, სოციალური დისტანცირების მოთხოვნები განაგრძობს გამარტივებას, თუმცა თავიდან დაწესდება მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, თუ დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი მიაღწევს 8 გარდაცვლილს ყოველ მილიონ მოსახლეზე.

ამჟამინდელი პროექციის სცენარის გამოყენების დროს, IHME-ს მოდელირების მიხედვით, 2021 წლის პირველ მარტამდე მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონ 757 ათას 830 ადამიანი იქნება გარდაცვლილი, შეზღუდვების გამარტივების სცენარის შემთხვევაში – საშუალოდ 3 მილიონ 704 ათას 485.51 ადამიანი, ხოლო საყოველთაო ნიღბების გამოყენების სცენარის დროს, 2 მილიონ 260 ათას  814.35 ადამიანი. როგორც პროექციიდან ირკვევა, შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში, დაახლოებით 946 655 ადამიანით მეტი გარდაიცვლება, ვიდრე ამჟამინდელი პროექციის შემთხვევაში, ხოლო ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარის დროს, დამატებით 497 016 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი, ვიდრე ეს ამჟამინდელი პროექციის სცენარის დროსაა შესაძლებელი.

მოდელირების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევების პიკი, შეზღუდვების გამარტივებისა და ამჟამინდელი პროექციის სცენარების დროს, იანვრის ბოლოს გვექნება, ნიღბების საყოველთაო ტარების შემთხვევაში კი ვირუსის გავრცელება შემცირდება და დღიური შემთხვევები კლებას დაიწყებს.

საქართველო IHME-ს მოდელირებაში

ამ მოდელირების მიხედვით, ამჟამინდელი პროექციის სცენარის შემთხვევაში 2021 წლის პირველი მარტისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით საშუალოდ, საბოლოო ჯამში, 3702 გარდაცვალება (ამ დროისთვის 1085 ადამიანია გარდაცვლილი) დაფიქსირდება. შეზღუდვების გამარტივების სცენარის შემთხვევაში ეს რიცხვი 9779-ია, ხოლო ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარის დროს – 2829.

IHME-ს მოდელირების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ნიღბების ტარების მაჩვენებელი 95% იქნება (ამჟამად ამავე მოდელირებით მხოლოდ 58%-ია), ხოლო, ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში იქნება ან დაბრუნდება შეზღუდვები, 2021 წლის მარტისთვის ამჟამინდელი პროექციის სცენართან შედარებით, დამატებით შესაძლებელი იქნება დაახლოებით 873 სიცოცხლის გადარჩენა.

ამავე მოდელირების მიხედვით, შეზღუდვების გამარტივების სცენარის დროს, საქართველოში 2021 წლის იანვრის შუა რიცხვებში დღიურად დაიღუპება საშუალოდ 125-130 ადამიანი. ამ სცენარის მიხედვით, სწორედ ეს პერიოდი იქნება საქართველოში გარდაცვალების შემთხვევათა პიკი.

სურათზე ნაჩვენებია დღიური გარდაცვალების პროექცია 17 იანვრისთვის. შეზღუდვების გამარტივების სცენარით, 17 იანვარს კოვიდისგან გარდაცვლილთა რიცხვი 127 იქნება, ამჟამინდელი პროექციის სცენარით- 19, ხოლო ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარით – 8.

ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარის დროს მსგავსი პიკი ამა წლის დეკემბრის პირველი 10 დღის განმავლობაში დადგება და მაქსიმალურ მონაცემს – ერთი დღის განმავლობაში 56.92 გარდაცვლილს- 9 დეკემბერს მიაღწევს. ამჟამინდელი პროექციის სცენარის შემთხვევაშიც, პიკი 9 დეკემბერს დგება – დღეში 65.79 გარდაცვლილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შემთხვევაში ჯერ სრულად არ ამოქმედებულა ამჟამინდელი პროექციის სცენარით გათვალისწინებული დათქმა. აღნიშნული სცენარი მილიონ მოსახლეზე 8 გარდაცვალების დაფიქსირების შემთხვევაში ითვალისწინებს შეზღუდვების შემოტანას, მათ შორის დიდი შეკრებების აკრძალვას, მითითებას სახლში დარჩენისკენ, ყველა სახის ბიზნეს-საქმიანობის შეზღუდვას, გარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი ბიზნესისა, და საგანმანათლებლო დაწესებულებების დაკეტვას. ამჟამინდელი მონაცემების მიხედვით, ბოლო 7 დღის განმავლობაში საქართველოში ყოველ 100 000 სულ მოსახლეზე ფიქსირდება გარდაცვალების 1 შემთხვევა, რაც მილიონ მოსახლეზე 10-ს უდრის.

ზემოხსენებული სცენარის მიხედვით, ახალი შეზღუდვები, რომელიც 6 კვირის მანძილზე გაგრძელდება, მილიონ მოსახლეზე 8 გარდაცვალების დროს უნდა დაწესდეს.  საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების შესახებ მოსახლეობას ხვალ, 26 ნოემბერს ეცნობება.

IHME-ს მოდელირების მიხედვით, რეგულაციების გამარტივების სცენარის შემთხვევაში, დღიური სავარაუდო ინფიცირების მაჩვენებელი პიკს 25 დეკემბერს მიაღწევს და იქნება დღეში 23 647 ადამიანი.

სურათზე ნაჩვენებია დღიური შემთხვევების პროექცია 25 დეკემბრისთვის. შეზღუდვების გამარტივების სცენარით, 25 დეკემბერს კოვიდინფიცირების დღიური რიცხვი 23 647 იქნება, ამჟამინდელი პროექციის სცენარით -3869, ხოლო ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარით – 1739.

შეგახსენებთ, რომ სავარაუდო ინფიცირება არ გულისხმობს დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებს. იმნაძისა და გამყრელიძის თქმით, მიუხედავად, იმისა, რომ დღეში საშუალოდ 3 000-დან 4000-მდე დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, რეალური დაინფიცირების მაჩვენებელი გაცილებით მეტია და შესაძლოა 10 000 იყოს. IHME-ს მოდელირების თანახმად, 25 ნოემბერს საქართველოში 8400 ადამიანი დაინფიცირდა და არა 3071, რაც ტესტირებამ ოფიციალურად გამოავლინა.

სურათზე ნაჩვენებია დღიური შემთხვევების ზრდის დინამიკის პროექცია სამივე სცენარისთვის. შეზღუდვების გამარტივების სცენარი წითლადაა მონიშნული, ამჟამინდელი პროექციის სცენარი- ყავისფრად, ხოლო ნიღბების საყოველთაო გამოყენების სცენარი – მწვანედ.

ნახეთ ვრცლად აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი