ახალი ამბები

ესპანეთი შექმნის იმ პირთა სიას, რომლებიც უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე | Covid 19

29 დეკემბერი, 2020 • 1627
ესპანეთი შექმნის იმ პირთა სიას, რომლებიც უარს აცხადებენ ვაქცინაციაზე | Covid 19

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა აპირებს შექმნას სპეციალური მონაცემთა ბაზა, სადაც შევა ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომლებიც უარს აცხადებენ კორონავირუსის ვაქცინის მიღებაზე. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

ვირუსის გავრცელების მართვის მიზნით, შესაძლოა, შესაძლოა, სია გააზიარონ ევროპის ქვეყნებს შორის. ამ დრომდე ოფიციალურ ბრიუსელს ესპანეთის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაიწყეს Pfizer-ისა და BioNtech-ის ვაქცინის გამოყენება, ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ “შექმნილი ბაზა არ იქნება საჯარო და დაცული იქნება პირადი მონაცემების გაუვრცელებლობის სტანდარტი. ბაზა მოიცავს იმ პირებს, რომელთაც შესთავაზეს ვაქცინაცია, თუმცა აცრის ჩატარებაზე უარი განაცხადეს”.

ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კვირას, 27 დეკემბერს დაიწყო. ვაქცინის პირველი დოზა მოხუცთა თავშესაფრის 96 წლის ბენეფიციარ ქალს გაუკეთდა. მან ვაქცინაციაში მონაწილეობა მოხალისეობრივად მიიღო.

ესპანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, დეკემბრის დასაწყისში მოსახლეობის 40.5% აპირებდა აცრის ჩატარებას, ხოლო 16 %-ს მიაჩნდა, რომ აიცრებოდნენ, თუ ვაქცინა სანდო იქნებოდა.

ესპანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომლებზეც მძიმედ აისახა ვირუსის გავრცელება. ამ დრომდე გარდაიცვალა ესპანეთის 50 000-ზე მეტი მოქალაქე, ხოლო ვირუსი დაუდასტურდა 1.9 მილიონ ადამიანს.

მასალების გადაბეჭდვის წესი