ახალი ამბები

ქვეყანაში მხოლოდ ერთი ვაქცინა არ იქნება – ამირან გამყრელიძე

28 დეკემბერი, 2020 • 1351
ქვეყანაში მხოლოდ ერთი ვაქცინა არ იქნება – ამირან გამყრელიძე

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში  “ვაქცინაციის დროს, სავარაუდოდ, ერთი ვაქცინა არ იქნება”, ხოლო ვაქცინების ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის საქართველოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა გააჩნია.

“covax-ის პლატფორმაზე, სადაც ჩვენ გვაქვს ფული გადახდილი, იქნება 5-6 ვაქცინა. ჩვენ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. მეორე გზაა ბილატერალური [ორმხრივი] მოლაპარაკებები ევროპის ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე მიიღეს Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები. ასევე, მალე მიიღებენ AstraZeneca-ს ვაქცინასაც. შესაძლოა, ევროკავშირის ქვეყნებიდან გარკვეული რაოდენობა covax-მდე მივიღოთ. მესამე – მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ჩინეთთან, რომელსაც აქვს ორი ვაქცინა წარდგენილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებისას “, დიდი ალბათობით, არ იქნება მხოლოდ ერთი აქცინა”.

მისივე განცხადებით, პირველ რიგში აიცრებიან სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები და მოხუცთა თავშესაფრებში მცხოვრები პირები.

“ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, შემდეგ, 65 წელს ზემოთ მყოფი პირები, შემდეგ, 55 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები, თანმხლები დაავადებების მქონე პირები და ასე შემდეგ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში არსებობს ყველა ტიპის ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ვაქცინის ტრანსპორტირება და შენახვა შესაძლებელი იყოს.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის დაიწყება საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.


მსოფლიოში კორონავირუსზე ვაქცინაცია უკვე დაიწყო, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ლათინური ამერიკის სახელმწიფოებში და რუსეთში.

ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი